ახალი ამბები

ბათუ ქუთელია: აშშ-თან პარტნიორობაში რადიკალურ ცვლილებას არ ველოდები

9 ნოემბერი, 2016 • 1863
ბათუ ქუთელია: აშშ-თან პარტნიორობაში რადიკალურ ცვლილებას არ ველოდები

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი, ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ ურთიერთობაში რადიკალურ ცვლილებებს არ ელოდება იმის მიუხედავად, თუ ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი.

“ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა მეოთხედი საუკუნეა ძალიან ინტენსიურად და მუდმივი აღმავლობით ვითარდება, მიუხედავად ადმინისტრაციების ცვლილებისა თეთრ სახლში. შესაბამისად, ამ მიმართულებით რაიმე რადიკალურ, პრინციპულ ცვლილებებს არ ველოდები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში.”

თუმცა, ქუთელიას აზრით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული, რა ტემპით და ხარისხით გაგრძელდება ეს ურთიერთობა:

“ეს დამოკიდებულია კონკრეტული კანდიდატების ხედვაზე, საგარეო პოლიტიკაზე რეგიონთან მიმართებაში, ასევე რუსეთთან მიმართებაში, და თანამშრომლობის ხარისხი ასევე დამოკიდებულია ჩვენი მთავრობის აქტიურ და სწორ მუშაობაზე იმ ადმინსიტრაციასთან, რომელიც თეთრ სახლს დაიკავებს. ჩვენი პრიორიტეტია, ეს სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდეს. ამისთვის აუცილებელია, ჩვენი საგარეო პრიორიტეტების და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების სინქრონიზაცია მოხდეს და ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით  ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა უსაფრთხოება, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, დარჩეს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში.”

ბათუ ქუთელიას თქმით, რთულია პროგნოზირება, თუ როგორი იქნება ამერიკის საგარეო პოლიტიკა. მისივე აზრით, აშშ-ში ინსტიტუტების როლი მნიშვნელოვანია, თუმცა პრეზიდენტის ძალაუფლება საკმაოდ ძლიერია და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გადაჯგუფდება იმ ადმინისტრაციის მიხედვით, რომელიც თეთრ სახლს დაიკავებს:

“პრეზიდენტობის კანდიდატების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები რა იქნება, ზოგადად ცნობილია, მაგრამ  იმდენად ახალი მოვლენა არის ტრამპის კანდიდატობა და პრეზიდენტობა, კონკრეტულად როგორ აისახება რეალობაში ეს პრიორიტეტი, წინასწარ ძნელია დასკვნის გაკეთება. რაც უნდა დასკვნა გავაკეთოთ, სწორი არ იქნება, რადგან წინა გამოცდილებას არ ეფუძნება.  ეს საკმაოდ უცნაური არჩევნებია, თავისი წინა საარჩევნო პროცესიდანაც გამომდინარე, ამერიკელი ხალხისთვის და ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის.

ჰილარი კლინტონის საგარეო პოლიტიკა მეტ-ნაკლებად ცნობილია, მისი საგარეო პოლიტიკური გუნდი ცნობილია და ეს ეფუძნება იმ საერთაშორისო ინსტიტუტების გაძლიერებას, რომელშიც ამერიკის როლი ძალიან ძლიერია, მაგალითად, ეს არის ნატო და კოლექტიურ უსაფრთხოებაზე დაფუძენბული სისტემები.”

ქუთელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რა პოზიციას დაიკავებს ამერიკის ახალი პრეზიდენტი რუსეთთან დაკავშირებით:

“კანდიდატების ხედვები ცნობილია, დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ როდესაც ახალი ადმინისტრაცია  იკავებს თეთრ სახლს, ექვსიდან ცხრა თვემდე სჭირდება ახალ ადმინისტრაციას, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ისე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ”

ამ დროისთვის (თბილისის დროით 11:25 სთ) აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს “რესპუბლიკელების” კანდიდატი დონალდ ტრამპი. მას 264 ხმა აქვს, ხოლო “დემოკრატების” კანდიდატს ჰილარი კლინტონს 215 ხმა აქვს. არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა 270 ხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი