ახალი ამბები

თიბისი ბანკის საიუბილეო პროექტების პრეზენტაცია

2 აგვისტო, 2012 •
თიბისი ბანკის საიუბილეო პროექტების პრეზენტაცია

თიბისი ბანკში დღეს  ბანკის საიუბილეო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.   

 

ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ, ჟურნალისტებს გააცნო ყველა ის პროექტი, რომლის განხორციელებასაც თიბისი ბანკი  20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გეგმავს და ასევე შეაჯამა პროექტები, რომლებიც ბანკმა საიუბილეო წლის ფარგლებში თვეების მიხედვით უკვე განახორციელა.  

 

თიბისი ბანკმა საიუბილეო წელი მიუძღვნა ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით 7 თვის განმავლოვაში ბანკმა 7 უნიკალური პროექტი განახორციელა.  

 

იანვარი – 12 ნოველა: თიბისი ბანკმა დაიწყო ორიგინალური პროექტი – 12 ნოველა 12 მწერლისაგან, რომელთა ფოტოილუსტრაციები 12-მა ცნობილმა ფოტოხელოვანმა შექმნა. ამ ნოველებისა და ფოტოილუსტრაციებისაგან შეიქმნა წიგნი-დღიურები და კედლის კალენდრები, რომლებიც 10.000-მდე ადამიანს დაურიგდა.

 

თებერვალი – კინოპროექტი: მწერლების მიერ შექმნილი ნოველებისაგან 12-მა შემოქმედებითმა ჯგუფმა დაიწყო 12 მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება, რომელიც წლის ბოლოს ერთ სრულმეტრაჟიან ფილმად შეიკვრება და მის პრემიერას მაყურებელი თიბისი ბანკის დაბადების დღეს, 17 დეკემბერს იხილავს.

 

მარტი – ძველი ფილმების აღდგენა: თიბისი ბანკმა ჟურნალ „ცხელ შოკოლადთან“ ერთად დაიწყო პროექტი „ქართული ფილმების კრებული“, რომლის მიზანია ძველი ქართული ფილმების აღდგენა და ციფრულ ფორმატში გადატანა. პროექტის ფარგლებში უკვე აღდგენილია 4 ქართული ფილმი.   

 

აპრილი – „თიბისი არტ გალერეა“: თიბისი ბანკში გაიხსნა ახალი, თანამედროვე არტ-სივრცე „თიბისი არტ გალერეა“, რომლის მიზანია მაღალმხატვრული ხელოვნების წარდგენა საზოგადოებისათვის და ქართველ მხატვართა მსოფლიო მოვლენებთან ინტეგრირება. გალერეაში წელიწადში მხოლოდ ოთხი გამოფენა იმართება. „არტ გალერეამ“ უკვე უმასპინძლა ზურაბ (პიკო) ნიჟარაძისა და მამია მალაზონიას ნამუშევრების გამოფენებს.

 

მაისი – თიბისი არტარეა: თიბისი ბანკის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა ვებ-პორტალი www.artarea.ge რომელიც წარმოადგენს ერთადერთ მასშტაბურ ინტერნეტ ტელევიზიას მკაცრად განსაზვრული არეალით:  კულტურა, კულტურა და ისევ კულტურა…  Artarea TV მოიცავს ხელოვნების ყველა სფეროს: კინო, თეატრი, მუსიკა, პოპკულტურა, ჯაზი, ლიტერატურა, თანამედროვე ხელოვნება…

 

ივნისი – ლიტერატურული კონკურსი „საბა“: წარმატებით შედგა ლიტერატურული კონკურსის „საბა“ რიგით მე-10 დაჯილდოების საიუბილეო ცერემონიალი, რომლის დროსაც გამოვლინდა 2011 წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები 9 ნომინაციის მიხედვით.  

ივლისი – ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“: თიბისი ბანკმა საზოგადოებას წარუდგინა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, ეს არის ინოვაციური ვებ-სივრცე მისამართზე www.saba.com.ge, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო თანამედროვე ლიტერატურის ელექტრონულ ვერსიებს – ლიტერატურული პრემია “საბას” სხვადასხვა წლების ნომინანტ და ლაურეატ წიგნებს, ელექტრონული სახით.

 

ეს არის ყველა იმ მსხვილი პროექტის ჩამონათვალი, რომელიც თიბისი ბანკმა 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით დღემდე განახორციელა.

 

თუმცა საიუბილეო ღონისძიებები გრძელდება და 11 აგვისტოს, 20:00 საათზე, ბათუმის მუსიკისა და ხელოვების ცენტრში, თიბისი ბანკი წარმოგიდგენთ ყველასათვის საყვარელი ქართული მიუზიკლის „ვერის უბნის მელოდიები“ თანამედროვე ვერსიას.

 

მიუზიკლის დამდგმელი რეჟისორი, ქორეოგრაფი და კოსტიუმების მხატვარია ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფი, რედა ბენტიფორი, მუსიკალური ხელმძღვანელი– ნიკოლოზ რაჭველი, ხოლო დამდგმელი მხატვარი და სცენოგრაფი –ცნობილი არგენტინელი დიზაინერი სანტიაგო (ტატო) ფერნანდესი.   


გარდა ამისა, თიბისი ბანკი წლის ბოლომდე კიდევ არაერთ სიახლეს შემოგთავაზებთ: ოქტომბერში თიბისი ბანკის ეზოში, ღია ცის ქვეშ ჩატარდება ცოცხალი მუსიკის საღამო, ხოლო დეკემბერში,  თიბისი ბანკის დაბადების დღეზე, ბანკი წარმოგიდგენთ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების მიერ შექმნილ  სრულმეტრაჟიან ფილმს, რომლის პრემიერაც 17 დეკემბერს შედგება.

თიბისი ბანკი
თიბისი ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი