ახალი ამბებიეკონომიკა

რატომ გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ირანიდან და ინდოეთიდან

1 ნოემბერი, 2016 • 1979
რატომ გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ირანიდან და ინდოეთიდან

2016 წლის ოქტომბერს მონაცემებით, საქართველოში 527 157 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.5%-თაა გაზრდილი. მათგან ქვეყანაში 24 საათზე მეტი 215 620-მა დაჰყო, რაც გასული წელზე 20.9%-ით მეტია. განახლებული სტატისტიკური მონაცემები დღეს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წარადგინა.

ადმინისტრაციის ცნობით, ოქტომბერში ვიზიტორთა მაჩვენებელმა უკრაინიდან 15.8%-ით იმატა, რუსეთიდან კი- 13%-ით. ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში სომხეთიდან განხორციელდა, თუმცა ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 2.1%-ითაა შემცირებული.

ოქტომბრის თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტები გაიზარდა ბულგარეთიდან +54%, პოლონეთიდან +36%, ლიტვიდან +36%, ლატვიიდან +33% და გერმანიიდან +32%.

ძველ მაჩვენებლებთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ირანიდან +334%, ეგვიპტიდან +185%, ინდოეთიდან +130% და ისრაელიდან +82%, რასაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, გამარტივებული სავიზო რეგულაციებისა და ადმინისტრაციის მიერ ამ ქვეყნებში დაგეგმილი გაცნობითი ღონისძიებების დახმარებით მოხდა:

“ირანიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს, რაზეც გავლენა იქონია სავიზო რეჟიმის გაუქმებამ. ჩვენ ვემზადებოდით ამისათვის და წინასწარ დაიგეგმა შეხვედრები ირანიდან ჩამოსულ ჟურნალისტთა დელეგაციასთან, რათა მიგვეწოდებინა მათთვის ინფორმაცია საქართველოზე.” – ამბობს გიორგი ჩოგოვაძე. მისი თქმით, ამ თვის ბოლოს უკვე საქართველოდან ჩავა ირანში დელეგაცია.

ინდოეთი კი ტურიზმის ადმინისტრაციისათვის ახალი ბაზარი აღმოჩნდა, რომლის ათვისების შესაძლებლობა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან გააქტიურებული ურთიერთობების შემდეგ გაჩნდა:

“სპარსეთის ყურისა და ინდოეთის ქვეყნებს შორის ძალიან აქტიური საავიაციო მიმოსვლაა და რეისების სიხშირეები და ავიაკომპანიების სიმრავლე საშუალებას გვაძლევდა ავიაკომპანიების დახმარებით მიგვეტანა ინფორმაცია ინდოეთშიც. ავიაკომპანიების დახმარებით დაიგეგმა არაერთი საინფორმაციო ღონისძიება. 2015 წლის მანძილზე ჩვენ ინდოეთში 200-ზე მეტ ტურისტულ კომპანიას შევხვდით,” – ამბობს ჩოგოვაძე.

გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ფოტო: ნეტგაზეთი

2016 წლის იანვარ-ოქტომბერში საერთაშორისო მოგზაურთა ჯამურმა ოდენობამ 5 406 188 შეადგინა, რაც 407 379-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

19.7%-ით გაიზარდა ასევე ტურისტული ვიზიტების ჯამური რაოდენობა. წელს ეს მაჩვენებელი უკვე 2 372 351-ია, რაც 389 626-ით მეტია წინა წელზე.

იანვარ-ოქტომბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტორი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა: 13%-იანი მატებაა რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორებსა და 22%-იანი უკრაინიდან შემოსულებს შორის. ასევე ამ პერიოდში +26.8%-ით იმატა ვიზიტორებმა ლატვიიდან, +15.2%-ით ჩეხეთიდან და +11.6%-ით ლიტვიდან.

ამავე პერიოდში +494%-ით გაიზარდა მაჩვენებელი ირანის შემთხვევაში, +323%-ით კი, ინდოეთის. +116%-იანი მატებაა საუდის არაბეთიდან.

2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი საქართველოში შეადგენს $867 900 მლნ.-ს, რაც 101 მლნ.-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი