ახალი ამბებიკომენტარი

ნინო გუჯარაიძე: ტექდათვალიერების ასამოქმედებლად გადაწყვეტილება გაცილებით ადრე იყო მისაღები

8 ნოემბერი, 2016 • 3672
ნინო გუჯარაიძე: ტექდათვალიერების ასამოქმედებლად გადაწყვეტილება გაცილებით ადრე იყო მისაღები

არასამთავრობო ორგანიზაციის, “მწვანე ალტერნატივის” დირექტორი ნინო გუჯარაიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის დროულად მოწყობა და ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედება ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, თუმცა ეს პროცესი კიდევ ერთი წლით გადაიდო.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ასოცირების შესახებ მხარეებს შორის თანამშრომლობას სატრანსპორტო სფეროშიც ითვალისწინებს. 2014 წელს მთავრობის მხრიდან გაცხადებული იყო, რომ სავალდებულო ტექდათვალიერება ყველა ავტოტრანსპორტისთვის 2015 წლის მარტიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა პროცესი 2018 წლის 1 იანვრამდე გადაიდო. ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ეს თემა აღიქმებოდა, როგორც მოქალაქეებისთვის არაპოპულარული გადაწყვეტილება, ამიტომ პერიოდულად ხდებოდა ტექდათვალიერების ამოქმედების გადადება და ყოველთვის დაკავშირებული იყო არჩევნებთან.

“ამით ხელისუფლება ცდილობდა მოქალაქეების კეთილგანწყობის მოპოვებას. როგორც ჩანს, ახლა ვალდებულების შესრულების დრო დადგა. ვფიქრობ, ვადის გადაწევა იმასთან არის დაკავშირებული, რომ ტექდათვალიერების სრულფასოვნად ჩატარებისთვის გარკვეული ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მომზადებული, რაც მნიშვნელოვან დროსაც საჭიროებს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე ყოფილიყო მიღებული და პროცესის სრულფასოვნად ჩატარებისთვის ამ დროისთვის უკვე ინფრასტრუქტურა მაინც ყოფილიყო მზად,” – აცხადებს გუჯარაიძე.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. ექსპერტი ტიმ კოვაჩი სხვა ფაქტორებთან ერთად ამას ავტომობილების ტექდათვალიერების არარსებობას უკავშირებს. ეს კვლევა IEA-მ 2012 წელს ჩაატარა, რის მერეც უკვე 4 წელი გავიდა. როგორც ნინო გუჯარაიძე ამბობს, ამ დროის განმავლობაში ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა:

“ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მანქანებისა და მშენებლობების რაოდენობა გაცილებით გაიზარდა. ამ კვლევაში არ იყო მხოლოდ მანქანების მიერ ჰაერის დაბინძურებაზე საუბარი. ეკოლოგიურ მდგომარეობას აუარესებს მტვერი და ა.შ. გარემოს დაბინძურების გამომწვევი მიზეზები თავისი მასშტაბებით გაიზარდა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მდგომარეობა უფრო დამძიმდა. სამწუხაროდ, გაუმჯობესებისკენ არც ერთი ნაბიჯია გადადგმული. ტექდათვალიერების შემოღება იქნება ერთ–ერთ ნაბიჯი ამ მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, რაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ერთი წელი არ იქნება. ეს იმის გამო, რომ დროულად არ მიიღეს წინმსწრები ღონისძიებები.”

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არის გამართული მონიტორინგის სისტემა, არ ვიცით ზუსტი მონაცემები, თუ სად დგას ყველაზე მძიმედ ჰაერის დაბინძურების პრობლემა.

“რა თქმა უნდა, ავტოტრანსპორტის მხრივ, განსაკუთრებით თბილისშია დაბინძურებული გარემო. ასევე, ინდუსტრიული დაბინძურების თვალსაზრისით ყველაზე მწვავე პრობლემებია ჭიათურასა და ზესტაფონში. ასევე, თუკი ატმოსფერულ ჰაერზე ვსაუბრობთ, თბილისში ავტომობილებს ემატება მშენებლობების ბუმიც. თუმცა ეს ყველაფერი არის ვარაუდი იმიტომ, რომ არ გვაქვს ერთიანი სისტემატიზირებული მონაცემები ჰაერის დაბინძურების მონიტორინგთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ყველა ამ მდგომარეობაში მონიტორინგის სისტემა ეფუძნება ერთჯერად გაზომვებს და ძალიან შეზღუდული რაოდენობით დამაბინძურებლებზე მონიტორინგს. ამიტომ კვლავ ვარაუდების საფუძველზე ვსაუბრობთ ამ საკითხზე,” – აცხადებს ნინო გუჯარაიძე.

დღეს, 8 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური დათვალიერების სრულად ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. პირველი ვიცე–პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვირდან დაიწყება.

2016 წლის ივნისში manifest.ge-ზე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების მოთხოვნით, სადაც სწორედ IEA-ს კვლევის მონაცემები იყო მითითებული. მალევე პეტიცია 10 ათასი ხელმოწერით საქართველოს პრემიერ–მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს გადაეგზავნა, რომელმაც ამ საკითხზე შვეიცარიაში გააკეთა კომენტარი. პრემიერმა განაცხადა, რომ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად აღდგებოდა, თუმცა იმ სახით, რომ გამოირიცხოს კორუფცია.

ვრცლად, თუ რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ამოქმედებამდე, იხილეთ მითითებულ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი