ნატო მოუწოდებს მოკავშირეებს, წვლილი შეიტანონ რუსეთის საზღვრებთან ცივი ომის შემდეგ ყველაზე მსხვილი სამხედრო ბაზის მშენებლობაში. ინფორმაციას ამის თაობაზე “როიტერსი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მაქსიმალურად შეეცდებიან, შეასრულონ ნატოს ლიდერების მიერ ივლისში დადებული პირობა, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან გაგზავნონ შეიარაღებული ძალები ბალტიის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ პოლონეთში. აშშ იმედოვნებს, რომ ევროპა შეასრულებს ვალდებულებებს, რათა დაკომპლექტდეს საბრძოლო ჯგუფები 4000 ჯარისკაცის შემადგენლობით. ეს იქნება ნატოს პასუხი 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე და იმ პოტენციურ საფრთხეზე, რაც მოსალოდნელია აღმოსავლეთ ევროპაში, რადგან რუსეთი ანალოგიურ ტაქტიკას მიმართავს ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოების მიმართ.
მოსალოდნელია, რომ საფრანგეთი, დანია, იტალია და სხვა მოკავშირეები შეუერთდებიან ოთხ საბრძოლო დანაყოფს, რომლებსაც აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და კანადა ხელმძღვანელობენ. ისინი გაემგზავრებიან პოლონეთში, ლიტვაში, ესტონეთსა და ლატვიაში და აღჭურვილი იქნებიან მაქსიმალურად, ჯავშანტექნიკით დაწყებული და უპილოტო საფრენი აპარატებით დამთავრებული.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს იქნება “ტრანატლანტიკური კავშირის ნათელი დემონსტრირება”. დიპლომატების თქმით, ეს ასევე კარგი გზავნილი იქნება აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ევროპას არ შეაქვს სათანადო წვლილი ალიანსის საქმიანობაში.
საბრძოლო ჯგუფებს ზურგს გაუმაგრებს 40-ათასიანი სწრაფი რეაგირების დანაყოფი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, თუკი რაიმე პოტენციური კონფლიქტის საფრთხე შეიქმნება, როტაციის წესით იმოძრავებს ბალტიის სახელმწიფოებში ან პოლონეთში.
ეს არის სტრატეგის ნაწილი, რომელიც, როგორც შემაკავებელი ფაქტორი, შეერწყმება ანტისარაკეტო და საჰაერო თავდაცვის და კიბერუსაფრთხოების სისტემებს.
ამასთან, როიტერსის ცნობით, ალიანსი კვლავ ცდილობს ანალოგიური სტრატეგიის შემუშავებას შავი ზღვის რეგიონშიც, რომელიც, თურქეთის პრეზიდენტის შეფასებით, თანდათან “რუსულ ტბად” იქცევა მოსკოვის მიერ განხორციელებული სამხედრო მოქმედებების გამო.
სტოლტენბერგის განცხადებით, მისიის მიზანია არა რეგიონში კონფლიქტის წარმოშობა, არამედ მისი თავიდან აცილება.