ახალი ამბები

“გირჩი” მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მხარი არ დაუჭირონ ქორწინების შესახებ ჩანაწერს

2 ნოემბერი, 2016 • 1628
“გირჩი” მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მხარი არ დაუჭირონ ქორწინების შესახებ ჩანაწერს

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი” მოუწოდებს პარლამენტში მოხვედრილ ალებს, მხარი არ დაუჭირონ ქორწინების შესახებ კონსტიტუციურ ჩანაწერს, რომელიც ლგბტ ადამიანებს არათანაბარ პირობებში ჩააყენებს

დღეს, 2 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთების შემთხვევაში მას ექნება შემზღუდავი ეფექტი ადამიანის კონსტიტუციით დაცული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ და ეს ეფექტი განაპირობებს იმასაც, რომ მომავალში კანონმდებელს აეკრძალება ლგბტ ადამიანებისთვის გარკვეული უფლების მინიჭება, მაშინაც კი, თუ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ბუნებრივად მიგვიყვანს ამ რეალობამდე.

“გირჩს” მიაჩნია, რომ არასწორია და მოქმედი კონსტიტუციის რამდენიმე მუხლის პირდაპირ საწინააღმდეგოა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებიც მხოლოდ მამრობითი და მდედრობითი სქესის ადამიანების კავშირს არქმევს ოჯახს და ერთნაირი პირობებით ათანხმებს თანაცხოვრების წესებზე და განქორწინების შემდგომ ვალდებულებებზე.

“ჩვენ ვთვლით, რომ ადამიანების ერთად ცხოვრების (ან არ ცხოვრების) გადაწყვეტილება არის მხოლოდ მათი უფლება და შესაბამისი პასუხისმგებლობა. ერთად ცხოვრების შედეგად დაგროვილი ქონება და შვილების წინაშე პასუხისმგებლობის ზომა თავად ამ ადამიანებმა უნდა განსაზღვრონ კონკრეტულ შემთხვევაში გააზრებული შეთანხმებით. ოჯახი საზოგადოების პირველადი და ბუნებრივი ერთეულია სახელმწიფოსთან შედარებით. ამიტომ სახელმწიფოს არ შეუძლია დაადგინოს, რა არის ოჯახი”, – აცხადებს “გირჩი”.

გირჩის შეფასებით, ასეთი ცვლილებით ქართველი ერი თავისი ნების გამომხატველი ქართული ოცნების მეშვეობით დააფუძნებს ახალ ქვეყანას, ახალი კონსტიტუციით. ახალი კონსტიტუციით ის იტყვის, რის უფლებას აძლევს თავის თავს, როგორც კოლექტივი, ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასთან დაკავშირებით.

“ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დადგება დრო, როდესაც საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროში, ყველა ადამიანს, მათ შორის ლგბტ თემის წარმომადგენლებს, ექნება თანაბარი უფლებები. არავინ იცის, როდის და რა პროცესების შედეგად დადგება ასეთი დრო, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ ნებისმიერი ასეთი პროცესის დასაჩქარებლად”, – წერია განცხადებაში.

ამ განცხადებით “გირჩი” მიმართავს ქართველი ხალხს, მისი კონსტიტუციური ნების აღმსრულებელ “ქართულ ოცნებას”, “ნაციონალური მოძრაობას”, “პატრიოტთა ალიანსს” და  ყველას, ვინც აცხადებს პრეტენზიას პოლიტიკურ პარტიობაზე ან პოლიტიკოსობაზე, რომ ღიად და გამჭვირვალედ დააფიქსირონ თავიანთი ცალსახა პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, რათა არ მოხდეს ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შელახვა პოლიტიკური სპექტრის არასაკმარისი გამბედაობის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი