ახალი ამბები

შეიძლებოდა თუ არა სტიქიის განეიტრალება კახეთში

23 ივლისი, 2012 •
შეიძლებოდა თუ არა სტიქიის განეიტრალება კახეთში

სტიქია კახეთში, სოფელი შალაური,   2012 წლის 19 ივლისი
სტიქია კახეთში, სოფელი შალაური, 2012 წლის 19 ივლისი

კახეთის გუბერნატორის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხათუნა გულიაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე დგინდება.

თელავში და გურჯაანის რაიონის სოფლებში წყალმომარაგება და გაზის მიწოდება სრულად არის აღდგენილი. ელექტროენერგიის მიწოდება კი უბნებზე ეტაპობრივად აღდგება. სტიქიით დაზარალებულ რეგიონში დაიწყო მშრალი ტვირთების დარიგება და სარეაბილიტაციო სამუშაოები.

შესაძლებელი იყო თუ არა 2012 წლის 19 ივლისს კახეთში მომხდარი სტიქიის მძიმე  შედეგების თავიდან აცილება?

მწვანეთა პარტიის გენერალური მდივანი გიორგი გაჩეჩილაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ სტიქიის განეიტრალება და ასეთი მძიმე შედეგების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო:

 

“თანამდროვე ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზებით, ძალიან მარტივად ხდება იმის დადგენა, ეს ღრუბელი სეტყვის არის თუ წვიმის. როცა დგინდება, რომ ეს არის სეტყვის ღრუბელი, მის გასანეიტრალებლად იყენებენ ღრუბელზე ქაოტური ზემოქმედების მეთოდს. სპეციალური დანადგარების საშუალებით ხდება ღრუბლის დაშლა.  ღრუბელში იწყება რეაგენტების შეყვანა, რომელიც სეტყვას გადააქცევს წვიმად.”

გაჩეჩილაძის თქმით, ღრუბლებზე ქაოტური ზემოქმედების მეთოდი მთელ მსოფლიოშია აპრობირებული. ის ეკოლოგურად უსაფრთხოა.

“საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა ღრუბლების გაფანტვა საარტილერიო დანადგარებით და თვითმფრინავებით. მაშინ სეტყვის ღრუბელს ტყვიის შემცველი ნივთიერებით შლიდნენ. მაგალითად, რუსეთის ხელისუფლებამ ეს მეთოდი გამოიყენა ჩერნობილის აფეთქების შემდეგ რადიაციული ღრუბელის გასაფანტად, რათა მის ტერიტორიაზე რადიაცია არ გავრცელებულიყო. ახლა ღრუბლების გასაფანტად  იყენებენ მშრალ ყინულს. საქართველოში ასეთი დანადგარები არსებობდა. მაგრამ თბილისის ომის დროს ეს ტექნიკა თენგიზ კიტოვანმა პარლამენტის შენობას დაუმიზნა.”

კახეთის რეგიონში, სადაც სეტყვა ყოველ წელს მოსავალს ანადგურებს და გლეხები ზარალდებიან, “ღრუბლებზე ქაოტური ზემოქმედების მეთოდს” არ იყენებენ. “ნეტგაზეთთან”  საუბარში ხათუნა გულიაშვილმა განაცხადა, რომ სტიქიამ კახეთი მნიშვნელოვნად დააზარალა და ახლა ამ დანადგარის შეძენა შეუძლებელია: “ამ მეთოდის შესახებ გვსმენია. ინფორმაცია დავაზუსტე და ასეთი დანადგარი რეგიონს არ აქვს. ახლა ვერ ვიყიდით, ჯერ სტიქიის შედეგად დაზარალებულებს უნდა მივხედოთ”.

 

გიორგი გაჩეჩილაძე ამბობს, რომ დანადგარის გამოყენება ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა სტიქიით მიყენებულ მატერიალური ზარალის მოცულობასთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.   

“აქ მარტო ხარჯებზე არ არის საუბარი, არამედ  ადამინების უსაფრთხოებაზე. ამიტომ სახელმწიფო ამ ტიპის ხარჯების გაღებას არ უნდა მოერიდოს.”

კახეთის გუბერნატორის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისათვის მოსახლეობას ურიგდება  სურსათი, დიზელის საწვავი და შხამ-ქიმიკატები.   თელავში 8 ათასი ოჯახი მიიღებს 2 ლიტრ ზეთს, 5 კილოგრამ შაქარს და  მაკარონს.
გურჯაანის, ყვარელის, ლაგოდეხია და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზარალებული 20 ათასი ოჯახი 2 ტომარა ფქვილს, 10 კილოგრამ შაქარს და 3 ლიტრ ზეთს მიიღებს.

მოსავლის გარეშე დარჩენილი 1600 ოჯახისთვის, რომელიც პირველი კატეგორიის დაზარალებულად ითვლება, ფულადი კომპენსაციის სახით 1300– 1500 ლარამდეა გათვალისწინებული. .

რა თანხის მატერიალური ზარალი მიადგათ გლეხებს სახნავ–სატესი სავარგულების, საზამთროს და ატმის ბაღების და ვენახების განადგურების შედეგად, არც სადაზღვევო  კომპანიებში იციან.

“ნეტგაზეთთან” საუბარში “ალდაგი ბისიაის” და “ჯიპიაი ჰოლდინგის”  პიარისა  მარკეტინგის სამსახურში განუცხადეს, რომ მათი ექსპერტები სტიქიის შედეგებს ადგილზე სწავლობენ. 19 ივლისს ძლიერმა ქარიშხალმა და სეტყვამ მათ კომპანიებში დაზღვეული ფერმერები დააზარალა.

სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ სადაზღვევო პაკეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება გათვალისწინებულია. “რა მოცულობით მოხდება ზარალის დაფარვა, ეს იმაზეა დამოკიდებული, მოსავლის რა ნაწილი განადგურდა, კერძოდ, რომელი კულტურა იყო დაზღვეული და სად მდებარეობდა ნათესები” – ამბობს “ალდაგი ბისიაი”–ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ივჩენკო.  

მთავრობა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სპეციალურ  ფონდს ქმნის. ფონდი ბიუჯეტიდან  50 მილიონი ლარით დაფინანსდება. საქრთველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის ინფორმაციით, კახეთის განვითარების პროგრამის დაფინანსება  110 მილიონი ლარი იქნება, საიდანაც 20 მილიონი მოხმარდება სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას.  გარდა ამისა, მინისტრის თქმით, 2 მილიონი ლარით იზრდება კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის დაფინანსება.

რა ფინანსური რესურსი გამონთავისუფლდება სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად და რომელი პროგრამები შემცირდება, ეს საბიუჯეტო ცვლილებების განხილვისას გახდება ცნობილი.  მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის განცხადებით, ყველაფერი დტალურად გაიწერება.

დღესვე პარლამენტში ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტით შევიდა. პარლამენტი საბიუჯეტო ცვლილებებს დაჩქარებული წესით 25 ივლისს განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი