ახალი ამბები

აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს გამოხმაურება თარხან-მოურავის არარსებულ განცხადებაზე

26 ოქტომბერი, 2016 •
აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს გამოხმაურება თარხან-მოურავის არარსებულ განცხადებაზე

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი დავით თარხან-მოურავი აცხადებს, რომ მას არ ეკუთვნის ის განცხადება, რომელზეც დღეს აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ კომენტარი მისცა აზერბაიჯანის მედიას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ საკითხზე განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებენ.

აზერბაიჯანის  საინფორმაციო სააგენტო “ტრენდზე” გამოქვეყნდა საქართველოს საელჩოს კომენტარი, რომლითაც პატრიოტთა ალიანსის ლიდერის დავით თარხან-მოურავის განცხადებას აფასებს:

“ორივე ქვეყნის ხალხებმა საუკუნეების განმავლობაში დაადასტურეს ერთმანეთის მიმართ არსებული მეგობრული ურთიერთობები, რელიგიური და ეთნიკური ტოლერანტობა და მულტიკულტურალიზმის პრინციპებით განმსჭვალული ურთიერთობები ჩამოაყალიბეს. ამიტომ ნებისმიერი ამ ტიპის განცხადებები, რომელსაც საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს, პოპულისტურია”, – “ტრენდის” ინფორმაციით, განაცხადა საქართველოს საელჩომ თარხან-მოურავის ციტატის კომენტირებისას.

“ტრენდიც” და სხვა აზერბაიჯანული გამოცემები წერენ, რომ თარხან-მოურავმა, რომელიც ანტითურქული რიტორიკით გამოირჩევა, აზერბაიჯანის მხრიდან მარნეულის შესაძლო მიტაცებაზე ისაუბრა და სწორედ ამ თემას უპასუხა საელჩომ.

დღეს, 26 ოქტომბერს დავით თარხან-მოურავმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ მას ასეთი რამ არ უთქვამს და ეს არის ტყუილი. მეტიც, თარხან-მოურავის განცხადებით, მას აზერბაიჯანის საკითხზე წლებია საერთოდ არ უსაუბრია. იგი მომხდარს პროვოკაციად აფასებს.”პატრიოტთა ალიანსი” პასუხს ითხოვს აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოსგან.

კიდევ ერთი აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az მარნეულის შესაძლო მიტაცებაზე თარხან-მოურავის ციტატის პირველწყაროდ eurasianet-ზე  ჯოშუა კუცერას მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ასახელებს, სადაც მართლაც ვკითხულობთ:

“ისევე, როგორც რუსეთმა მიიტაცა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, აზერბაიჯანიც აპირებს მარნეულის მიტაცებას, სომხეთი – სამცხე-ჯავახეთს, თურქეთი – აჭარას. რაღა დარჩება საქართველოსგან”.

თუმცა ჯოშუა კუცერას პუბლიკაციის მიხედვით, ამ ციტატის ავტორი არა დავით თარხან-მოურავი, არამედ ერთ-ერთი ამომრჩეველი, პენსიონერი გოდერძი შარაშენიძეა, რომლის მოსაზრებებსაც კუცერა ტექსტში იყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი