ახალი ამბებისაზოგადოება

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების აქცია და მერიის პასუხი

25 ოქტომბერი, 2016 • 3529
აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების აქცია და მერიის პასუხი

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ჩანაწერს დისკრიმინაციულად მიიჩნევენ, რადგან დაფინანსებას მხოლოდ ის ბავშვები ღებულობენ, რომლებიც თბილისში 2015 წლის 1 ივლისამდე არიან ჩაწერილი. თბილისის მერია კი აღნიშნული ჩანაწერის შეცვლას არ გეგმავს.

დღეს, 25 ოქტომბერს, მშობლებმა “ფეიბუქით” კამპანია წამოიწყეს, რომელიც ორგანიზაცია “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” გვერდზე გამოქვეყნდა. ფოტოებზე აუტისზმის მქონე ბავშვების მშობლები არიან ასახული, რომლებიც საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებას #33129 აპროტესტებენ.

მარი კორკოტაძე ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელია, თავადაც მშობელია და დიდი ხანია ამ საკითხების ადვოკატირებას ეწევა. მარი ამბობს, რომ ჩანაწერი დისკრიმინაციულია და აუტიზმის სამართავად საჭირო თანხას ვერ იღებენ ის ბავშვები, რომლებიც თბილისში 2015 წლის 1 ივლისის შემდეგ გადმოეწერნენ:

“ზოგი ბავშვი გადმოეწერა, რომ პროგრამაში ყოფილიყო ჩართული, ზოგი იმიტომ გადმოვიდა საცხოვრებლად, რომ მშობლებმა სამსახური იშოვეს, ამის გამო ეს ბავშვები დარჩნენ დაფინანსების მიღმა. რამდენიმე შეხვედრა მქონდა საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებთან. მოლაპარაკებები მქონდა, რომ ეს ჩანაწერი ამოეღოთ. მოლაპარაკებებისას ვერაფერს ვერ მივაღწიეთ”. – ამბობს ის.

დადგენილება, რომელიც პროტესტის საფუძველი გახდა, თბილისი საკრებულომ 2015 წლის 29 დეკემბერს მიიღო. დადგენილების მეორე მუხლი ამბობს, რომ ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე  2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით  საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით და, ამავდროულად, ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული. რადგან თბილისში 2015 წლის 1 ივლისის შემდეგ გადმოეწერნენ, დაახლოებით 30 ბავშვი ამ პროგრამის დაფინანსების მიღმა რჩება.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა თბილისის საკრებულოს, სადაც თბილისის მერიასთან გადაგვამისამართეს, რადგან მათი განმარტებით, ამ ჩანაწერის შეცვლა მხოლოდ მერიაში განხილვისა და მერიის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

აუტისტური აშლილობის მქონე ბავშვებს აუტიზმის სამართავად ABA თერაპია ესაჭიროებათ. თერაპიის ერთი საათის ფასი 18 ლარია. ამ პროგრამით 2-დან 15 წლამდე ბავშვები სარგებლობენ და დღეს მდგომარეობით, სულ 543 ბავშვია პროგრამაში ჩართული. პროგრამის წლიური ბიუჯეტი კი 1 800 000 ლარია.

“ნეტგაზეთი” ესუბრა  თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის საქალაქო სამსახურის უფროსს, გელა ჩივიაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ამ ჩანაწერის შეცვლა არ იგეგმება:

“ვინაიდან თბილისი ვერ მოიცავდა მთელს საქართველოს, შევიმუშავეთ დამცველობითი მექანიზმი [თარიღის სახით], რომ ამ პროგრამის გამო ბავშვები არ გადმოეწერათ თბილისში, სწორედ ამიტომ იქნა ეს ვადა აღებული”-ამბობს ჩივიაშვილი.

მისივე თქმით, თუ პროგრამაში 2015 წლის პირველი ივლისის შემდეგ რეგისტრირებულ ბავშვს ჩასვამენ, ისეთი ბენეფციარი უნდა ამოვარდეს, რომელიც დადგენილების მოთხოვნებს პასუხობს.

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა ისეთი ბავშვი ფინანსურ დახმარებას, რომელიც 2015 წლის 1 ივლისის შემეგ დაიბადა და აუტიზმი დაუდგინდა, ჩივიაშვილი ასე პასუხობს:

“2 წლამდე აუტიზმის დიაგნოზის დასმა საქართველოში ვერ ხდება. შესაბამისად, 2 წელი ჯერ არ არის გასული, გასულია წელიადი და 5 თვე. ასეთი ბავშვი თბილისში ფიზიკურად ვერ იარსებებს. თუ 5 თვის შემდეგ ასეთი ბავშვი იქნება, შეიძლება, რომ ეს ჩანაწერი შეიცვალოს, მაგრამ ეს ჩანაწერი შეიძლება შეიცვალოს ისე, რომ თბილისში არა გადმოწერილ, არამედ დაბადებულ ბავშვებზე გავრცელდეს”

რაც შეეხება რეგიონებს, ჩივიაშვილის ინფორმაციით, აუტიზმის მართვას ბათუმის და ზუგდიდს მუნიციპალიტეტები აფინანსებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი