ახალი ამბები

ომბუდსმენი ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნისკენ ხელისუფლებას მოუწოდებს

1 თებერვალი, 2016 • 1381
ომბუდსმენი ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნისკენ ხელისუფლებას მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი მშენებლობაზე დაღუპული მუშის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელმწიფო არ დგამს ეფექტურ ნაბიჯებს მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

ომბუდსმენის განმარტებით, აუცილებელია ეფექტური მექანიზმის შექმნა, რომელიც, პირველ რიგში, მსგავსი ფაქტების დროულ პრევენციას მოემსახურებოდა და მძიმე და საშიშპირობებიან სამუშაოზე თუ სხვაგან დასაქმებული მრავალი ადამიანის სიცოცხლეს იხსნიდა სიკვდილისაგან, ხოლო მათ ჯანმრთელობას – დაზიანებისაგან.

“მართალია, ამ კონკრეტული ფაქტის გარშემო დეტალური გარემოებები ცნობილი არ არის, თუმცა ხაზს გავუსვამ შრომის სფეროში არსებულ ძირითად საჭიროებებს”, – განმარტავს სახალხო დამცველი. 

შსს-ს მიერ ომბუდსმენის ოფისისთვის მოწოდებული მონაცემებით, 2013 წელს შრომითი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 111 და გარდაიცვალა 23 პირი, 2014 წელს დაშავდა 72 და გარდაიცვალა 46 პირი.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ  სამართალდამცავი ორგანოები იწყებენ გამოძიებას, თუმცა საზოგადოება არ არის ინფორმირებული მისი საბოლოო შედეგების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სისხლისსამართლებრივი წესით რეაგირებაც კი არ არის საკმარისი, ვინაიდან ამ შემთხვევაში სახელმწიფო ფატალური ან მძიმე შედეგის დადგომას ელოდება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, აღნიშნავს სახალხო დამცველი, რომ ყველა ზომა მიიღონ უსაფრთხო შრომის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში და შექმნან ეფექტური შრომის ინსპექცია.

სანამ ეს ორგანო შექმნილი არ არის, მუშაკების დაშავებისა და გარდაცვალების თითოეულ ფაქტზე პასუხისმგებლობას აღნიშნული უწყებებიც იზიარებენ. ომბუდსმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ საზოგადოებას წარმოუდგინოს ინფორმაცია გასულ წლებში შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაშავებული და დაღუპული მუშაკების საქმეებზე დაწყებული გამოძიების შედეგების თაობაზე, რათა არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ გამოძიების დაწყებას მხოლოდ ფორმალური დატვირთვა აქვს და რეალური შედეგებისაკენ არ არის მიმართული.

2016 წლის 1 თებერვალს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე მომუშავე ერთი ადამიანი სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი