ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.
დღეს, 7 ნოემბერს, ხარაგაულის საკრებულომ 22 ხმით 7-ის წინააღმდეგ საკრებულოს თავმჯდომარე, ინგა მაღრაძე იმ მიზეზით გადააყენა, რომ ის “რესპუბლიკურ პარტიას” წარმოადგენს. სხდომას საკრებულოს 35-ივე დეპუტატი ესწრებოდა, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი ოთხმა დეპუტატმა შეიკავა, ხოლო ორი ბიულეტენი გაბათილდა:
“ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, საკრებულოში პოლიტიკური მოცემულობა შეეცვალა იმის მიხედვით, რა შედეგიც დადგა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. გამარჯვებული პარტიაა და ჩათვალეს, რომ სხვა პარტიების წარმომადგენლები აღარ უნდა იკავებდნენ თანამდებობებს. ასე რომ, შეცვალეს “რესპუბლიკელი” თავმჯდომარე,” – ამბობს ინგა მაღრაძე.
საკრებულომ ინგა მაღრაძის გადაყენება თავდაპირველად 1 აგვისტოს სცადა, თუმცა მაშინ ამის გაკეთება ვერ შეძლო, გადაწყვეტილებისთვის საჭირო 18 ხმის ნაცვლად ინგა მაღრაძის გადაყენებას მხარი 17-მა დეპუტატმა დაუჭირა.
2016 წლის 31 მარტს “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებდნენ. ამ დღიდან რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქცია მუშაობის ოპოზიციურ რეჟიმზე გადავიდა. 12 ივლისს, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, “რესპუბლიკელმა” მინისტრებმა დაკავებული თანამდებობები დატოვეს.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურის შედეგის მიხედვით, საარჩევნო ბარიერი გადალახა სამმა პარტიამ: ქართულმა ოცნებამ (48%), ნაციონალურმა მოძრაობამ (27%) და პატრიოტთა ალიანსმა (5%).
მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგადაც, 48 მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს, მთაწმინდის ოლქში – დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო ხაშურის ოლქში – “მრეწველების” კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ.