ახალი ამბები

ISFED: არჩევნების მეორე ტურზე დაფიქსირებულ დარღვევებს შედეგზე გავლენა არ მოუხდენია

31 ოქტომბერი, 2016 • 1790
ISFED: არჩევნების მეორე ტურზე დაფიქსირებულ დარღვევებს შედეგზე გავლენა არ მოუხდენია

31 ოქტომბრის მონაცემებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს” დაყენებული აქვს საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის და ერთი საარჩევნო უბნის ბათილობის საკითხი.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ხმის დათვლის პროცესში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვანი ტიპის დარღვევებს, მათ შორის, ზოგ უბანზე – ბიულეტენებისა და ხელმოწერების რაოდენობის შეუსაბამობას; შემაჯამებელი ოქმების არასათანადოდ შევსება-გადასწორების ცალკეულ შემთხვევებს, ბიულეტენების ფარულობის დარღვევის მასშტაბურ შემთხვევას ერთ საარჩევნო უბანზე.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხმის დათვლის პროცესში გამოვლენილი დარღვევები წარმოადგენდა ცალკეულ საყურადღებო შემთხვევებს, თუმცა მას არ ჰქონდა სისტემური ხასიათი და ვერ მოახდენდა მაჟორიტარული არჩევნების შედეგებზე არსებითი ხასიათის ზეგავლენას.

დამკვირვებლებმა  ჩანაწერთა წიგნში 61 შენიშვნა დაფიქსირეს, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 37 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში- 55 საჩივარი.

სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა ხმის დათვლის პროცესში შემდეგი სახის დარღვევები დააფიქსირეს”

ბიულეტენების ნაკლებობა ხელმოწერების რაოდენობაზე:

  • #60 მაჟორიტარული ოლქის #3 უბანზე (ჩოხატაური) ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა 148-ით აღემატება ბიულეტენების რაოდენობას.

ბიულეტენების მეტობა ხელმოწერებზე:

  • #36 მაჟორიტარული ოლქის #68 საარჩევნო უბანზე (მარნეული) ბიულეტენების რაოდენობა 2-ით მეტია სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.
  • #65 მაჟორიტარული ოლქის #22 საარჩევნო უბანზე (ზუგდიდი) ბიულეტენების რაოდენობა 1-ით მეტია სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.
  • #23 მაჟორიტარული ოლქის #37 საარჩევნო უბანზე (საგარეჯო) რეგისტრატორის მიერ გაცემული ბიულეტენები ორით აღემატება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას.

შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შევსება:

  • #68 მაჟორიტარული ოლქის #98 საარჩევნო უბანზე (ბათუმი) შემაჯამებელ ოქმში გადასწორებულია მიღებული ბიულეტენების რაოდენობა და აღნიშნულს თან არ ახლავს შესწორების ოქმი.
  • #39 მაჟორიტარული ოლქის #30 საარჩევნო უბანზე (კასპი) შემაჯამებელ ოქმში არაა მითითებული ბათილი ბიულეტენები.

ბიულეტენების არ დამოწმება:

  • #44 მაჟორიტარული ოლქის #30 საარჩევნო უბანზე (ახალციხე) 12 ბიულეტენი არ იყო დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით, მათ შორის, ერთს არ ჰქონდა ასევე რეგისტრატორის ბეჭედი. აღნიშნული ბიულეტენებიდან 11 იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო ერთი „ქართული ოცნების“;
  • #49 მაჟორიტარული ოლქის #98 საარჩევნო უბანზე (ქუთაისი) ხმის დათვლის პროცესში გამოვლინდა, რომ 9 ბიულეტენი არ იყო დამოწმებული რეგისტრატორის ხელმოწერით და ბეჭდით, რაც ბიულეტენების ბათილობის საფუძველია. აღნიშნულ 9- დან არჩევანი 6 ბიულეტენში „ქართული ოცნების“, ხოლო 3 შემთხვევაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ იყო გაკეთებული.

ბიულეტენების ფარულობის დარღვევა

  • #66 მაჟორიტარული ოლქის #72 საარჩევნო უბანზე (ზუგდიდი) ხმის დათვლის დროს ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბური ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, 35 კონვერტში საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად მოთავსებული იყო ამომრჩევლის ბარათები, რაც ამომრჩევლების იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა. მათ შორის, ერთ-ერთ ბიულეტენზე ამომრჩეველს გაკეთებული ჰქონდა მინაწერი, რითიც იგი ადასტურებდა კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემის ფაქტს. აღნიშნულ ბიულეტენებში მოქალაქეებს არჩევანი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჰქონდათ გაკეთებული. „სამართლიანი არჩევნებს“ საოლქო საარჩევნო კომისიაში დაყენებული აქვს აღნიშნული საარჩევნო უბნის ბათლობის საკითხი.

მასალის დალუქვის წესის დარღვევა:

  • #7 მაჟორიტარული ოლქის #29 საარჩევნო უბანზე (კრწანისი) არ მოხდა კომისიის ბეჭდის დალუქვა. • #7 მაჟორიტარული ოლქის #7 და #9 საარჩევნო უბნებზე (კრწანისი) არ მოხდა ჩანაწერთა წიგნის დალუქვა. • #7 მაჟორიტარული ოლქის #23 საარჩევნო უბნანზე (კრწანისი) გაფუჭებული ბიულეტენები არ იყო დალუქული დადგენილი წესით.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:

  • #23 მაჟორიტარული ოლქის #23 საარჩევნო უბნიდან (საგარეჯო) საარჩევნო ოლქში არ იყო წარდგენილი სარეგისტრაციო ჟურნალი.

საკონტროლო ფურცლების შეუსაბამობა:

  • #72 მაჟორიტარული ოლქის #3 საარჩევნო უბანზე (ხელვაჩაური) ძირითადი ყუთის საკონტროლო ფურცელი არ შეესაბამება თავმჯდომარესთან შენახულ საკონტროლო ფურცელს.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2016 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა.

„სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 700-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგებოდა, მათ შორის იყო 600-ზე მეტი მოკლევადიანი დამკვირვებელი საუბნო საარჩევნო კომისიებში, 43 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი და 40 მობილური ჯგუფი.

„სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, მისი დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანს უწევდნენ მონიტორინგს ოთხ ოლქში: #36 მარნეულის; #44 ახალციხე-ადიგენის; #49 ქუთაისის და #66 ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი