ახალი ამბები

დაპირისპირება ქართულ ოცნებასა და ენმ-ს შორის კარალეთში

28 ოქტომბერი, 2016 • 1686
დაპირისპირება ქართულ ოცნებასა და ენმ-ს შორის კარალეთში

“ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” კარალეთში პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს, რასაც “ნაციონალურ მოძრაობაში” ცრუ ბრალდებას უწოდებენ.

“ქართული ოცნების” მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიჭრნენ „ქართული ოცნების” კარალეთის შტაბში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შტაბის თანამშრომლებს:

“დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა საკუთარი სახე, რომ ძალადობა, პროვოკაციები და მუქარა არის მათი მოქმედების სტილი.  “ქართული ოცნება“ მოუწოდებს თავის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ მსგავს პროვოკაციებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია, არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში,” – აღნიშნულია განცხადებაში.

“ნაციონალური მოძრაობის” გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის განცხადებით, ეს ცრუ ბრალდებაა:

“ეს არის ცრუ ბრალდება. კარალეთის დევნილთა დასახლებაში “ქართულ ოცნებას” აქვს ოფისი, სადაც სამუშაო საათებში იმყოფებოდნენ გამგებლის მოადგილე  და გამგეობის თანამშრომლები. ისინი სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ ეწეოდნენ აგიტაციას. მათ ჩვენი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მიუთითა, რომ სამუშაო საათებში არ შეიძლება, საჯარო მოხელეები  იმყოფებოდნენ პარტიის შტაბში. აქედან გამომდინარე, იქ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაშიც მონაწილეობდნენ მიუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები. შესაბამისი ვიდეოკადრები აქვს ტელეკომპანია “თრიალეთს.”

უცნობია, დაიწყო თუ არა შს სამინისტრომ გამოძიება. უწყების პრესსამსახურის განცხადებით, საკითხს გაარკვევენ და ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.

გორში, 42-ე საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ბადრი ბასიშვილი (ენმ) და თენგიზ ხუბულური (ქართული ოცნება) დაუპირისპირდებიან. 50 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

თენგიზ ხუბულური და ბადრი ბასიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი