საქართველოს ჟრნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, იურისტი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ “მაესტროს” უფრო კარგად უნდა დაესაბუთებინა თავისი უარი ეთერში ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული კლიპის განთავსებასთან დაკავშირებით.
“ჩემი აზრით, მაესტროს უფრო დაწვრილებით უნდა დაეწერა, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი რეკლამის ნიმუში იმიტომ, რომ უკონტექსტოდ ამოჭრილი კომენტარების საშუალებით ზეგავლენას ახდენს ამომრჩეველზე და უარყოფითად მუშაობს კონკრეტული სუბიექტის წინააღმდეგ. “მაესტროს” ეს უნდა დაეკონკრეტებინა. ამ შემთხვევაში უფრო იქნებოდა გამყარებული ეს უარი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ტელეკომპანია როცა ამბობს, არ შეესაბამება სტანდარტებსო, ეს იგულისხმებოდეს. მისი უარი საჭიროებს მეტ არგუმენტს. თუმცა ეს კერძო ტელეკომპანიაა და მას თავისუფლად შეუძლია უარის თქმა თავისი შეხედულებისამებრ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” თამარ კორძიამ.
შეგახსნებთ, რომ ტელეკომპანია “მაესტრომ” 18 ივლისს უარი განაცხადა ეთერში ივანიშვილის საწინააღმდეგო კლიპის განთავსებაზე, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გადის “იმედის”რუსთავი 2–ისა” და “კავკასიის” ეთერში. ტელეარხი უარის მიზეზად კლიპის სტანდარტებთან შეუსაბამობასა და კანონდარღვევით დამზადებას ასახელებს.
ორგანიზაციამ “საქართველო არ იყიდება”, რომლის დამფუძნებელია გიგა ნასარიძე, რამდენიმე ტელეარხის ეთერში განათავსა კლიპები ბიძინა ივანიშვილზე. აღნიშნული კლიპები წარმოადგენს უკონტექსტო ნაწყვეტებს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებიდან, სადაც “ქართული ოცნების” ლიდერი საუბრობს რუსეთთან ურთიერთობაზე, საბჭოთა კავშირზე და ა.შ.
უარის წერილში წერია, რომ “მაესტროს” ეთიკის საბჭომ იმსჯელა აღნიშნული კლიპის შესახებ და დაადგინა, რომ ის დამზადებულია კანონდარღვევით, გარდა ამისა, არ შეესაბამება ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს.
“თქვენს კლიპში გამოყენებულია ტელეკომპანია “მაესტროს” საავტორო გადაცემა “პირდაპირი საუბრის” კადრები. აღნიშნული გადაცემა წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” საქართველოს კანონით დაცულ ობიექტს, რომლის გამოყენებაც ფრაგმენტულად თუ სრულად დაუშვებელია საავტორო ან მომიჯნავე უფლებების მქონე პირის წინასწარი ნებართვის აგრეშე”, – ნათქვამია “მაესტროს” განცხადებაში. გარდა ამისა, ტელეკომპანია ორგანიზაციისგან – “საქართველო არ იყიდება” – მოითხოვს, შეწყვიტოს “მაესტროს” კუთვნილი კადრების გამოყენება და მისი საავტორო უფლებების დარღვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში “მაესტრო” სასამართლოში ჩივილს აპირებს.
იურისტი ლიკა საჯაია განმარტავს, რომ თუ ვინმემ გამოიყენა ტელეკომპანიის ვიდეომასალა ამ ტელეარხის ლოგოს გარეშე, ეს არის არაქონებრივი, საავტორო უფლების დარღვევა, სახელის უფლების დარღვევა, რაც პლაგიატს ნიშნავს.
“თუკი ამ ვიდეომასალაზე განსაკუთრებული საინფორმაციო მნიშვნელობის მოვლენა იყო აღბეჭდილი, მაშინ მისი გამოყენება საინფორმაციო მიზნით ავტორისა და ლოგოს მითითების გარეშეც შეიძლება. ხოლო, როცა რეკლამისთვის იყენებ ვიდეოს, ეს უკვე არის ქონებრივი უფლების დარღვევა. ეს ვიდეო რომ გამოეყენებინათ საინფორმაციო მიზნით, დარღვევა არ იქნებოდა, რადგან სარეკლამო მიზნებისთვის გამოიყენეს ნებართვის გარეშე, ეს უკვე დარღვევაა,”– განმარტავს იურისტი ლიკა საჯაია.
მისივე მოსაზრებით, პირველ რიგში, “მაესტრომ” უნდა მოითხოვოს ამ ქმედების აღკვეთა და შემდეგ გააგრძელოს დავა ქონებრივი კომპენსაციის მისაღებად. ამ შემთხვევაში “მაესტრომ” უნდა დაამტკიცოს, რა სარგებელი დაკარგა. “მაესტროს” ასევე შეუძლია ნაწარმოების ხელშეუხებლობის დარღვევისთვისაც იდავოს, თუკი მიიჩნევს, რომ თავისი გადაცემიდან ნაწყვეტები უკონტექსტოდ არის გამოყენებული და დამახინჯებული.
ორგანიზაცია “საქართველო არ იყიდებას” ერთ–ერთი დამფუძნებელი გიგა ნასარიძე “მაესტროს” უარს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და უარყოფს რაიმე სახის საავტორო უფლების დარღვევას.
“რა თქმა უნდა, “მაესტროს” არგუმენტი არც ჩემთვის და არც არავისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის, მით უმეტეს, როცა ამ კლიპს დაუბრკოლებლად უშვებს სამი ტელეკომპანია. უბრალოდ, ეს მათი პოლიტიკური პრეფერენციების გამო მოხდა. აღნიშნულში ღრმად ვარ დარწმუნებული და სწორედ ამიტომ მივმართე ისეთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, როგორიცაა “საია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის, რომ დაინტერესდნენ ამ ფაქტით,” – აცხადებს გიგა ნასარიძე, რომელმაც საქრთველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭო რამდენიმე კვირის წინ დატოვა, მიზეზად კი თავისი პოლიტიკური მიზნები დაასახელა.
გიგა ნასარიძე ასევე უარყოფს “მაესტროს” საავტორო უფლებების დარღვევას და ამბობს, რომ კადრები, რომლითაც ივანიშვილის საწინააღმდეგო კლიპები დამზადდა, ინტერნეტსივრცეში თავისუფლადაა გავრცელებული და მასზე არ არის მითითებული, რომ მისი გამოყენება უნებართვოდ არ შეიძლება. თუმცა დასძენს, რომ უკვე რამდენიმე დღეა, კლიპები “მაესტროს” კადრებით ეთერიდან მოიხსნა და, შესაბამისად, “მაესტროს” ისეთი ვიდეორგოლების გაშვება სთხოვეს, სადაც მათი კადრები არ იყო გამოყენებული.
ორგანიზაცია “საქართველო არ იყიდება”–თი დაინტერესება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გასულ კვირას მოსთხოვეს, რადგან ორგანიზაცია ტელეარხებით კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ ავრცელებს სხვა პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგო ვიდეომასალას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დღეს “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მათ უკვე დაიწყეს აღნიშნული ორგანიზაციის ფინანსების შესწავლა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ საქმის ბოლომდე შესწავლის შემდეგ გასაჯაროვდება.
გიგა ნასარიძე კი აცხადებს, რომ მან კონტროლის პალატას ყველანაირი ფინანსური დოკუმენტაცია გადასცა, თუმცა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევს გაამჟღავნოს, თუ საიდან და რა რაოდენობის თანხა მიიღო ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო კამპანიის საწარმოებლად. მისი თქმით, “ეს თანხები სავსებით საკმარისია მასშტაბური კამპანიის საწარმოებლად”. ნასარიძე ამ ეტაპზე ორგანიზაციისთვის ფულის შემწირველთა ვინაობას ასახელებს, რომლებიც არიან: ვლადიმერ გუგუშვილი, დავით გრიგოლია, თინათინ ნიჟარაძე, ვახტანგ მჭედლიძე და ა.შ. ჯეჯრერობით უცნობია, ეს ადამიანები სად მოღვაწეობენ.
გიგა ნასარიძემ დღესვე სოციალური ქსელის საშუალებით განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც წერს: “მინდა ორგანიზაციებს – “საიას”, “საერთაშორისო გამჭვირვალობასა” და მედიაკოალიციას მივაწვდინო ხმა, რათა მათ ყურადღება მიაქციონ, ჩემი აზრით, ამ ძალიან სამწუხარო ფაქტს. ტელეკომპანია “მაესტრო” პოლიტიკური რეკლამის გაშვების საკითხში ხელმძღვანელობს არა მედიისათვის დამახასიათებელი ობიექტურობით, არამედ საკუთარი პოლიტიკური სიმპათიებით. შეესაბამება თუ არა ამგვარი ქცევა ჟურნალისტურ ეთიკას? მგონი, პასუხი ცალსახაა, რა თქმა უნდა – არა. თუმცა, ძალიან კარგი იქნება თუ თქვენც შეისწავლით ამ ფაქტს და თქვენს აზრს მოახსენებთ საზოგადოებას”.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ საია გაეცნო გიგა ნასარიძის განცხადებას, თუმცა ამ განცხადებაში არ იკვეთება, კონკრეტულად რა მოთხოვნა აქვს გიგა ნასარიძეს ორგანიზაციისგან. ნათია კაპანაძის თქმით, ნებისმიერ პირს, მათ შორის გიგა ნასარიძეს, სრული უფლება აქვს, მიმართოს საიას, განაცხადოს, სჭირდება თუ არა რაიმე სახის დახმარება და, შესაბამისად, ორგანიზაცია ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
კონკრეტულად, “მაესტროს” მიერ ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ვიდეოკლიპის ეთერში გაშვებაზე უარის თქმას ნათია კაპანაძე კერძო კომპანიასა და მის დამკვეთს შორის წარმოქმნილი ურთიერთობების ჭრილში განიხილავს.
“აღნიშნული ურთიერთობები რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად და ასევე მაუწყებლობის შესახებ კანონით რეგულირდება. აქ ზუსტად არ არის განსაზღვრული რეკლამის განთავსებაზე უარის თქმის საფუძვლები. მაუწყებლობის შესახებ კანონი ხასგასმას აკეთებს იმაზე, რომ სოციალურ და წინასაარჩევნო რეკლამაზე პასუხმგებლობა ეკისრება რეკლამის დამკვეთს, თუმცა, როდესაც საქმე ეხება კომერციულ რეკლამას, აქ მაუწყებელმა უნდა განსაზღროს მისი შესაბამისობა. თუკი მაუწყებელი მიიჩნევს, რომ რეკლამა არის არასათანადო, მას შეუძლია დასაბუთებულად უარი განაცხადოს ამ რეკლამის განთავსებაზე,” – აცხადებს საია–ს იურისტი ნათია კაპანაძე.
“რადგან ჯერ წინასაარჩევნო პერიოდი არ არის, ასევე ეს რეკლამა არ არის სოციალური, მას მოვიაზრებთ კომერციულ რეკლამად. კანონით კი ზუტად არ არის განსაზღვრული, რომ მაუწყებელმა აუცილებლად უნდა მიიღოს თუ არა კომერციული რეკლამა და გაუშვას ეთერში. მას უფლება აქვს, ნებისმიერი კომერციული რეკლამის გაშვებაზე დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება.
“ეს არის კომერციული საკითხი და თუკი მაუწყებელსა და დამკვეთს შორის ურთიერთობა ვერ შედგა, მხარეეებმა სურვილის მიხედვით სასამართლოს უნდა მიმართონ,” – აცხადბს ნათია კაპანაძე.