ახალი ამბები

იმამკულიევზე ცილისწამების გამო ენმ მარნეულის ორგანიზაციიდან წევრებს გარიცხავს

4 ნოემბერი, 2016 • 1244
იმამკულიევზე ცილისწამების გამო ენმ მარნეულის ორგანიზაციიდან წევრებს გარიცხავს

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც პარტიის გენერალური მდივანი სერგო რატიანი აცხადებს, პარტიამ მხოლოდ დღის წესრიგით განსაზღვრულ 3 მთავარ საკითხზე იმსჯელა. რატიანის თქმით, პოლიტსაბჭომ პარტიის სამდივნოს დაავალა, რომ შეკრიბოს ჯგუფი, რომელიც პარტიის საარჩევნო კამპანიას შეაფასებს და გაანალიზებს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების მიზეზებს.

რატიანის ინფორმაციით, ასევე ცალკე შეიქმნება ჯგუფი, რომელიც პარტიის სამომავლო ყრილობის ჩატარების დროსა და ადგილს განსაზღვრავს. მისი თქმით, სხდომაზე პოლიტსაბჭოს განახლების შესახებ არ უსაუბრიათ.

პარტიის წევრის, დავით დარჩიაშვილის ცნობით კი, სხდომამ პარტიის მარნეულის ორგანიზაციის რამდენიმე წევრის დისციპლინური დასჯის საკითხზე იმსჯელა:

“მარნეულში ჩვენი ორგანიზაციიდან რიგი ადამიანების გარიცხვის შესახებ ვიმსჯელეთ. მათ საკუთარ თავს უფლება მისცეს, რომ ეთნიკური ნიშნით ცილისწამება განეხორციელებინათ ახმედ იმამკულიევზე,” – ამბობს დარჩიაშვილი.

პარტიამ სხდომაზე ასევე შეიმუშავა სპეციალური განცხადება, რომლის თანახმადაც, ყველანირი გადაწყვეტილება გუნდში ფართომასშტაბიანი დისკუსიის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული და პარტიისათვის მნიშვნელოვანია ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულება. თუმცა, განცხადებაში პარტიის მარნეულის ორგანიზაციდიან  წევრების გარიცხვაზე არაფერია ნათქვამი.

“სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ პარტიული აქტივისტების ნაწილი, პარტიასთან აფილირებული ზოგიერთი ჯგუფი და სოციალურ მედიაში მიმდინარე დისკუსიის ზოგიერთი აქტიური მონაწილე გასცდა ნორმალური განხილვის ფარგლებს და პარტიის ლიდერების მიმართ ყოვლად ბინძური კამპანია აწარმოა. ეს კამპანია ეფუძნებოდა სიცრუეს და პარტიის ლიდერების მიმართ აშკარა ცილისწამებას. ამ კამპანიამ სარგებელი მოუტანა ივანიშვილის რეჟიმს, რომლის მომხრეებიც დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ ამ სამარცხვინო პროცესს.

კატეგორიულად ვგმობთ შეთქმულების თეორიებს ენმ-ის ლიდერებისა და ივანიშვილის გარიგების შესახებ და ვემიჯნებით ყველას, ვინც შეურაცხმყოფელი ფორმით პარტიის დისკრედიტაციის კამპანიაში ჩაერთო. ასეთი ცილისმწამებლური ბრალდებების გამავრცელებლები ვერ იქნებიან ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ნაწილი, ან პარტიასთან რაიმე სახით აფილირებულნი,” – ნათქვამია პარტიის განცხადებაში. განცხადება სრულად იხილეთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი