ახალი ამბები

ზურაბიშვილი: აშშ-ის და საქართველოს ურთიერთობები იმდენად გადაჯაჭვულია, რომ ეს ასე დარჩება

9 ნოემბერი, 2016 • 1273
ზურაბიშვილი: აშშ-ის და საქართველოს ურთიერთობები იმდენად გადაჯაჭვულია, რომ ეს ასე დარჩება

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა აშშ-ის და საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ორი ქვეყნის ურთიერთობა სტრატეგიულად ერთმანეთზეა გადაჯაჭვული:

“ჰილარი კლინტონი გამოცდილი პოლიტიკოსია საგარეო პოლიტიკაში და უფრო პროგნოზირებადი, ტრამპი არის სრულიად ახალი ადამიანი პოლიტიკაში, პოლიტიკური ცხოვრების არანაირი გამოცდილება არ აქვს. ბუნებრივია, ეს ძალიან ბევრისთვის კითხვის ნიშანს ბადებს, თუმცა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა ისეთ სტადიაშია შესული და იმდენად გადაჯაჭვულია საერთო სტრატეგიული ინტერესები, რომ ეს ურთიერთობები ასე დარჩება. რამდენად მოვახერხებთ, ურთიერთობის ხარისხი და ინტენსივობა გავზარდოთ, ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული. საერთოდ ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კონგრესის როლს აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში. მნიშვნელოვანია, ვინ იქნება სახელმწიფო მდივანი, საგარეო უწყება ვის ჩაბარდება. არ ველი, რომ განსაკუთრებული ცვლილება იქნება რუსეთისკენ გადახრილი”,- ამბობს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ აქტიური დიპლომატიური ურთიერთობები აწარმოოს და მუდმივად შეახსენოს თავი აშშ-ს:

“ძალიან ბევრი იქნება სამუშაო. მნიშვნელოვანია ურთიერთობების ინტენსივობა, არ არსებობს რეგიონი, სადაც ამერიკას თავის ინტერესები არ აქვს. საქართველო არ არის ამ მხრივ მოწინავე ადგილზე, არის ქვეყნები, სადაც მეტი ინტერესი აქვს, ჩვენ კი ვართ სტრატეგიული მოკავშირეები, მაგრამ ხშირად უნდა შევახსენოთ თავი. უნდა გვქონდეს მუდმივი ურთიერთობები, როგორც ოფიციალურ პირებთან, ასევე მნიშვნელოვანია ინტენსიური მუშაობა ე.წ. თანაშემწე-სტაფერებთან. ძალიან ხშირად ამ ოფიციალურ პირებს, ქვედა და საშუალო რგოლის დონეზე მომზადებული მასალების საფუძველზე, ექმნებათ წარმოდგენა და დასკვნები გამოაქვთ. ჩვენ მუდმივად უნდა ვაყენებდეთ ოკუპაციის საკითხს საერთაშორისო ასპარეზზე, რომ მივიპყროთ ყურადღება”,- ამბობს ზურაბიშვილი.

17:30 საათის მონაცემებით, დონალდ ტრამპს 279 ხმა აქვს, ხოლო “დემოკრატების” კანდიდატს ჰილარი კლინტონს – 218 ხმა. არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა 270 ხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი