ახალი ამბები

ომბუდსმენი სწავლობს საქართველოში გოგონებისთვის გენიტალიების დასახიჩრების შესაძლო ფაქტებს

8 ნოემბერი, 2016 • 2091
ომბუდსმენი სწავლობს საქართველოში გოგონებისთვის გენიტალიების დასახიჩრების შესაძლო ფაქტებს

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ინფორმაციით, საქართველოში, კერძოდ, კახეთის რამდენიმე სოფელში გოგონებისთვის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა გამოვლინდა.

საუბარია ყვარლის 3 სოფელზე: თივი, სარუსო და ჩანთლისყურე, სადაც, სტატიის მიხედვით, ავარიელები (ხუნძები) კომპაქტურად ცხოვრობენ.

“კლიტორის წვერზე შავი წერტილია, ეს არის ის, რასაც მე ვჭრი”, – აცხადებს IWPR-ის სტატიის ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელიც ავტორის ინფორმაციით, შინაურ პირობებში პატარა გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკითაა დაკავებული. სტატიის მიხედვით, გოგონათა წინდაცვეთის საფუძველი მათში “ტემპერამენტის ხარისხის” შემცირებაა.

ერთ-ერთი ადგილობრივი ამ პრაქტიკის გამართლებას  ძველი ადათებით ცდილობს, თუმცა მუფთი იასინ ალიევი აცხადებს, რომ ყურანში ამი შესახებ არაფერია ნათქვამი. იგი ვარაუდობს, რომ ეს ლოკალური ადათია, რასაც საერთო არაფერი აქვს ზოგად მუსლიმურ ტრადიციებთან.

სტატიის თანახმად, სოფლებში ასევე გავრცელებულია წინდაცვეთა ბიჭებში, თუმცა ამ პროცედურას, გოგოებისგან განსხვავებით, ბიჭების შემთხვევაში ექიმი ატარებს.

IWPR-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული აიდა მირმაქსუმოვას სტატიის მიხედვით, სოფელში გოგონების გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკას ყველა არ ეთანხმება და არ მისდევს.

სტატიის თანახმად, ქვეყნის ხელისუფლება ზემოხსენებული პრაქტიკის შესახებ საქმის კურსში არ იყო.

სახალხო დამცველის აპარატში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ზემოხსენებული პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია IWPR-ის ჟურნალისტისაგან მიიღეს, როცა ეს უკანასკნელი სტატიაზე მუშაობდა. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან საკითხის შესწავლა დაიწყეს, თუმცა ამ დროისთვის ფაქტის დადასტურებისთვის სჭირო მტკიცებულებები არ აქვთ:

“ჩვენი ოფისის წარმომადგენლის მიერ განხორციელდა რამდენიმე ვიზიტი დასახლებეულ მუნიციპალიტეტში საკითხის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, თუმცა ამ დროისთვის რაიმე დასაყრდენი ინფორმაცია არ მოგვიპოვებია და შესწავლა ხორციელდება. ეს საკითხი განსაკუთრებული სიფრთხილით საჭიროებს შესწავლას.

ზოგადად, ეს პრაქტიკა გავრცელებულია სხვადასხვა ქვეყანაში და ძალიან მძიმე შედეგების მომტანია ქალებისთვის. ეს არის გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ფორმით გამოვლინება. რაც შეეხება საქართველოს, უახლოეს პერიოდში გვექნება გარკვეული იფნორმაცია”, – ამბობს სხილაძე.

რატომ ვერ გამოაშკარავდა აქამდე მსგავსი პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია?

“კახეთში საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ, მაგრამ ამგვარი ინფორმაციის შესახებ ინფორმაცია არასდროს შეგვხვედრია. გასულ წელსაც არაერთი შეხვედრა გვქონდა გენდერის საკითხებზე, თუმცა, იცით, რომ ეს არის ტაბუდადებული საკითხი და მოსალოდნელია, რომ ეს იყო დაფარული და ამის შესახებ ჩვენ არ ვიცოდით.

… რა თქმა უნდა, მე გამიჭირდება ყველა მიზეზის ჩამოთვლა, თუ რატომ არ იყო ცნობილი [აქამდე], თუმცა ჩვენ კახეთის რეგიონში საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე და, როგორც გითხარით, პირველადი წყარო ჩვენთვის იყო ჟურნალისტი, რომელმაც ჩვენ მოგვმართა”, – ამბობს ეკა სხილაძე.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესაუბრა მოსახლეობას, ასევე სკოლების წარმომადგენლებს, და იგეგმება შეხვედრები სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებთან, მათ შორის ექიმებთან.

“საკითხი განსაკუთრებით მგრძნობიარე და სენსიტიურია და მოითხოვს სიფრთხილეს, რათა დადასტურების შემთხვევაში არ მოხდეს სტიგმატიზაცია… [რას გულისხმობთ სტიგმატიზაციაში?]  ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ადგილზე, კონკრეტულ დასახლებაზე და ეს ძალიან სენსიტიური საკითხია. ეს არ არის საკითხი, რომელშიც ჩვეულებრივი მეთოდების გამოყენება შეგვიძლია, თუნდაც შესწავლის პროცესში. ეს ძალიან სენსიტიური საკითხია, პირველ რიგში, იქ მაცხოვრებელი ქალებისთვის, და სწორედ მგრძნობაირე მეთოდებს ვიყენებთ და არა უხეში მეთოდებს, რითიც არაფერი მიიღწევა გარდა იმისა, რომ ეს თემი დაზარალდება”.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით (WHO), ქალის გენიტალიის დასახიჩრება ეწოდება პროცედურას, რომელიც იწვევს გენიტალიების დაზიანებას არასამედიცინო მიზნებით. პროცედურას ქალებისა და გოგონებისთვის არავითარი სამედიცინო სარგებელი არ აქვს. WHO-ის ინფორმაციით, პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სისხლდენა და შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე, ამ პროცედურას შესაძლოა თან ახლდეს უფრო სერიოზული გართულებები მომავალში. პროცედურას ძირითადად უტარებენ 15 წლამდე ასაკის გოგონებს. WHO-ის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით დღეისათვის მცხოვრებ 200 მილიონამდე ქალსა და გოგონას აქვს გენიტალიები დასახიჩრებული.

“ქალის გენიტალიების დასახიჩრება აღიარებულია როგორც გოგონებისა და ქალების უფლებების დარღვევა. ის გამოხატავს სქესთა შორის ღრმა უთანასწორობას და ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის უკიდურესი ფორმაა. პროცედურა ძირითადად არასრულწლოვნების წინააღმდეგ ხორციელდება და ამიტომ ბავშვთა უფლებების დარღვევაცაა. პრაქტიკა ასევე არღვევს ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას. ასევე უფლებას, რომლის მიხედვითაც ადამიანი დაცული უნდა იყოს წამებისგან, არაადამიანური მოპყრობისაგან და გარდა ამისა, ირღვევა სიცოცხლის უფლებაც, როდესაც პროცედურა სიკვდილით სრულდება”, – აცხადებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

“ჯერ ნაადრევია ლაპარაკი, მაგრამ სავარაუდო ფაქტზე თუ ვიმსჯელებთ, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ ევროსაბჭოს კონვენცია, რომელიც საქართველოს მიერ ხელმოწერილია, თუმცა რატიფიცირების პროცესი ჯერ არ განხორციელებულა, პირდაპირ ითვალისწინებს სასქესო ორგნოების დასახიჩრების პრობლემის დეფინიციის აუცილებლობას კანონმდებლობაში.

საკანონმდბელო პაკეტი მომზადებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ და ჯერ არ წარდგენილა პარლამენტში. იქაც იყო გათვალისწინებული აღნიშნული საკითხი, თუმცა საქართველოს კანონდმებლობაში ამგვარი ჩანაწერი ჯერჯეორბით არ არის, ანუ საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სასქესო ორგანოების დასახიჩრების დეფინიციას და, შესაბამისად, ეს დანაშაულთა კატეგორიაში არ ხვდება. სახალხო დმაცველის მხრიდან არაერთხელ იყო გაჟღერებული რეკომენდაცია, რომ დროულად მომხდარიყო კონვენციის რატიფიცირება. ეს არის კანონმდებლობის ნაკლოვანება და ხარვეზი”, – ამბობს ეკა სხილაძე, რომელსაც ვკითხეთ – ხომ არ აღვევს ეს პროცედურა სხვა კანონებს, ასევე ბავშვთა უფლებების კონვენციას:

“რა თქმა უნდა,  თუ დადასტურდა, ეს ნიშნავს ბავშვის საუკეთესო ინტერესის უგულებელყოფას… ასევე, უგულებელყოფა, თავის მხრივ, ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი თემაა და შესაძლოა ამ მიმართულებითაც მოხდეს მუშაობა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ინფორმაცია დადასტურდება”, – ამბობს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი