ახალი ამბებიკომენტარი

3 პარტიის შანსი გაერთიანების შემთხვევაში – მაიკლ ჩეჩირე

10 ნოემბერი, 2016 • 1721
3 პარტიის შანსი გაერთიანების შემთხვევაში – მაიკლ ჩეჩირე

ფილადელფიის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსი მაიკლ ჩეჩირე ნეტგაზეთთან საუბარში საქართველოში ჩატარებული საპარალმენტო არჩევნების პროცესს, შედეგებს და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში განხორციელებულ ცვლილებებს აფასებს:

მოულოდნელი შედეგები?

მაიკლ ჩეჩირეს აზრით, ზოგადად, არსებობს საერთაშორისო და ანალიტიკური კონსენსუსი იმის შესახებ, რომ არჩევნები  თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარდა და ის ქართული ელექტორატის ნებას გამოხატავდა.  ანალიტიკოსის თქმით, გარკევული ძალადობრივი შემთხვევები და ადმინისტრაციული დარღვევები დაფიქსირდა და ესაა პრობლემები, რომლებიც სამომავლოდ უნდა აღიკვეთოს. თუმცა, საბოლოო ჯამში,  ეს საარჩევნო პროცესის საერთო პოზიტიურ ტონს მაინც არ აკნინებს.

“რაც შეეხება შედეგებს, მე არ ვფიქრობ, რომ მას ვინმე მოულოდნელს უწოდებდეს, გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც ენმ-ის გარდაუვალი გამარჯვების შესახებ განცხადებების სჯეროდა. ენმ-ის მიერ დეკლარირებულ “გარდაუვალ გამარჯვებას” არ ჰქონია რაიმე საფუძველი, მათ შორის არც საზოგადოებრივ გამოკითხვებში, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომლებიც ამ გამოკითხვებს ახასიათებდა.

არჩევნები აჩვენებს, რომ საქართველომ დემკრატიული ხასიათის  ინსტიტუციონალიზაცია დაიწყო, გაგრძელდება თუ არა ამ მიღწევების განვითარება და [დემოკრატიის] შემდგომი კონსოლიდაცია, ეს სხვა შეკითხვაა. გააგრძელებს თუ არა საქართველო განვითარებას, როგორც ლიბერალური დემოკრატია, თუ მისი ლიდერები ძალაუფლების ბერკეტებს იმ არალიბერალური პოპულიზმისთვის გამოიყენებენ, რომლებიც ბოლო წლებში აღმოსავლეთ ევროპულ დემოკრატიებს მოედო?”, – ამბობს მაიკლ ჩეჩირე.

ამერიკელი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ არჩევნებში პოზიტიური შედეგები დაფიქსირდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ევროპასთან და ამერიკასთან საქართველოს ძლიერ, განგრძობად ურთიერთობას უჭერენ მხარს.

“თუ დავაჯამებთ პროდასავლური პარტიების მიერ ნაჩვენებ შედეგებს, აღმოჩნდება, რომ მათ, ჯამში, 85 პროცენტი მიიღეს, ვგულისხმობ “ქართული ოცნების”, ენმ-ის, თავისუფალი დემოკრატებისა და სახელმწიფო ხალხისთვის ხმებს. ვინც ამ ბლოკებში შემავალ ძალებს მისცა ხმა, შესაძლოა, თავში სულაც არ უტრიალებდა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, მეტიც, ეწინააღმდეგება კიდეც ამას, მაგრამ ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ პრორუსული და ანტიდასავლური ძალები გაეძლიერებინა”, – განმარტავს ჩეჩირე.

ქართული ოცნების “სუპერუმრავლესობა” და ბალანსი

ანალიტიკოსის თქმით, საქართველოზე მეტად კონსოლიდირებული დემოკრატიის მქონე ქვეყნებში ის პარტიები, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის საჭირო მანდატებს აგროვებენ, ძალიან იშვიათად ცვლიან ხოლმე კონსტიტუციას. მისი თქმით, დასავლეთის იმ დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, სადაც საკონსტიტუციო მოდიფიკაციები შედარებით “ჩვეულებრივი ამბავია”, მაგალითად, საფრანგეთში, ასეთი ცვლილებები ძირითადად  კანონმდებლობის ევროკავშირთან აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ჰარმონიზებას ემსახურება.

“რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები თავისთავად ცუდი რამ არის. საქართველოს კონსტიტუცია დღევანდელი ფორმით ენმ-ის დროსაა დამუშავებული და ალბათ პოლიტიკურ სპექტრს შორის არსებობს თანხმობა, რომ მისი გაუმჯობესება შესაძლებელია, თუმცა კონსტიტუციაში ცვლილება მხოლოდ უაღრესად უკანასკნელი ზომა უნდა იყოს. ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა ჰკითხონ თავიანთ თავს, გააუმჯობესებს თუ არა პოლიტიკურ სისტემას მათ მიერ ინიცირებული ცვლილებები. მთავრობის ბოლო ინიციატივები ქორწინების უფლების მხოლოდ ჰეტეროსექსულებისათვის მინიჭებისა და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით,  არ მგონია, რომ ჩემ მიერ ხსენებულ ტესტს აკმაყოფილებდეს. ეს ინიციატივები პირდაპირი და გარდაუვალი საფრთხის წინაშე დემოკრატიას, როგორც ასეთს, არ აყენებს, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ამ ტიპის არააუცილებელ საკითხებზე საგანგაშო ნიშანია”, – ამბობს მაიკლ ჩეჩირე და დასძენს, რომ პარლამენტში “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობის დაბალანსება ძალიან რთული იქნება – “სწორედ ამიტომ ეწოდება ამას სუპერუმრავლესობა”.

“ეს საკმაოდ რთული საკითხია იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ქართულ ოცნებას მმართველის პოზიცია ამომრჩევლებმა გადასცეს. განგაშის ზარებს, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლები ავრცელებენ, შესაძლოა, კარგი განზრახვა ჰქონდეს, მაგრამ უდროოც იყოს, რადგან “ერთპარტიული მმართველობის” კონფიგურაცია დემოკრატიული პროცესის შედეგია და არა რაიმე ექსტრაკონსტიტუციური მოვლენა. გარდა ამისა, წლების განმავლობაში ზოგიერთი მათგანი გარკვეული განგაშის ნიშნებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებითაც ტირაჟირებდა, რაც შემგომში მართალი არ აღმოჩნდა. მაგალითად, “ქართული ოცნება” ფარულ პრორუსულ, მეხუთე კოლონად იყო ბრენდირებული მაშინაც კი, როდესაც ნათელი გახდა, რომ ეს ძალა პროდასავლურ გზას მიჰყვებოდა”, – განაცხადა ჩეჩირემ და დასძინა, რომ მისი აზრით, უფრო კონსტრუქციული იქნებოდა, თუ სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი მეორე ტურების წინ ამომრჩეველს არა ერთი პარტიის სასარგებლოდ ხმის მიცემისაკენ მოუწოდებდა იმისათვის, რომ “ოცნებას” სუპერუმრავლესობა არ მიეღო, არამედ თავის პლატფორმას იმისათვის გამოიყენებდა, რომ ამომრჩევლებისათვის შესაძლო საკონსტიტუციო უმრავლესობის პოტენციური შედეგების შესახებ მიაწოდებინა ინფორმაცია. მისი აზრით, “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ ხმის მიცემის მოწოდება გარკვეულწილად იყო  პოზიციის დაფიქსირება და ახლა ისინი ხელისუფლების დაბალანსებისთვის შედარებით ნაკლებად ოპტიმალურ პოზიციაში იმყოფებიან.

თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელები მარცხი

ანალიტიკოსის თქმით, პოლიტიკური დისკურსისთვის დარტყმაა ის შედეგები, რომლებიც რესპუბლიკელებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა არჩევნებზე აჩვენეს, ხოლო შემდეგ კი არსებითად ჩამოიშალნენ.

“თავისუფალი დემოკრატი და რესპუბლიკელი ლიდერები თუ პარლამენტის წევრები ხშირად იყვნენ ხოლმე ძლიერი ხმები არა მხოლოდ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, არამედ, ზოგადად, ქვეყანაში პოზიტიური პოლიტიკური პროცესების განვითარების მიმართულებით. მიუხედავად ამისა, მე მაინც ველი, რომ ეს ძლიერი ხმები ისევ იპოვნიან გზებს იმისათვის, რომ ქართულ პოლიტიკურ დისკურსში კონტრიბუცია განახორციელონ პარტიების გარედანაც. ისიც კი არის შესაძლებელი, რომ მათ თავიანთი იდეების ტირაჟირება პარტიების გარეშე უკეთ განახორციელონ, რადგან ვერც რესპუბლიკურმა პარტიამ და ვერც თავისუფალმა დემოკრატებმა საკუთარი პოლიტიკური პროფესიონალიზმის პოლიტიკურ წარმატებად კონვერტაცია ვერ მოახერხეს”.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ნათელი არ არის, მოახერხებენ თუ არა რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებში დარჩენილი ლიდერები პოლიტიკურ გადარჩენას ირაკლი ალასანიას, ბუკა პეტრიაშვილის და დავით უსუფაშვილის წასვლის შემდეგ, “მაგრამ თუ ისინი აპირებენ, რომ ეს გააკეთონ”, ჩეჩირეს აზრით, უკეთესი იქნება, თუ ამას ერთმანეთთან  და კიდევ ერთ მესამე ძალის პარტია “გირჩთან” ერთად პარტნიორობის პირობებში განახორციელებენ.

“მოსახლეობის დაახლოებით 20-მა პროცენტმა ხმა არც ქართულ ოცნებას მისცა და არც ენმ-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი სეგმენტი ხელისუფლებით უკმაყოფილოა. თუ თავისუფალი დემოკრატების და რესპუბლიკელების დარჩენილი ნაწილი, ასევე გირჩი, ერთი პოლიტიკურ პლატფორმისა და ლიდერშიპის ირგვლივ გაერთიანებას მოახერხებს, მათ შესაძლოა ჰქონდეთ შანსი, რომ ქართულ პოლიტიკაში სერიოზული, კონსტრუქციული როლი ითამაშონ”.

მაიკლ ჩეჩირე თვლის, რომ თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მარცხი საქართველის ევრო-ატლანტიკური ორიენტაციისათვის გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენს ქართული ოცნების მმართველობის პირობებში. მისი თქმით, ქართული ოცნების ძველი კოალიციის დროს თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები უაღრესად თვალსაჩინო როლს თამაშობდნენ, როგორც გაერთიანების პროდასავლური კურსის “გარანტორები”. ანალიტიკოსის შეფასებით, დიდწილად ეს იყო კოალიციის მრავალფეროვანი წარმომადგენლობის შედეგი, რადგან გაერთიანებაში ევროსკეპტიკური და ანტიდასავლური ძალებიც კი შედიოდნენ. გარდა ამისა, ჩეჩირეს თქმით, ქართულ ოცნებას დასავლეთის დედაქალაქებში არცთუ ისე კარგად იცნობდნენ და “თან ამ ყველაფერს ემატებოდა ენმ-ის ბრალდებები (არასარწმუნო, რეტროსპექტივაში) იმის შესახებ, რომ ეს პრორუსული პოლიტიკური პარტია იყო”.

“დღეისათვის ქართულ ოცნებას, როგორც პარტიას,  პროდასავლური ლიდერების საკუთარი კადრები ჰყავს კულტივირებული, რომლებსაც იცნობენ და პატივს სცემენ: დაწყებული გიორგი კვირიკაშვილით, გაგრძელებული სხვა პარტიული ლიდერებით, მათ შორის თედო ჯაფარიძეთი და თამარ ჩუგოშვილით. უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქართული ოცნება ქვეყანას ხელმძღვანელობდა იმ პერიოდში, როდესაც მნიშვნელოვანი  ქმედებები განხორციელდა ევრო-ატალანტიკური ინტეგრაციის მიმართლებით: ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან, DCFTA, ენერგეტიკული გაერთიანება, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები და ნატოს არსებითი პაკეტი საქართველოსთვის. ქართულ ოცნებას აღარ სჭირდება “სიმბოლო” პარტიები იმისათვის, რომ საკუთარი პროდასავლურობა დაამტკიცოს.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პროდასავლური კურსი “შეუქცევადია”, როგორც ამას ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ამბობს ხოლმე. როგორც ევროპული თუ ამერიკული არჩევნები გვიჩვენებენ, ევრო-ატლანტიკური ღირებულებები ევროკავშირსა და ჩრდილოამერიკაშიც კი არაა შეუქცევადი. საფრთხე ყოველთვის არსებობს საქართველოში, განსაკუთრებით, თუ გავითვალისინებთ მის მოწყვლად პოზიციას და იმ ფაქტს, რომ ქვეყანა გარშემორტყმულია რუსეთის მიერ უზრუნველყოფილი ქვეყნებით. ამას ასევე ართულებს ევროპის დიდ ნაწილში არსებული პროტექციონისტური განწყობები, რაც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას შორეულ პერსპექტივად აქცევს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული იქნება ის რეფორმების პროცესში. ეს, შესაძლოა, საკმარისი იყოს იმისათვის, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეფექტურობის შესახებ კითხვები დაისვას, მაგრამ ამ შემთხვევაში დასავლეთს იმდენივე პასუხისმგებლობა ეკისრება ამაზე, რამდენიც [საკითხის ინიციატორ] პარტიას თუ მოძრაობას საქართველოში”, – ამბობს მაიკლ ჩეჩირე.

ენმ და პარლამენტის შესაძლო ბოიკოტი

“ენმ-ის მხრიდან პარლამენტისა და მეორე ტურების შესაძლო ბოიკოტირების იდეას სასაცილოდ მივიჩნევ. ბოიკოტირება ასევე თვითდამაზიანებელი იქნებოდა, რადგან მათ მიერ დეკლარირებული გაყალბების ძალიან ცოტა მტკიცებულება არსებობს. ასევე სახეზეა ფართო კონესნსუსი იმის თაობაზე, რომ 2016 წლის არჩევნები 2012-ზე უკეთსი იყო”, – ამბობს მაიკლ ჩეჩირე და აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებასთან ზედიზედ მე-4 არჩევნებში დამარცხდა.

“ბოლო 3 არჩევნებში “ოცნებამ” ენმ-ს მინიუმ 20%-იანი უპირატესობით აჯობა. სხვა ქვეყანაში ეს პარტიისთვის გამოღვიძებისა და სტრატეგიის გადახედვის საფუძველი იქნებოდა, რის ინდიკაციებსაც ჯერჯერობით ვერ ვხედავ. თუ ენმ-ს სურს, რომ კვლავაც იყოს პოლიტიკურად რელევანტური, ის უფრო მეტად უნდა ფოკურსდეს ქვეყნის შიგნით იმიჯის აღდგენაზე და ნაკლებად- საერთაშორისო ლობიზმზე. საჭიროა უფრო კარგი მუშაობა ხელსუფლებაში ყოფნის პირობებში განხორციელებული ძალაუფლების გადამეტების გააზრების და კონსტრუქციული პოლიტიკის შემუშავებისთვის, რომლითაც ქართველი ამომრჩევლები სარგებელს მიიღებენ. ეს გულისხმობს შეცდომების გამოსწორებას და სააკაშვილის წრიდან გამოსვლას”, – აცხადებს მაიკლ ჩეჩირე.

მასალების გადაბეჭდვის წესი