ახალი ამბები | , ,

“მომისმინე” – რას ამბობენ ლგბტი თემის წევრები სომხეთში

27 ოქტომბერი, 2016 | | 1296
“მომისმინე” – რას ამბობენ ლგბტი თემის წევრები სომხეთში

“მომისმინე” – ასე ჰქვია, დოკუმენტურ ფილმს, რომელიც შეეხება ლგბტი თემის მდგომარეობას სომხეთში და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ლგბტი ადამიანები არიან.

კარაბინა

“მესამე კლასში რომ ვიყავი, ერთი ბიჭი შემიყვარდა იმდენად, რომ წერილი მივწერე. წერილი მან მასწავლებელს აჩვენა. მასწავლებელმა სკოლის დირექტორთან ჩამიყვანა. დედაჩემიც იქ იყო, ყველანი დირექტორის მოადგილესთან ვიცდიდით. როდესაც დედაჩემს დაუძახეს, რომ კაბინეტში შესულიყო, სკოლიდან გავიქეცი.

გვიან ღამით, როდესაც გამბედაობა მოვიკრიბე, სახლში დავბრუნდი, მამაჩემი იწვა. მითხრა, “ძვირფასო შვილო, წამიკითხე წერილი”. მე ხმამაღლა დავიწყე კითხვა, მან ჯოხით ცემა დამიწყო. შემდეგ სკამი გადამამტვრია, რომელიც ახლაც არის ჩვენს სახლში. ისე მცემა, რომ ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა მიჭირდა.

შემდეგ ჩემი ძმა, რომელიც ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, სახლში მოვიდა, მე იატაკზე ვეგდე და მანაც მცემა. უფლება არ მისცეს დედაჩემს, ჩარეულიყო, სახლში ორი თვის განმავლობაში ვყავდი დაბმული. ამის შემდეგ მივხვდი, თავისუფლება რას ნიშნავს.”

მელ

“როცა ადამიანები გოგოს მეძახდნენ, სული მეხუთებოდა. ჩემმა მწვრთნელმა ერთხელ მითხრა, რომ კაბა უნდა ჩამეცვა, რაზეც ვუპასუხე, რომ თვითონ თუ ჩაიცვამდა კაბას და  გაიკეთებდა მაკაიჟს. მაშინ მეც ამავეს გავაკეთებდი.

17 წლის ვიყავი. ჩემმა მწვრთნელმა მცემა იმიტომ, რომ გოგოს ვეხუტებოდი. ამის შემდეგ, მაიძულა პირობა დამედო, რომ არც ერთ გოგოს არ მივეკარებოდი… ტყუილები არ მიყვარს, მაგრამ იძულებული გავხდი თავი დამეცვა ტყუილით, რადგან სიმართლე მომკლავდა.

ვერც წარმოვიდგენდი, რომ მექნებოდა იმდენი ძალა, მებროლა, გამემარჯვა და მქონოდა ჩემი საკუთარი ოჯახი და ვყოფილიყავი ბედნიერი. სიცოცხლითა და ბედნიერად ყოფნით მათ ვაჩვენებ, რომ ვარ ის, ვინც ვარ. ვარ თითოეულ მათგანზე ძლიერი, რადგან მე ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით ისე, რომ სხვების არ დამინგრევია.”

რომიკ

“წარსულში ვერ ვიტანდი სიტყვას “გეი”, მაგრამ არ შემშინებია თვალი გამესწორებინა ჩემი თავისთვის. მერე ვთქვი, რომ თუკი ვგრნობდი იმას, რასაც ახლა ვგრძნობ, მაშინ ეს მე ვარ და უნდა მივიღო.

შემდეგ იყო პერიოდი, როდესაც თავი სცენაზე მეგონა. ვთამაშობდი ჩემთვის განკუთვნილ როლს, რომელიც ჩემი არ იყო, რათა საზოგადოებისთვის მესიამოვნებინა.

შეყვარებული გოგო მყავდა, დანიშნულებიც ვიყავით. სამი წელი ერთად ვიყავით, თუმცა სექსი არ გვქონია, ვცდილობდი თავი ამერიდებინა, რადგან ქალები არ მიზიდავდა. ჩემმა მეგობარმა გამომაფხიზლა- “რომიკ, რას აკეთებ, მცდარ გზაზე დგახარ, ეს არ არის შენი გზა.”

მე დავასრულე ეს ურთიერთობა იმ ტყუილების გამო, რომელშიც ვცხოვრობდი. მზად ვიყავი დამენგრია სხვისი ცხოვრება იმისთვის, რათა სიმშვიდე მომეპოვებინა და იმად ვქცეულიყავი, როგორადაც მომიაზრა საზოგადოებამ.

გავაცნობიერე, რომ ჩემი ოჯახისთვის უნდა გამეზიარებინა ჩემი რეალური ცხოვრება, როგორც ყველა სომხურ ოჯახში, მათთვისაც რთული იყო და ახლაც უჭირთ ამის მიღება”.

ელვირა

“მთელი ცხოვრება თავს ჰეტეროსექსუალად მივიჩნევდი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ცხოვრებაში, სრულიად მოულოდნელად, უეცარი ცვლილება მოხდებოდა.

მოხდა ისე, რომ ძალიან ღრმა ემოციური სასიყვარულო ურთიერთობა მქონდა ქალთან. დედაჩემი მზად არ იყო ამის მოსასმენად. მე ვემზადებოდი მასთან ამ დიალოგისთვის. ჩვენ ვსაუბრობდით კაცებზე ჩვეულებრივ და შემდეგ ლგბტ საკითხებისადმი ინტერესზე გავაგრძელეთ საუბარი. დედაჩემმა მკითხა, რატომ ვიყავი დაინტერესებული ამ საკითხებით, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ამ კუთხით ვმუშაობდი. ღრმად ჩავისუნთქე და ვუთხარი, რომ ბისექსუალი ვარ.

ჩემი და თავს დამესხა სიტყვიერად და მეუბნებოდა, რომ გამეკეთებინა, რაც მინდოდა, მაგრამ დედასთვის არ უნდა მეთქვა, რადგან შესაძლოა ცუდად გამხდარიყო. დის ნათქვამმა უფრო მეტად დამსტრესა იმ დღეს. შემდეგ დავიწყე თავის მართლება, თუ რატომ უნდა მეთქვა ყველაფერი… იმიტომ, რომ ჩემი დიდი ნაწილი იყო სიბნელით მოცული.

მოგვიანებით დედამ მითხრა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, მას ვეყვარებოდი.“

ეს ადამიანები გაგიკ ღაზარეს რეჟისორობით ახლად გადაღებული ფილმის, “მომისმინეს” მონაწილეები არიან. 26 ოქტომბერს ფილმი საქართველოში “ბიოლის ფონდშიც” აჩვენეს.

ფილმის 10 მონაწილე – ცომაკ, მელ, რომიკ, კარაბინა, ელვირა, ვაჰან, გაიანე, არმენ, კარინე, სევაკ – ლგბტი თემის წევრები არიან და საუბრობენ სომხეთში თავიანთ გამოცდილებასა და წინაღობებზე, რომლებიც გადალახეს, რათა საკუთარი ვინაობა არ დაემალათ.

ფილმის ერთ-ერთი მონაწილე არმენ აღაჯანოვი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Pink Armenia-ს პროექტების კოორდინატორია, ამბობს, რომ ეს ფილმი განკუთვნილია სომხეთის მაყურებლისა და მსმენელისთვის, რათა გაიგონ, რომ ლგბტი ადამიანები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, სურთ ამით გაიზარდოს მხარდაჭერა თემისადმი და  თემის შიგნითაც.

არმენ აღაჯანოვი ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთში ჰომოფობიის დონე მაღალია, თემიც არის ამ საზოგადოების რაღაც ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ თემში არის ჰომოფობია, ტრანსფობია და საჭიროა სოლიდარობის გაღრმავება ერთმანეთის მიმართ.

აღაჯანოვის აზრით, ეს ის საკითხია, რითიც საქართველოსა და სომხეთის მდგომარეობა მსგავსია. მისი თქმით, განსხვავება ისაა, რომ საქართველოს და სომხეთს სხვადასხვა გეოპოლიტიკური ვექტორები აქვთ, რაც გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ჰომოფობიის პოლიტიზებაზე.

კადრი ფილმიდან - მომისმინე

“საქართველოში ვერ ვიტყვი, რომ არის პოლიტიკური ნება ჰომოფობის დონის დაწევისა, თუმცა საქართველოში, სულ მცირე, პოლიტიკოსები აჩვენებენ, რომ ამის გაკეთება სურთ. სომხეთში არ გვაქვს ჩვენ ასეთი სიტუაცია”, – ამბობს აღაჯანოვი.

აღაჯანოვის აზრით, განსხვავება არის რელიგიური კუთხითაც. სომხეთი არის რელიგიური ქვეყანა, მაგრამ საქართველოსთან შედარებით რელიგიურ ძალებს და ლიდერებს არ აქვთ ისეთი ძალაუფლება, რაც აქვთ საქართველოში.

მას მაგალითად მოჰყავს 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევა საქართველოში, როდესაც აქციის მონაწილეებს მღვდლები მიუძღოდნენ წინ, განსხვავებით 2012 წელს სომხეთში მრავალფეროვნების მარშის დარბევისგან, როდესაც დარბევის შემდეგ მივიდნენ იქ მღვდლები. აღაჯანოვის აზრით, სომხეთში სასულიერო პირებს არ აქვთ იმდენი ძალაუფლება, რამდენიც საქართველოში.

ასევე მიაჩნია, რომ საქართველოში თემის ხილვადობა უფრო მეტია, ვიდრე სომხეთში, და  თემი წარმორჩენილია ნეგატიურ ჭრილში.

აღაჯანოვი ამბობს, რომ სომხეთში კანონმდებლობასა და საზოგადოების განწყობებს შორის დიდი განსხვავება არ არის, რადგან კანონმდებლობა ისევე ჰომოფობიურია, როგორც საზოგადოების განწყობები.

2012 წელს ერევანში დაარბიეს გეი მეგობრული კლუბი DIY. თავდამსხმელებმა ჩამსხვრიეს მინები, ისროლეს მოლოტოვის კოქტეილი, რომლის აფეთქების შედეგად შენობას ცეცხლი მოედო.

კლუბის მფლობელი, ცომაკი, ამბობს, რომ იმის ნაცვლად, თავდამსხმელები დაედანაშაულებინათ, იგი დაადანაშაულეს.

აღაჯანოვმა აღნიშნა, რომ სომხეთის კონსტიტუცია იცავს ადამიანის უფლებებს, თუმცა ამავე კონსტიტუციით ერთი და იმავე სქესის წყვილებს არ აქვთ დაქორწინების უფლება, ხოლო კანონმდებლობაში არის დამამცირებელი და დისკრიმინაციული ტერმინები, მაგალითად, “მამათმავლობა”. ასევე არ აქვთ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა. 

აღაჯანოვის თქმით, პოლიცია არ ინტერესდება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების აღრიცხვით. ომბუდსმენმა აღრიცხა 1 თუ 2 შემთხვევა 2015 წელს, მაშინ, როდესაც Pink Armenia-მ 10-ე მეტი შემთხვევა აღრიცხა. 

აღაჯანოვი ამბობს, რომ გეი, ლესბი და ბისექსუალ ადამიანებს არ აქვთ ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ამიტომ ისინი ძირითადად მიმტანებად საქმდებიან და იძულებული არიან დაბალანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმდნენ.

ტრანგენდერებისთვის კი დაბალანაზღაურებადი სამუშაოც მიუწვდომელია, რადგან მათი იურიდიული და რეალური სქესის შეუსაბამობა ფაქტობივად გადაულახავ ბარიერად იქცევა, ამის გამო ისინი ძირითადად სექსმუშაკები ხდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი