ახალი ამბებისაზოგადოება

კიბო, რომელსაც ვსუნთქავთ

31 ოქტომბერი, 2016 • 4958
კიბო, რომელსაც ვსუნთქავთ

საქართველოში 2002 წლიდან 2015 წლამდე პირველად დადგენილი დიაგნოზით სიმსივნეების საერთო რაოდენობა 6,6-ჯერ გაიზარდა.  რატომ იზრდება კიბოს რიცხვი: ოფიციალური და არაოფიციალური მიზეზები:

მარიამ უგრეხელიძე/ifact.ge


კიბოს სტატისტიკა საქართველოში

კიბოს სტატისტიკა საქართველოში

კიბოს შემთხვევების მატებას დაავადებათა კონტროლის ცენტრში არა თავად დაავადების გახშირებით, არამედ იმით ხსნიან, რომ ქვეყანაში 2015 წლის პირველი იანვრიდან კიბოს პოპულაციური რეგისტრი დაიწყო. თუმცა რეგისტრის დაწყება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სიმსივნეების რაოდენობა აღრიცხვის დაწყებამდეც იზრდებოდა.

“მატების ძირითადი ხვედრითი წილი განპირობებულია რეგისტრირებული შემთხვევების ზრდით და არა დაავადებათა ახალი შემთხვევების უშუალო მატებით. რეგისტრირებული შემთხვევების მატება, თავის მხრივ, დაკავშირებულია ქვეყანაში ონკოლოგიურ დაავადებათა მონიტორინგის გაუმჯოებესების მიზნით კიბოს პოპულაციური რეგისტრის დანერგვასთან,”- ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ “აი, ფაქტისთვის” გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციით, სიმსივნეების რიცხვის ზრდა შემდეგი ფაქტორებით აიხსნება:

[checklist]

  • რეგისტრაციის გაზრდა (გაუმჯობესება);
  •  ჯანდაცვის სისტემაზე ხელმისაწვდომობისა და მიმართვიანობის გაზრდა; 
  • სამედიცინო დაზღვევის სისტემის შემოღება (გაფართოება).

[/checklist]

ექიმთან მიმართვიანობა 2002 წლიდან 2015 წლამდე სულ 2,4-ჯერაა გაზრდილი, მაშინ, როცა სიმსივნეების რიცხვი 6,6-ჯერაა მომატებული. 2002 წელს ექიმთან მიმართვიანობა ერთ სულ მოსახლეზე 1,5 იყო, ხოლო 2015 წელს- 3,6.

დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან გასხვავებით, ქართველი ონკოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ კიბოს რიცხვის ზრდის მიზეზი მხოლოდ მოსახლეობის დაბერება, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა და კიბოს შემთხვევების აღრიცხვის გაუმჯობესება არ არის. ექიმები თვლიან, რომ ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებაში, რაც სხვა შემთხვევებთან ერთად მოიცავს სიმსივნესა და სასუნთქი გზების დაავადებებსაც.

2016 წლის ივნისში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ თბილისში ჰაერის ერთ კუბურ მეტრში Pm10-ის მაჩვენებელი 55-იყო, რაც დასაშვებ ნორმას 3-ჯერ აღემატებოდა (Pm10 ჰაერში 10 მიკრომეტრის დიამეტრის მქონე ნაწილაკების არსებობას გულისხმობს. ასეთი შეიძლება მტვრის ნაწილაკები იყოს). ასევე თბილისში ჰაერის ერთ კუბურ მეტრში Pm2.5-ის მაჩვენებელი 29 იყო, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილ დასაშვებ ნორმაზე 2-ჯერ მეტია (PM2.5 ჰაერში 2.5 მიკრომეტრის დიამეტრის მქონე ნაწილაკების არსებობას გულისხმობს და ასეთი ნაწილაკები ატმოსფეროში საწვავის წვის შედეგად ხვდება).

2016 წლის აგვისტოში კლინიკა “მედიქლაბის” ექიმებმა განაცხადეს, რომ უკანასკნელი 5 წლის მანძილზე საგრძნობლად იმატა სიმსივნეების, სასუნთქი გზების დაავადებებისა და ალერგიების სიხშირემ. “ამის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ეკოლოგიური პირობების გაუარესებაა. ჩვენ ვიცით, რა შეიძლება მოხდეს მომავალში, ჩვენ გვეშინია მომავლის!” – წერდნენ კლინიკის ექიმები ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, თუმცა ახლა ეს განცხადება უკვე აღარ იძებნება. ჩვენ მიზეზის დასადგენად მივამრთეთ, თუმცა არ გვიპასუხეს.

ჰაერის დაბინძურებას, კერძოდ კი, მანქანების გამონაბოლქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშად მიიჩნევს და კიბოს ერთერთ გამომწვევ მიზეზად ასახელებს ონკოლოგი მიხეილ ჯანჯალია. ის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი და საქართველოში ინტრო ოპერაციული სხივური თერაპიის პროექტის ინიციატორია.
საქართველოში რომ არა მხოლოდ გამონაბოლქვი, არამედ თავად საწვავიც მავნებელია ჯანმრთელობისთვის და არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, კარგად ჩანს  სტუდია “მონიტორის” მიერ 2014 წელს ჩატარებულ
ჟურნალისტურ გამოძიებაშიც. სტუდია “მონიტორმა” ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე აჩვენა, რომ საქართველოში შემოტანილ აზერბაიჯანულ დიზელში გოგირდის მოცულობა ევროპულ სტანდარტს 6.5-ჯერ აჭარბებს. გოგირდი კი სასუნთქი გზებისა და ფილტვების დაავადებებს იწვევს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი და დაავადებათა ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის მრჩეველი, ნია გიუაშვილი თვლის, რომ ჰაერის დაბინძურება ნამდვილად არის დაავადებების და მათ შორის ონკო-დაავადებების გამომწვევი. 2013 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰაერის დაბინძურება კანცეროგენად მიიჩნია და განაცხადა, რომ ის ნამდვილად იწვევს კიბოს. ჰაერის დაბინძურებასთან ერთად WHO-მ კანცეროგენად მიიჩნია სიგარეტის გამონაბოლქვი და ულტრაიისფერი სხივებიც.
საქართველოში სიმსივნის შესახებ მონაცემებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აგროვებს. ამ პროცესში 31 პათოლოგიურ-ანატომიური ლაბორატორია და 226 ონკოლოგიური სერვისის განმახორციელებელი დაწესებულება მონაწილეობს, მაგრამ ცდომილება მონაცემებში მაინც არსებობს. ასეთი ცდომილება შეიძლება იყოს არა მხოლოდ აღურიცხავი კიბოს შემთხვევები, არამედ სიმსივნის არასწორი დიაგნოზიც. ამის მაგალითია 24 წლის თეო ჯაჭვლიანი, რომელსაც საქართველოში სწორი ნაწლავის კიბოს მეოთხე სტადია დაუდგინეს. თურქეთში ჩატარებულმა კვლევებმა კი ქართველი ექიმების დიაგნოზი გამორიცხა.

თბილისის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი, ონკოლოგი მიხეილ ჯანჯალია თვლის, რომ თეოს მსგავსი შემთხვევები ქვეყანაში ცოტაა და ასეთი არასწორი დიაგნოზების რიცხვი არ ცვლის საერთო სურათს.

მასალების გადაბეჭდვის წესი