ახალი ამბებისაზოგადოება

მელანია ვოლ-ლევიცკა – ჯაშუშობის ბრალდებით დახვრეტილი თბილისის ოპერის პოლონელი პრიმადონა

28 ოქტომბერი, 2016 • 6947
მელანია ვოლ-ლევიცკა – ჯაშუშობის ბრალდებით დახვრეტილი თბილისის ოპერის პოლონელი პრიმადონა

“თვეები გადიოდა, მელანიას გიორგი წერილებს საფრანგეთიდან აღარ სწერდა. მომღერალმა იფიქრა, რომ ელიავამ მიატოვა და გადაწყვიტა პოლონეთში დაბრუნებულიყო. შვილთან ერთად ბათუმში ჩავიდა და მაშინ, როდესაც თავის გემს ელოდებოდა, პორტში ფრანგული ხომალდი შემოვიდა – ამ გემზე იმყოფებოდა გიორგი ელიავაც. სწორედ მაშინ სთხოვა მან მელანიას, რომ დარჩენილიყო საქართველოში, დაბრუნებულიყვნენ თბილისში და ერთად ეცხოვრათ. მელანიას კი თბილისური საზოგადოებისათვის გამოსამშვიდობებელი საღამო უკვე ჩაეტარებინა,” – ეს ნაწყვეტია მაკა ხუციშვილის მონათხრობიდან, რომელიც თბილისის ოპერის პოლონელი ვარკვლავის, მელანია ვოლ-ლევიცკას ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხება.

საქართველოს ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელი, ქართველი მეცნიერი გიორგი ელიავა საფრანგეთის მთავრობის ჯაშუშობისა და ეპიდემიის გავრცელების მცდელობის ბრალდებით 1937 წელს, მასობრივი რეპრესიების დროს დახვრიტეს, თუმცა დღემდე ქართულ ისტორიულ წყაროებში ცოტაა ნათქვამი მისი ცოლის, მელანია ვოლ-ლევიცკას შესახებ, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, ქმართან ერთად დაპატიმრებიდან 1 წლის შემდეგ ციხეში გარდაიცვალა.

ვოლ-ლევიცკას შესახებ არქივებიდან მასალა მკვლევარმა, ისტორიკოსმა მაკა ხუციშვილმა მოიპოვა. მკვლევარი ამბობს, რომ რეალურად, ლევიცკა ქმართან ერთად, 1937 წელს დახვირტეს – მისი დახვრეტის შესახებ ბრძანებას კი ხელს იოსებ სტალინი აწერს, რომლისთვისაც მელანიამ დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე მოსკოვში, ქართული კულტურისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმღერა.

მელანია ვოლ-ლევიცკა ევროპაში ცნობილი საოპერო მომღერალი იყო. იგი პოლონეთში 1885 წელს დაიბადა. განათლება ბერლინსა და ლონდონში მიიღო. მისი დებიუტი 1910 წლის 5 მაისს ვარშავის ოპერაში, სტანისლავ მონიუშკოს ოპერა “ჰრაბინაში” შედგა.

1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ლევიცკების ოჯახი უკრაინაში, კიევში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ კიევში ერთ-ერთი გამოსვლის დროს შეამჩინა მელანია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წარმომადგენელმა და შესთავაზა მას თბილისში ჩამოსულიყო.

ჯაკომო პუჩინის ოპერა “მადამ ბატერფლაი". ფოტო: ვარშავის ოპერის არქივი

ჯაკომო პუჩინის ოპერა “მადამ ბატერფლაი”. ფოტო: ვარშავის ოპერის არქივი

რიხარდ ვაგნერის ოპერა "ლოენგრინი", არია ელზა. ფოტო: ვარშავის ოპერის არქივი

რიხარდ ვაგნერის ოპერა “ლოენგრინი”, არია ელზა. ფოტო: ვარშავის ოპერის არქივი

ვოლ-ლევიცკა თბილისში 1916 წელს ჩამოვიდა და ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე არაერთი მთავარი როლი შეასრულა. მაკა ხუციშვილის კვლევის თანახმად, ვოლ-ლევიცკას სპექტაკლების აფიშები ოპერაში გაჩენილი ხანძრის დროს განადგურდა. ასევე, მომდევნო წლებში, მასზე, როგორც “ხალხის მტრის”, შესახებ ინფორმაცია ნადგურდებოდა. ვოლ-ლევიცკას შვილიშვილის, ნატალია მალიევა-დევდარიანის ოჯახში დღემდე ინახება მელანიას რამდენიმე ფოტო.

“ბებია მიჩვეული იყო ევროპას და თავიდან ფიქრობდა, რომ მიდის სადღაც პროვინციაში, მაგრამ როცა პირველად გაისეირნა გოლოვინის პროსპექტზე, მოიხიბლა თბილისური პუბლიკის მაღალი დონით, ოპერის არქიტექტურით, გლიცინიებით აყვავებული ბაღით აღტაცებული დარჩა. თანდათან ბებია მიეჩვია ახალ გარემოს. მან იცოდა ექვსი ევროპული ენა და ძალიან უნდოდა შეესწავლა ქართული, მაგრამ ვერ გადალახა ტიპური ქართული ბგერები. მალევე დაუახლოვდა ქართულ ელიტას და მათთან კონტაქტობდა რუსულ ენაზე.” – ამბობს ნატალია მალიევა-დევდარიანი ხუციშვილთან საუბარში.

ხუციშივილის თქმით, ქართველმა მუსიკის მკვლევრებმაც კი არ იციან ვოლ-ლევიცკას შესახებ – “თბილისის ოპერის არქივებიდან არაფერია შემორჩენილი. ინფორმაციის მოძიება მხოლოდ იმდროინდელ პრესაშია შესაძლებელია. ვარშავის ოპერის ფონდში ინახება მისი ხმის ჩანაწერიც,” – ამბობს ისტორიკოსი.

თბილისში ჩამოსვლიდან 2 წლის შემდეგ მელანია ქმარს, პოლონელ რეჟისორს დაშორდა და გაიცნო მეცნიერი გიორგი ელიავა. თანაცხოვრებისას ლევიცკას გიორგი ელიავას გვარზე გადასვლა უნდოდა, თუმცა, გადმოცემის თანახმად, ოპერის ხელმძღვანელებმა ურჩიეს, რომ პოლონური გვარი შეენარჩუნებინა, რადგან ისედაც დაცარიელებულ ოპერას აღარავინ ესტუმრებოდა, სანამ გაიგებდნენ, რომ მელანია ელიავა იგივე პოლონელი პრიმადონა იყო. ამით მისი სახელი ცნობადობას კარგავდა. მაყურებელს მისი ევროპული წარმოშობა უფრო ხიბლავდა.

1937 წლის 22 იანვარს გიორგი ელიავა და მელანია ვოლ-ლევიცკა ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრეს. მათი ქალიშვილი, განნა ელიავა კი 9 წლით ყაზახეთში გადაასახლეს. ამ ყველაფერს კი საფუძვლად ელიავას საფრანგეთში ხშირი ვიზიტები და ლუი პასტერის უნივერსიტეტთან ახლო კავშირები დაედო.

“დედა გადასახლებული იყო 9 წელიწადი ყაზახეთში, როგორც “ხალხის მტრების” შვილი. როცა გადასახლებიდან დაბრუნდა, არ ჰქონდა საცხოვრებელი, რადგან საბჭოთა მთავრობამ გაყიდა ყველაფერი კაპიკებში. დედა იხსენებდა ხოლმე, რომ რამდენჯერმე ფანჯრიდან დაუნახავს ქუჩაში უცნობი, რომელსაც ეცვა დედას პარიზში ნაყიდი კაბა,” – ამბობს ნატალია მალიევა-დევდარიანი.

ვოლ-ლევიცკას რეაბილიტაციაის შესახებ ბრძანება.1957 წელი. ფოტო: შსს-ს არქივი

ვოლ-ლევიცკას რეაბილიტაციაის შესახებ ბრძანება. 1957 წელი. ფოტო: ოჯახის არქივი

1957 წელს, დახვრეტიდან 20 წლის შემდეგ, გიორგი ელიავა და მელანია ვოლ-ლევიცკა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო საბჭოთა ხელისუფლებამ გაამართლა და დაიწყო მათი რეაბილიტაციის პროცესი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საბჭოთა საქართველოში ე. წ. “ტროიკის” მიერ გასამართლდა საქართველოში მცხოვრები 146 ეთნიკურად პოლონელი მოქალაქე, აქედან 89 სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა მიესაჯა.

თუმცა დღემდე არ არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ეთკინური პოლონელი ცხოვრობდა საქართველოში რესპრესიების პერიოდში და რა ფორმის სასჯელი გამოიყენა მათ წინააღმდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ.

მაკა ხუციშვილმა მომღერლის ბიოგრაფიაზე მუშაობისას მასალები ვარშავის ოპერის არქივიდან, ასევე პოლონური პერიოდული გამოცემებიდან (1906-1915 წლები) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან მოიპოვა. კვლევაზე ხუციშვილი ერთ წელიწადზე მეტხანს მუშაობდა. ამჟამად ის მხოლოდ პოლონურ ენაზეა ხელმისაწვდომი. პოლონური მხარე დაინტერესებულია, რომ მათთვის უცნობი ეთნიკურად პოლონელი მოქალაქეების ისტორიები საქართველოში მოიძიოს, რადგან ყოფილ საბჭოთა სხვა ქვეყნებში მცხოვრები პოლონელებისაგან განსხვავებით, საქართველოზე დამუშავებული ინფორმაცია არქივებში თითქმის არ მოიპოვება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში და სხვადასხვა პოლონური წარმოშობის ოჯახებში აღმოჩნდა უამრავი მასალა რეპრესირებული პოლონელების შესახებ, რომლებიც საზოგადოებისთვის უცნობია და საჭიროებს შესწავლა-დამუშავებას. ვაპირებ ამ თემაზე დავიცვა სადოქტორო დისერტაცია.” – ამბობს მაკა ხუციშვილი. მან ვოლ-ლევიცკას ცხოვრების შესახებ კვლევის შედეგები აკადემიურ სივრცეში უკვე წარადგინა და არქივებზე მუშაობას აგრძელებს.

ვოლ–ლევიცკას ერთადერთი გაციფრულებული ხმის ჩანაწერი, სადაც ასრულებს ნაწყვეტს ჯაკომო პუჩინის ოპერიდან. წყარო: ვარშავის ოპერის არქივი

მასალების გადაბეჭდვის წესი