ახალი ამბები

პრეზიდენტმა ადვოკატთა ასოციაციის განახლებული სასწავლო ცენტრი გახსნა

8 ნოემბერი, 2016 • 1391
პრეზიდენტმა ადვოკატთა ასოციაციის განახლებული  სასწავლო ცენტრი გახსნა

დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოში ადვოკატთა დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილი ადვოკატთა ასოციაციას ეწვია და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განახლებული და აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გახსნა.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა სასწავლო ფონდს 280 ათასი ლარი გამოუყო. დაფინანსებული პროექტი მიზნად ისახავს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციურ განვითარებასა და ადვოკატის პროფესიაში შესვლის წინაპირობის – სავალდებულო სტაჟირების სისტემის დანერგვის ხელშეწყობას.

“2017 წელს ამ ოფისში გაიხსნება ადვოკატის სკოლა, სადაც ადვოკატის გამოცდაჩაბარებული პირები ერთწლიან სავალდებულო სტაჟირებას გაივლის, რაც მოიცავს 3-თვიან თეორიულ კურსსაც. ადვოკატები ისწავლიან ეთიკას, ჟურნალისტებთან ურთიერთობის ეთიკას, დაკითხვის სპეციფიკას, კოლეგიალობას. ამას ისინი უნვიერსიტეტებში არ სწავლობენ,” – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა.

სასწავლო ცენტრში სტუმრობისას გიორგი მარგველაშვილი ადვოკატთა ასოციაციამ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ორდენით დააჯილდოვა ადვოკატის პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

“თქვენ, ადვოკატებმა ბევრი რამ გადაიტანეთ, არაერთხელ  გვსმენია ადვოკატების თაობაზე, რომლებსაც სისტემა ხშირად ძალიან ბრუტალურად ექცეოდა და გვსმენია იმის თაობაზე, რანაირად მტკიცედ ერთიანდებოდით, როდესაც თითოეული თქვენთაგანი იყო დასაცავი. თქვენ იცავთ სწორედ იმას, რის დაცვასაც საქართველოს კონსტიტუცია მეც მავალებს – ადამიანის უფლებებს. ყველა ადამიანის უფლებაა მიიღოს სამართლიანი სასამართლო,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშილმა.

გიორგი მარგველაშვილი და ზაზა ხატიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი