ახალი ამბები

კოალიცია “ქართული ოცნებისა” და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის დეტალები

14 აგვისტო, 2012 •
კოალიცია “ქართული ოცნებისა” და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის დეტალები

კოალიციის წევრის, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, დიპლომატებთან შეხვედრაზე მათ განიხილეს კონკრეტული ხელის შემშლელი ფაქტები, რაც “ქართულ ოცნებას” სახელმწიფოს მხრიდან ხვდება.

“დიპლომატებთან გვქონდა საუბრები იმაზე, თუ როგორ აგრძელებს მოქმედებებს კონსტიტუიციური უსაფრთხოების დეპარტამენტი (კუდი) და შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი სადაზვერვო საშუალებების გამოყენებას პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. გავიხსენეთ რამდენიმე დღის წინ თვითონ დასავლურ პრესაში გამოქვეყნებული შემთხვევა, როდესაც ჩვენი კოალიციის ლიდერებს კონსტიტუიციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაჰყვებოდნენ საზღვარგარეთ და ისინი დააკავა ადგილობრივმა პოლიციამ. იყო საუბარი იმ ჯარიმებზე, იმ  ფინანსურ გადაწყვეტილებზე, რასაც ხელისუფლება იღებს კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისა და კახი კალაძის მიმართ”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ალასანიამ ჟურანალისტებთან საუბარში.

მისივე თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მზად არიან, გააგრძელონ დაკვირვება მთელ საარჩევნო კამპანიის პროცესზე ისევე, როგორც ხმების დათვლის პროცესზე.

“ჩვენ შევეხეთ ამომრჩეველთა სიების კომისიის მუშაობასაც და დიდი ინტერესი გამოავლინა  საერთაშორისო თანამეგობრობამ, რატომ არ არის გადმოცემული პოლიტიკურ ორგანიზაციებზე უკვე დაზუსტებული სიები”,  – განაცხადა ალასანიამ და მან საარჩევნო პროცესებში უფრო მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის აქტიურად ჩართვა მოითხოვა.

დიპლომატებთან შეხვედრას კოალიციის მხრიდან ესწრებოდნენ: გოგი თოფაძე, მაია ფანჯიკიძე, დავით საგანელიძე, ირაკლი ალასანია, სოზარ სუბარი, დავით უსუფაშვილი. 

დიპლომატებთან შეხვედრა დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი