10 ფილმი, რომელსაც ჰელოუინის დღესასწაულზე შეგიძლიათ უყუროთ

31 ოქტომბერს ჰელოუინის დღესასწაული აღინიშნება. ლეგენდის თანახმად, ამ ღამით ქუჩებში ავი სულები იწყებენ წანწალს. ტრადიციისამებრ, ჰელოუინზე სხვადასხვა არსების კოსტუმებში გამოწყობილიბავშვები კარდაკარ ტკბილეულს აგროვებენ.

ნეტგაზეთი გთავაზობთ 10 საშინელებათა ჟანრის ფილმს, რომელიც ჰელოუინის დღესასწაულზე შეგიძლიათ ნახოთ:

The Nightmare Before Christmas/ღამის კოშმარი შობის წინ (1993)

ტიმ ბარტონის უკვე კლასიკად ქცეული ფილმი არა მხოლოდ ჰელოუინის, არამედ შობის განუყოფელი ნაწილია. ფილმში ჯეკ სკელინგტონის, ჰელოუინის ქალაქის მეფის თავგადასავალია აღწერილი. ჰელოუინის აღნიშვნის შემდეგ, მოწყენილობისაგან ჯეკი გადაწყვეტს, რომ ამჯერად უკვე შობის დღესასწაული ჩაიგდოს ხელში და სანტა კლაუსის გატაცებას გადაწყვეტს.

Halloween/ჰელოუინი (1978)

ფილმის დასაწყისში, ჰელოუინის ღამეს 6 წლის მაიკლ მაიერი კლავს თავის 17 წლის დას. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან, თუმცა 1978 წელს გაქცევას ახერხებს და ბრუნდება თავის ქალაქში, სადაც შემდეგი მსხვერპლის ძებნას იწყებს. ფილმი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე  მაღალრეიტინგულია საშინელებათა ჟანრში.

The Conjuring/წყევლა (2013)

ფილმში მოვლენები 1970 წელს ვითარდება, როდესაც პარანორმალური მოვლენების გამომძიებლები, ლორენი და ედი პერსონების ოჯახში მიდიან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათ სახლში ამოუცნობი ძალები არიან შეჭრილი. ფილმმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა კრიტიკოსთა დადებითი შეფასება და ყველა დროის მაღალანაზღაურებად საშინელებთა ჟანრის ფილმად იქცა. წელს ფილმის მეორე ნაწილიც გამოვიდა დიდ ეკრანებზე.

The Witch/ჯადოქარი (2015)

1630 წელს ნიუ ინგლენდში ფერმერის ოჯახიდან უმცროსი შვილი უჩინარდება. ოჯახი ბავშვის გაუჩინარებაში ბრალს უფროსი ქალიშვილს, თომასინს სდებს, რომელიც მათი აზრით შავ მაგიას იყენებს. როგორც “გარდიანი” წერს, ამ ფილმმა ჯადოქრებზე გადაღებული ფილმების ჟანრისათვის შეძლო იგივე, რაც სხვებმა ვამპირების თემაზე შექმნილი ფილმებით მოახერხეს. რეჟისორმა, რობერტ ეგერსმა სანდენსის კინოფესტივალზე ფილმისათვის საუკეთესო რეჟისორის ტიტულიც მიიღო.

The Gift/საჩუქარი (2000)

ქეით ბლანშეტის, კეიტი ჰოლმსისა და კიანუ რივზის მონაწილეობით ფილმი 2000 წელს გამოვიდა. მასში ექსტრასენს ქალს გაუჩინარებული ადამიანის მოძებნაში დახმარებას სთხოვენ და შედეგად, იგი ერთადერთი მოწმეა საქმეში, რომლის თვითმხილველიც არ ყოფილა.

Tremors/რყევები (1990)

პატარა ამერიკული ქალაქის მცხოვრებლები მიწისქვეშა რყევებს გრძნობენ, მაგრამ რყევების გამომწვევ მიზეზს ვერ ადგენენ. ამასთანავე, ქალაქიდან ხალხი გაქრობას იწყებს.

Black Death/შავი ჭირი (2010)

მე-14 საუკუნის ინგლისი. ქვეყანაში შავი ჭირი მძვინვარებს. ახალგაზრდა ბერ ოსმუნდს რაინდი ულრიხი სთხოვს დახმარებას. ისინი იმ სოფლებში იწყებენ სიარულს, სადაც მიცვალებულები ცოცხლდებიან. ფილმში მთავარ როლებს ედი რედმეინი და შონ ბინი თამაშობენ.

It/სტივენ კინგის “ის” (1990)

სტივენ კინგის ნაწარმოების ორსერიანი ეკრანიზაცია 1990 წელს გამოვიდა. ის გვიამბობს ბავშვების ჯგუფზე, რომლებიც ებრძვიან ბოროტ ძალას – პენივაიზს, მოცეკვავე კლოუნს. მას აქვს უნარი, მიიღოს ისეთი ფორმა, რისიც ადამიანს ყველაზე მეტად ეშინია.

Hocus Pocus/ჰოკუს პოკუსი (1993)

საშინელებათა ჟანრის ფილმი კომედიის ელემენტებით – ეს არის ისტორია 3 ჯადოქარ დაზე, რომლებსაც უნდათ უკვდავები გახდნენ, მაგრამ ამაში ქალაქის ახალი მაცხოვრებლები, 3 ბავშვი უშლის ხელს.

Donnie Darko/დონი დარკო

ფილმის მთავარი გმირი არის ამერიკელი ბიჭი, დონი დარკო. ის შეიცნობს სამყაროს და ეუფლება ძალას, აკონტროლოს დრო და საკუთარი ბედი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი