ახალი ამბები | ეკონომიკა | , , , , , , , , ,

ვიცეპრემიერი: სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება

8 ნოემბერი, 2016 | | 5577
ვიცეპრემიერი: სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება

მთავრობა ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური დათვალიერების სრულად ასამოქმედებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვირდან დაიწყება.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ექნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება.

ქუმსიშვილის თქმით, ინტერესთა გამოხატვის წარდგენა დალუქული კონვერტით 2016 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მოხდება, ხოლო შეფასების პროცესი წარიმართება შესაბამისი სამთავრობო კომისიის მიერ, რომელიც წარმოდგენილი წინადადებების შესწავლის საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულს. საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს.

“ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში გვექონდეს გამჭვირვალე და ხარისხზე ორიენტირებული თავისუფალი ბაზარი. ამდენად, მივესალმებით ყველა ინვესტორის შემოსვლას, რომელიც შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებს,” – ამბობს საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შედეგად:

  • მოხდება საქართველოს თითოეული რეგიონის შესწავლა ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ცენტრების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. ყველა რეგიონს მოემსახურება ცენტრების საკმარისი რაოდენობა, რათა ინსპექტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.
  • ჩამოყალიბდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა–ნაგებობების, აღჭურვილობის და ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები;
  • დაინერგება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის ერთიანი ცენტრალიზებული მართვის ავტომატიზებული სისტემა, რომელიც სრულად გამორიცხავს შემოწმების პროცესში კორუფციული გარიგებების ალბათობას;
  • შემუშავდება რეკომენდაციები ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისა და აირბალონით აღჭურვილი ავტომანქანების კონტროლის სისტემების ინტეგრაციის შესახებ.

როგორც ქუმსიშვილი ამბობს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საკონსულტაციო კომპანიასთან შეთანხმების შედეგად, სადაც სხვადასხვა ასაკის და ტიპის მანქანებისთვის შეიძლება იყოს სხვადასხვა პერიოდულობა, ხოლო ამ პერიოდული ტესტირებების ვადა განისაზღვრება საკონსულტაციო კომპანიასთან შეთანხმების შედეგად.

პირველი ვიცეპრემიერის განცხადებით, ასევე, დადგინდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ბაზარზე მაქსიმალურად მორგებული კონკურენტული ფასი.

ქუმსიშვილის თქმით, 2017 წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა სრულად გაიმართება, ხოლო ინსპექტირების ნორმები, კანონით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, წინასწარი გათვლებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმაში დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ხოლო შესაბამისი ინფრასტრუქტურის ამოქმედება შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. მისი თქმით,  წინასწარი შეფასებით, აღნიშნულ პროცესში 1000–მდე სპეციალისტი მომზადდება და დასაქმდება.

დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე საუბრობს ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლის დაბინძურების ძირითად წყაროდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობას ასახელებს. მისი თქმით, ევროპული სტანდარტების ტექდათვალიერების სისტემის დანერგვა გარემოს მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს.

“ჩვენ წარმატებით ვასრულებთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, რითიც მოხდება საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ სტანდარტებთან საქართველოს სტანდარტების ჰარმონიზაცია. საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს მოქალაქეებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას. ტექნიკური დათვალიერების სისტემის დანერგვას უნდა მოჰყვეს ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ცნობილია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაბინძურების ძირითად წყაროს სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობა და ამ დარგში სტანდარტების არარსებობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით დღევანდელი ვითარება რომ მძიმეა, ამას საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს,” – ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზეც, რომლის ნაწილიც სწორედ ავტომობილების გაუმართაობაზე მოდის, თუმცა კონკრეტული ციფრები დღევანდელ ბრიფინგზე არ წარმოუდგენია.

ქუმსიშვილის თქმით, ავტოტრანსპორტის სავალდებულო პერიოდული ტესტირება მოქმედებს ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში და ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ამას საქართველოსაც ავალდებულებს.

როგორც პირველი ვიცეპრემიერი ამბობს, ამ საგანგაშო მონაცემების საპასუხოდ საქართველოს მთავრობა სწორ ნაბიჯებს დგამს. მისი თქმით, რეფორმის განხორციელების შედეგად მოხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის მინიმუმამდე დაყვანა. ქუმსიშვილის განცხადებით, რეფორმების შედეგად ასევე გაუმჯობესდება საავტომობილო მიმოსვლისას მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხოების, აგრეთვე საავტომობილო გზების, საგზაო ნაგებობებისა და ტვირთის დაცულობა.

“მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობა იწყებს ამ მნიშვნელოვანი რეფორმის ეტაპობრივად გატარებას. ავტოტრანსპორტის სავალდებულო პერიოდული ტესტირების შემოღებითა და სათანადო ინფრასტრუქტურის გამართვით ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების პრობლემა, რაც დადებითად აისახება როგორც ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე,” – ამბობს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.

ინსპექტირების ორგანოების კომპეტენტურობას სსიპ “ერთიანი ეროვნული ორგანო” აფასებს და გასცემს აკრედიტაციის მოწმოებს, რის შემდეგაც ისინი ბაზარზე დამოუკიდებელ სუბიექტებად ოპერირებენ.

“აკრეტირებული ტესტირების ცენტრების დანიშნულება იქნება სწორედ ის, რომ შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებები, რამდენად აკმაყოფილებს საგზაო უსაფრთხოებისა და გამონაბოლქვის მოთხოვნებს. არავითარ გადამეტებულ რეგულაციებზე საუბარი არ არის,” – ამბობს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს გენერალური დირექტორი, პაატა გოგოლიძე.

როგორც გოგოლიძე აცხადებს, სავალდებულო შემოწმების ცენტრების რაოდენობა ბაზარზეა დამოკიდებული და გაიხსნება იმდენი, რამდენიც საჭირო იქნება. მისი თქმით, რეგიონების სრულად დაფარვასთან დაკავშირებით გაკეთდება მოკვლევა, რათა სხვადასხვა ადგილებში მარტივად იყოს ეს სერვისი ხელმისაწვდომი. აკრედიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში უკვე არის ეს ცენტრები, თუმცა შეიძლება კიდევ დაემატოს.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) კვლევის თანახმად, 2012 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 ადამიანზე ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. საქართველოში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის ასეთ მაღალ მაჩვენებელს ჰაერის ხარისხის ექსპერტი ტიმ კოვაჩი სხვადასხვა ფაქტორს უკავშირებს, მათ შორის, ავტომობილების ტექდათვალიერების არარსებობას.

2016 წლის ივნისში manifest.ge-ზე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების მოთხოვნით, სადაც სწორედ IEA-ს კვლევის მონაცემები იყო მითითებული. მალევე, პეტიცია 10 ათასი ხელმოწერით საქართველოს პრემიერ–მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს გადაეგზავნა, რომელმაც ამ საკითხზე შვეიცარიაში გააკეთა კომენტარი. პრემიერმა განაცხადა, რომ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად აღდგებოდა, თუმცა იმ სახით, რომ გამოირიცხოს კორუფცია.

ვრცლად, თუ რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ამოქმედებამდე, იხილეთ მითითებულ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი