ახალი ამბები

რკინიგზაში, სამუშაო ადგილზე მიღებული ტრავმით 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

27 ოქტომბერი, 2016 • 1432
რკინიგზაში, სამუშაო ადგილზე მიღებული ტრავმით 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, 5 ოქტომბერს, კაზრეთის სარკინიგზო ხაზზე ლიანდაგის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ზაურ გერლიანს მატარებელმა ფეხზე გადაუარა.

“მუშამ ადგილზე ბევრი სისხლი დაკარგა. კიდურის ამპუტაციისა და 15-დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. აღნიშნული ფაქტი მიმდინარე წელს სამუშაო ადგილზე მიღებული ტრავმის შედეგად გარდაცვალების მესამე შემთხვევაა საქართველოს რკინიგზაზე. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს”, – ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

პროფკავშირების ცნობით, ზაურ გერლიანი 11 წელიწადი რკინიგზაში ლიანდაგის მონტიორად მუშაობდა. ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურსაც, სადაც გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას აზუსტებენ და განცხადებას მოგვიანებით გაავრცლებენ.

“შრომის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვისა და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით, პროფკავშირების გაერთიანება და ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ხვალ, 28 ოქტომბერს, 13:00 საათზე, კანცელარიასთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავს”, – აცხადებენ პროფკავშირებში.

2016 წლის არაოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,  სამუშაო ადგილას მიღებული ტრავმებით უკვე 11 ადამიანი დაიღუპა. 2011-2015 წლებში საქართველოში სამუშაო ადგილას 212 მშრომელი დაიღუპა, 691 კი დაშავდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობას შრომითი ინსპექციის ეფექტური მექანიზმის შექმნისკენ. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შრომის უსაფრთხოების კანონს ქვეყანა 2017 წელს მიიღებს.

ამავე თემაზე: შრომითი უფლებები ჰაერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი