დღეს, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურებში უბნებზე ისეთი ამომრჩევლების მისვლა ფიქსირდება, რომელთაც მარკირება უკვე გავლილი აქვთ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ მარკირების კვალი 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დარჩათ, ნაწილი კი  მანდარინის წვენს აბრალებს.

ქუთაისის 37-ე უბანზე კომისიის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ხმის მიცემის უფლება მისცეს ამომრჩეველს, რომელსაც მარკირების კვალი ეტყობოდა. #37 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, რუსუდან ედიბერიძის განცხადებით, მან დარეკა ცესკოში, სადაც უთხრეს, რომ შესაძლოა ძველი მარკირების კვალი ყოფილიყო დარჩენილი თითზე.

ცესკოში განგვიცხადეს, რომ ქუთაისის #37 უბნის შემთხვევის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ და გადაამოწმებენ, თუმცა განმარტავენ, რომ “მსგავსი დირექტივა მიცემული ნამდვილად ვერ იქნებოდა”.

მარკირებული ამომრჩევლის მისვლის ფაქტები სხვა უბნებზეც დაფიქსირდა. ცესკოს განცხადებით, ისანში, ფოთში და მთაწმინდაზე, სადაც მარკირებული ამომრჩევლები მივიდნენ, ხმის მიცემის უფლება არ მისცეს.

ცესკოს განცხადებით, გამორიცხულია, ამომრჩევლებს 8 ოქტომბრის არჩევნების მარკირების კვალი ეტყობოდეთ:

“მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლა დაფიქსირდა მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ 8 ოქტომრის არჩევნების შემდეგ დარჩათ ხელზე მარკირება, რაც, პრაქტიკულად,  არის გამორიცხული. მსგავსი თითო ფაქტი დაფიქსირდა ისნისა და ფოთის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების თითო უბანზე, სადაც ამომრჩევლებს, მას შემდეგ, რაც დაუდგინდათ მარკირება, საუბნო სარჩევნო კომისიებმა, კანონის შესაბამისად, არ მისცეს ხმის მიცემის განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშრებით, რაც დაფიქსირდა მთაწმინდაზე, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დაწერა საჩივარი,”- განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

მარკირებული ამომრჩევლები მიდიან ბათუმის #63 საარჩევნო უბანზეც. ყველა მათგანმა განაცხადა, რომ მანდარინი მიირთვეს და ამიტომ აჩვენებდა აპარატი მარკირებას. “გაზეთმა ბათუმელებმა” ჩაატარა ექსპერიმენტი და უბანზე მანდარინი მიიტანა. როგორც აღმოჩნდა, მანდარინის წვენი არ ტოვებს მარკირების მსგავს კვალს. ბათუმის საოლქო კომისიის წარმომადგენელმა ირმა სეფერთელაძემ „ბათუმელებს” უთხრა, რომ „მარკირების სითხე გადადის მარკირებულ ამომრჩევლზე ხელის ჩამორთმევით“. ის ასევე ამბობს, რომ „ამ მხვრივ პრობლემას ქმნის მანდარინის წვენიც“.

ცესკოს სკიპერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ და გადაამოწმებდნენ.

მარკირებული ამომრჩეველი მთაწმინდაზე მე-14 უბანზე. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი
მარკირებული ამომრჩეველი მთაწმინდაზე მე-14 უბანზე. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *