ბერძენიშვილი ყოფილ წევრებზე: ყოველთვის მეგონა, რომ საერთო ღირებულებები გვქონდა

ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, მას წარმოდგენა არ აქვს, თუ რატომ დატოვეს “რესპუბლიკური პარტია” ლიდერებმა.

“მათ უნდა თქვან, მიზეზი რა არის, ჩვენ არ ვიცით, წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდათ, თვითონ იტყვიან, ალბათ. ყოველთვის მეგონა, რომ ჩვენ საერთო ღირებულებები გვქონდა,”- აღნიშნავს ბერძენიშვილი.

მისივე განმარტებით, ასეთი გადინება მტკივნეულია, თუმცა პარტია მუშაობას გააგრძელებს:

“პარტიის ეროვნული კომიტეტი შეიკრიბება და გადაწყვეტს, როგორ გააგრძელოს მუშაობა. პარტიას ჰყავს თავმჯდომარე, არიან მდივნები და წევრები, რომ ვიმუშაოთ. მძიმე დარტყმა მივიღეთ, მაგრამ საკმარისად ვართ მუშაობის გასაგრძელებლად. ”

“რესპუბლიკური პარტია” უკვე დატოვეს დავით უსუფაშვილმა,  ფრიდონ საყვარელიძემ, პაატა ზაქარეიშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ, თინა ხიდაშელმა და  თეიმურაზ ნერგაძემ.

29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა, რომელიც იყო რეპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე 2013 წლამდე და 2016 წლის არჩევნებში პროპორციული სიის პირველი ნომერი, რესპუბლიკური პარტია დატოვა.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის,  ხათუნა სამნიძის განაცხადებით,  პარტიას სჭირდება არა მიკიბვ-მოკიბვით ლაპარაკი, არამედ მკვეთრად ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკა.

“ვფიქრობ, ჩვენს პარტიას სჭირდება მკვეთრად ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკა, არა მიკიბვ-მოკიბვით ლაპარაკი. ჩვენ 2008-ში, ძალიან მძიმე პერიოდში, მივიღეთ 69 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერა, ჩვენ ეს ამომრჩევლები დავკარგეთ და გვაქვს 27 ათასი ადამიანის მხარდაჭერა. ეს ჩემთვის არის სიგნალი, რომ ადამიანებმა, მაშინ, როცა ხედავდნენ პარტიის ძალიან მკვეთრ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ პოლტიკას, პარტიის ამ ოთხწლიან პოლიტიკაში ვერ დაინახეს და შესაბამისი პასუხი გაგვცეს. ეს არ არის ერთადერთი კომპონენტი ამ შედეგის, ბუნებრივია. წინასაარჩევნო კამპანიას თუ გავისხენებთ, ეს იყო მტრული, შავ-თეთრი, მტრის ხატზე დაფუძნებული. ამანაც იმოქმედა”, – ამბობს ხათუნა სამნიძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.