ახალი ამბები

როგორ გაუწევს მონიტორინგს კომუნიკაციების კომისია ტელევიზიებს

15 აგვისტო, 2012 •
როგორ გაუწევს მონიტორინგს კომუნიკაციების კომისია ტელევიზიებს

კომუნიკაციების კომისიამ დღევანდელ სხდომაზე, რომელზეც საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესი დამტკიცდა, საიას მიერ წარდგენილი 6 რეკომენდაციიდან მხოლოდ ერთი გაითვალისწინა.

 

GNCC-ის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, მონიტორინგს ექვემდებარება ახალი ამბები; საუკეთესო დროს (19.00 საათიდან 24.00 საათამდე) გადაცემული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და წინასაარჩევნო დებატები; წინასაარჩევნო აგიტაცია და წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამა.

 

“მიგვაჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნულ საკითხებზე მონიტორინგის ჩატარება სრულყოფილად ვერ ასახავს წინასაარჩევნო საკითხებს და აუცილებელია მედიამონიტორინგი შეეხოს ყველა გადაცემასა და სიუჟეტს, რომელშიც გაშუქდება საარჩევნო სუბიექტი და მისი ოჯახის წევრი, მათი სამსახურებრივი და ოჯახური ცხოვრების დეტალები”, – განაცხადა საია-ს სამართლებრივი დაცვის ცენტრის წარმომადგენელმა ნათია კაპანაძემ კომუნიკაციების კომისიაში გამართული სხდომის დროს.

 

კომისიის წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს საია-ს წარმომადგენლის აღნიშნული რეკომენდაცია იმ მოტივით, რომ შეუძლებელია გასართობ შოუში მიწვეული სტუმრების მიმართ ბალანსის დაცვა. ასევე, კომისიის ყველა წევრი შეთანხმდა იმაზე, რომ ხალხის გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური თოქ–შოუები და ახალი ამბები გასართობ გადაცემებზე მეტად მოქმედებს.

 

თუმცა საწინააღმდეგო შედეგს აჩვენებს თავად კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით გასულ წელს გამოქვეყნებული კვლევა ტელესამაუწყებლო პრიორიტეტების შესახებ. კვლევაში აღნიშნულია, რომ არსებული სატელევიზიო გადაცემებიდან  საქართველოში მაყურებელი უპირატესობას გასართობი ტიპის გადაცემებს ანიჭებს.

 

საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად საარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ახორციელებს. საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების ზოგადი რეგულაციები ვრცელდება ტელევიზიებზე და ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებზე.

 

ისინი ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ არჩევნების მიუკერძოებლად და სამართლიანად გაშუქება, წინასაარჩევნო რეკლამის სამართლიანი და გამჭვირვალე განაწილება და წინასაარჩევნო დებატების არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით გადაცემა.

 

ნათია კაპანაძის თქმით, კომუნიკაციების კომისიამ მედიამონიტორინგისთვის უნდა გამოიყენოს შემოწმების კონკრეტული და წინასწარ განსაზღვრული მეთოდები და არა – გეგმიური და მოულოდნელი შემოწმების წესი, როგორც ეს GNCC-მ დაადგინა.

 

კომისიის წევრების განცხადებით, იმის გამო, რომ სხვადასხვა შემთხვევაში კომისია შემოწმების სხვადასხვა ხერხებს იყენებს, მეთოდიკის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ამის გამო კომისიამ საია-ს ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

 

ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც კომისიამ გაითვალისწინა, წინასაარჩევნო დებატების, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაშუქებისას, მაუწყებლის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ საჩივრის შეტანისას რეაგირების ვადებს შეეხება. ვადები პირველი ინსტანციისათვის წარმოადგენს 21 დღეს, ხოლო სააპელაციო ორგანოსათვის– 30 დღეს:

 

“მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნო პროცესი გრძელდება 1 ოქტომბრამდე და კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 50 დღეზე ნაკლები. ლოგიკურია, რომ საარჩევნო საკითხების გადაწყვეტისათვის 51 დღეზე მეტი დროის განსაზღვრა არარელევანტურია და სამართლიანობის აღდგენის მექანიზმი არაეფექტური იქნება”, – ნათქვამია საიას რეკომენდაციაში.

 

კომისიამ საჩივრის განხილვის ვადად 72 საათი დაადგინა, ასევე, სამი დღე დადგინდა სააპელაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაშიც.

 

საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესი – დოკუმენტი, რომელიც დღეს დაამტკიცა კომუნიკაციების კომისიამ, მათსავე ვებ-გვერდზე 9 აგვისტოს გამოქვეყნდა საჯარო განხილვისთვის, თუმცა რეკომენდაციების მხოლოდ საია-მ წარადგინა. საია-ს მიერ შეთავაზებული 6 რეკომენდაციიდან კომისიამ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი