ახალი ამბები

კაპანაძე: აშშ-სა და რუსეთს შორის საუბარში საქართველო მთავარი თემა უნდა გახდეს

9 ნოემბერი, 2016 • 1273
კაპანაძე: აშშ-სა და რუსეთს შორის საუბარში საქართველო მთავარი თემა უნდა გახდეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგი კაპანაძე, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი იქნება, მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როცა აშშ-ის ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, რომელიც 8 წელია არ ყოფილა ამ პოზიციაზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, დიპლომატიურ დონეზე გააქტიურდეს:

“როცა ხელისუფლება იცვლება, აქ ტრამპში არაა საქმე, ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც 8 წელია არ ყოფილა ხელისუფლებაში, ახალი კონტაქტები, ახალი ურთიერთბებია დასამყარებელი, რადგან ეს ცვლის გარემოს, მაღალი დონის ექსპერტიზა და სპეციალისტები სჭირდება საქართველოს”,- ამბობს კაპანაძე.

მისივე თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის საუბარში საქართველოს საკითხი ერთ-ერთი მთავარი თემა უნდა იყოს.

“ამას სჭირდება მაღალი დონის ურთიერთობები და დიპლომატია, რაც არ გვაქვს. ამ  მომენტამდე ჩვენი ელჩი აშშ-ში, რბილად რომ ვთქვათ, სუსტი იყო. თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები უნდა დაწყებულიყო და არ დაწყებულა, 4 წელია ზუსტად იქ ვართ, სადაც ვიყავით 2012 წელს ვიყავით. მაშინ პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუ აშშ-სა და საქართველოს შორის დაიწყებოდა მაღალი დონის დიალოგი თავისუფალ ვაჭრობაზე და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს წინ”, – ამბობს კაპანაძე.

კაპანაძის შეფასებით, ჰილარი კლინტონიც და დონალდ ტრამპიც საქართველოს კარგად იცნობენ, ორივე ნამყოფია ქვეყანაში, თუმცა, ვინაიდან დონალდ ტრამპს საგარეო პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, ძნელი სათქმელია, როგორი იქნება მისი საგარეო კურსი.

[13:44] საათის მონაცემებით, დონალდ ტრამპს 276 ხმა აქვს, ხოლო “დემოკრატების” კანდიდატს ჰილარი კლინტონს- 218 ხმა. არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა 270 ხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი