ახალი ამბები

12 მოსამართლე, რომლებიც უვადოდ დაინიშნენ

28 ოქტომბერი, 2016 • 3238
12 მოსამართლე, რომლებიც უვადოდ დაინიშნენ

დღეს, 28 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თორმეტი კანდიდატი მოსამართლიდან თორმეტივე უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე დანიშნა.

ამ მოსამართლეებმა 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა უკვე დაასრულეს და საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განცხადებით, ისინი შემოწმდნენ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების მიხედვით, სადაც საკმარისად მაღალი ქულები დააგროვეს. ასევე, მურუსიძემ აღნიშნა, რომ გასაუბრების ეტაპზე საბჭოს მოსამართლეებისთვის არ დაუსვამს კითხვები მათ მიერ განხილულ კონკურეტულ საქმეებთან დაკავშირებით.

კენჭისყრის დროს საბჭოს წევრებმა: ლევან მურუსიძემ, თამარ ალანიამ, პაატა სილაგაძემ, მერაბ გაბინაშვილმა, შოთა გეწაძემ, ვახტანგ თორდიამ, ილონა თოდუამ და საბჭოში პეზიდენტის მიერ დანიშნულმა წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა ყველა კანდიდატს დაუჭირეს მხარი.

კანდიდატის უვადოდ დასანიშნად საბჭოს წევრების მინიმუმ 10 ხმა არის საჭირო. ყველა კანდიდატმა საჭირო ხმების მინიმუმზე უფრო მაღალი რაოდენობა მიიღო.

გიორგი მიროტაძე – უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. მას მხარი დაუჭირა საბჭოს 13-მა წევრმა, გოჩა მამულაშვილის გარდა. მიროტაძე 2015 წლის დეკემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2005-2006 წლებში მუშაობდა გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე, შემდეგ, სხვადასხვა დროს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე, ასევე, კონსულტანტის თანამდებობებზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროში, უზენაეს სასამართლოში- კონსულტანტად. 2013-2015 წლებში იყო სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.

ნატა ნაზღაიძე – უვადოდ დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში. ნაზღაიძეს საბჭოს თოთხმეტივე წევრმა დაუჭირა მხარი. ნატა ნაზღაიძე 2013 წლიდან თბილსის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.  2003-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2013 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2013 წელს 10-წლიანი ვადის ამოწურვის გამო თანამდებობიდან გათავისუფლდა, თუმცა ამავე წელს 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა.

ნატა ნაზღაიძე სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარე იყო. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვტილება და “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

მურთაზ მეშველიანი – უვადოდ დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში. მას საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი მხოლოდ გოჩა მამულაშვილი იყო.

იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა 2013 წლის ნოემბერიდან. მანამდე (2013 წელს)  10-წლიანი ვადით იყო დანიშნული ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, 2005 წლიდან კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა.

ხათუნა ხომერიკი – უვადოდ დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. მას საბჭოს წევრებიდან მხოლოდ ევა გოცირიძემ არ დაუჭირა მხარი.

ხათუნა ხომერიკი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა 2013 წლის ნომებრიდან. 3-წლიანი ვადით დანიშვნამდე უკვე იყო 10-წლიანი ვადით დანიშნული ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

ნანა ჭიჭილეიშვილი – უვადოდ დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მას მხარი არ დაუჭირეს  საბჭოს წევრებმა: გოჩა მამულაშვლმა და კახა სოფრომაძემ.

ნანა ჭიჭილეიშვილი 2013 წელს იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახალგორის მუნიციპალიტეტში; 2013-2015 წლებში მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 ივლისის 1/161 გადაწყვეტილებით, სამი წლის გამოსაცდელი ვადით, 25 ივლისიდან გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

humanrights.ge-ის ინფორმაციით, საგადასახადო უწყების ყოფილი თანამშრომელი, თეიმურაზ მექვაბიძე, რომელიც სამსახურიდან უსაფუძვლოდ დათხოვნის საქმეზე დავობდა, აცხადებს, რომ 2009 წელს მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა მისი საქმე სააპელაციო სასამართლოში უსამართლოდ გადაწყვიტა. იგი აპირებდა, მიემართა სტრასბურგის სასამართლოსთვის, თუმცა ეს უსახსრობის გამო ვერ შეძლო. humanrighs.ge-სთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ  ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ფინანსთა სამინისტროში მას განუცხადეს, რომ მართლაც უსაფუძვლოდ იყო დათხოვნილი, თუმცა “სამართლიანობის აღდგენა” მაინც ვერ შეძლო.

ლევან მიქაბერიძე – უვადოდ დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. მიქაბერიძის დანიშვნას მხარი საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა.

ლევან მიქაბერიძე, გამოსაცდელი ვადის ფარგლებში,  2013-2016 წლებში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.

ციცინო კიკვაძე – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ტყიბულის მუნიციპალიტეტში. მის დანიშვნას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა.

ციცინო კიკვაძე 2013 წლის ნოემბრიდან გამოსაცდელი ვადის ფარგლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ტყიბულის მუნიციპალიტეტში. თუმცა მოსამართლედ მანამდეც მუშაბდა: 2005-2009 წლებში იყო ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007-2009 წლებში მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; 2009-2013 წლებში ჩარიცხული იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში; 2013 წლის 29 ნოემბერს ამოირიცხა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვიდან და გათავისუფლდა მოსამართლის თანამდებობიდან.

გოჩა ფუტკარაძე – უვადოდ დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. ფუტკარაძის დანიშვნას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა.

გოჩა ფუტკარაძე ამავე სასამართლოში მუშაობდა გამოსაცდელი ვადის პერიოდშიც. მას უკვე გავლილი აქვს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადაც: 2003-2009 წლებში იყო შუახევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2004-2011 წელბში მივლინებული იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ; 2009 წელს დაეკისრა წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება და მივლინებული იქნა ბათუმის რაიონულ სასამართლოში უფლებამოსილების განსახორციელებლად; 2011-2012 წლებში მივლინებულ იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში; 2012 წელს (თებერვლიდან ნოემბრამდე) მივლინებული იყო ქუთაისის საქალაქო და ვანის რაიონულ სასამართლოებში; 2012-2013 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე.

ნინო შარაძე – უვადოდ დაინიშნა გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. მას მხარი იუსტიცისი უმაღლესი საბჭოს თოთხმეტივე წევრმა დაუჭირა.

ნინო შარაძე 2003 წელს პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო 2005 წელს – თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

გერმანე დადეშქელიანი – უვადოდ დაინიშნა გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში. მას გოჩა მამულაშვილის გარდა საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.

გერმანე დადეშქელიანი 2013 წლიდან 3-წლიან გამოსაცდელი ვადის პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა.

გერმანე დადეშქელიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმის მოსამართლე იყო. ამ საქმეზე თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა არის ბრალდებული. უგულავა გერმანე დადეშქელიანს სასამართლო პროცესებზე უნდობლობას უცხადებდა.

მერაბ ღვინიაშვილი – უვადოდ დაინიშნა სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.  გოჩა მამულაშვილის გარდა მას მხარი საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა.

მერაბ ღვინიაშვილი 2005-2009 წლებში იყო მარნეულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2009-2011 წლებში – მარტვილის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2010-2011 წლებში მივლინებული იყო ბოლნისის რაიონული სასამართლოში; 2011-2013 წლებში კი რეზერვში გადაინაცვლა. 2013 წლიდან ღვინიაშვლი დაინიშნა სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ დედოფლისწყროს მუნიციპალიტეტში.

ნანა ჯანხოთელი – უვადოდ დაინიშნა ცაგერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლედ ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მას დანიშვნას მხარი არ დაუჭირეს ნინო გვენეტაძემ და სერგო მეთოფიშვილმა.

ნანა ჯანხოთელი 2013 წლის ნოემბრიდან იყო ცაგერის რაიონულ სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლენტეხის მუნიციპალიტეტში. მანამდე 10 წლის განმავლობაშიც დანიშნული იყო მოსამართლედ:  2003-2012 წლებში იყო ლენტეხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და დაკისრებული ჰქონდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება; 2010-2012 წლებში მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ცაგერის რაიონულ სასამართლოში და, ამავდროულად, ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; 2012-2013 წლებში იყო ცაგერის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე და დაკისრებული ჰქონდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი