ახალი ამბები

მცირე ბიზნესის ხელშეწყობა – “ახალი მემარჯვენეების” საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულება

13 აგვისტო, 2012 •
მცირე ბიზნესის ხელშეწყობა – “ახალი მემარჯვენეების” საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულება

პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ ახალი სლოგანი და საარჩევნო პროგრამა დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. პროგრამის ძირითადი მიზანი მცირე ბიზნესის ხელშეწყობაა, რომელსაც მემარჯვენეები მცირე ბიზნესის განვითარების ფონდის შექმნითა და ეკონომიკური დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის აკრძალვით აპირებენ.


„ბიზნესთან ჯარიმებითა და სანქციებით ურთიერთობა უნდა შეწყდეს. საგადასახადო კოდექსი კი ასე ხშირად და მარტივად არ უნდა იცვლებოდეს. თითოეული ცვლილების შეტანამდე მისი განხილვა ერთი თვის განმავლობაში უნდა მიმდინარეობდეს“ – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, დავით გამყრელიძემ.


მისივე თქმით, ბიზნესის ხელშეწყობისთვის უნდა მოხდეს გადასახადების შემცირება და რეგისტრაციისა და სხვა გარემო პირობების გამარტივება. გამყრელიძის თქმით, მცირე ბიზნესის განვითარების ფონდის მუშაობით მთავრობა  ყოველწლიურად ქვეყანაში 40 000 სამუშაო ადგილს, მოქალაქეები კი სასარგებლო კონსულტაციებს მიიღებენ.

„მემარჯვენეების“ ლიდერმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე ბიუჯეტში ხარჯების გადანაწილების გეგმაც წარმოადგინა. მისი თქმით, სახელმწიფო აპარატისთვის გამოყოფილი ხარჯები 7-დან 1,5%-მდე, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილი ხარჯები კი 3,6-დან 2%-მდე უნდა შემცირდეს. ასევე უნდა შემცირდეს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხებიც. ყველა დანარჩენ სფეროში, როგორებიცაა: განათლება, ჯანდაცვა, სოციალური სფერო და სოფლის მეურნეობა ხარჯები, გაიზრდება.

გამყრელიძის ინფორმაციით, თანხის სწორი გადანაწილება, მონოპოლიების გაუქმება და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა ყველა ძირითად სფეროს განავითარებს და საქართველოს მოსახლეობის შემოსავალი მინიმუმ 1000 ლარს გაუტოლდება.

საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე „მემარჯვენეების“ ლიდერმა განათლების რეფორმაზე, ქართული სოფლის გაძლიერებასა და ჯანდაცვაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თითო სოფელში თითო საწარმოს შექმნა გაზრდის მოსახლეობის შემოსავალს და ხალხი მხოლოდ პენსიაზე აღარ იქნება დამოკიდებული.


„ასევე უნდა მოგვარდეს ინფრასტრუქტურისა და მექანიზაციის პრობლემები. თითოეულ სოფელს უნდა ჰქონდეს ერთი ტრაქტორი მაინც. სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტების მომზადებისთვის განათლებაში უნდა ჩაიდოს დიდი თანხა. ჩვენ მოვამზადებთ 1000 აგრონომს და ვეტერინარს იმიტომ, რომ დღეს საქართველოს აკლია სოფლის მეურნეობის სპეციალისტები“ – განაცხადა გამყრელიძემ.


„ახალი მემარჯვენეების“ პროგრამაში ასევე საუბარია მედიასა და გამოხატვის თავისუფლებაზე, უმცირესობების უფლებებზე, გენდერულ თანასწორობასა და შიდა მიგრაციის პრობლემებზე.


პრეზენტაციის დასასრულს დავით გამყრელიძემ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში სხვა პარტიებიც წარმოადგენენ საკუთარ პრიორიტეტებს.

დავით გამყრელიძე
დავით გამყრელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი