ახალი ამბები

ფიზიკური დაპირისპირება და დაკავება გორის საარჩევნო უბანზე

30 ოქტომბერი, 2016 • 1418
ფიზიკური დაპირისპირება და დაკავება გორის საარჩევნო უბანზე

პოლიციამ ერთი პირი დააკავა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით გორში, ხოლო საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით [ცემა] დაიწყო.

ინციდენტი 30 ოქტომბერს  გორის 42-ე საარჩევნო ოლქის 45-ე საარჩევნო უბანთან მოხდა. ენმ და “ქართული ოცნება” ფიზიკური დაპირისპირების დაწყებაში  ერთმანეთს ადანაშაულებენ.

შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსის  166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს,  დაკავებულია იმედა მერებაშვილი.

მისი შვილი, ალბერტ მერებაშვილი კი ნაცემია – ენმ აცხადებს, რომ ის გორის საკრებულოს წევრმა კობა ბერიანიძემ იმის გამო სცემა, რომ მხარს უჭერს ნაციონალურ მოძრაობას.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ფიზიკური დაპირისპირება იყო ორმხივი და პირველად ალბერტ მერებაშვილმა დაარტყა „ქართული ოცნების“ აქტივისტს.

„ალბერტ მერებაშვილი, რომელიც არის კიკბოქსიორი, სპორტსმენი და ბადრი ბასიშვილის ზონდერდაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, მისული იყო საარჩევნო უბანთან. ეს ადამიანი გახლავთ თბილისის კუდ-ის ყოფილი უფროსის, რევაზ შიუკაშვილის დისშვილი. მან მძიმე პროვოკაციაზე სცადა ჩვენი აქტივისტების წამოკიდება. ჩვენი აქტივისტები მობილიზებული იყვნენ საარჩევნო უბანთან. მან სცადა შეურაცხყოფის მიყენება „ქართული ოცნების“ აქტივისტებისათვის. აქ საუბარი იყო გინებაზე, ძალიან უწმაწური ფორმით იყო ეს ყველაფერი გამოხატული“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით,  “ინციდენტის დროს დაშავდნენ ადამიანები როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, მათ შორის დაშავდა ალბერტ მერებაშვილი. ამის შემდეგ მერებაშვილის მამა მივიდა ადგილზე, რომელიც შევიდა შელაპარაკებაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან. მათ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა” და ამის საფუძველზე იმედა მერებაშვილი არის დაკავებული სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან“.

ინციდენტის ადგილას არ იმყოფებოდნენ “სამართლიანი არჩევნების” და საიას დამკვირვებლები.  თუმცა  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორის #44 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“ დამკვირვებელმა საიას დამკვირვებელი გააკრიტიკა წილისყრებთან დაკავშირებით დაწერილი საჩივრის გამო და დაემუქრა,  „ყოფილი კუდ-ის წარმომადგენელი ვარ და არაფერი შეგეშალოსო.“ ეს დამკვირვებელი ალბერტ მერებაშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი