ახალი ამბები

მსოფლიო ბანკმა ნავთობის ფასის 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებლი გაზარდა

25 ოქტომბერი, 2016 • 2281
მსოფლიო ბანკმა ნავთობის ფასის 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებლი გაზარდა

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2017 წელს ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 53-დან 55 აშშ დოლარამდე გაიზრდება. პროგნოზი ემყარება ნავთობის ექპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნები წარმოების შეზღუდვას გეგმავენ.

მსოფლიო ბანკმა მიმდინარე წლის ივლისში გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებელი შეცვალა და ამჯერად ვარაუდობს, რომ 2017 წელს ენერგოპროდუქტების (ნავთობი, ბუნებრივი გაზი და ქვანახშირი) ფასი თითქმის 25%-ით გაიზრდება.

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალიშვილის თქმით, მსოფლიო ბანკის პროგნოზები მეტწილად მართლდება. თუმცა ნავთობის გაძვირება, მისი თქმით, ცალსახად ნეგატიურად არ უნდა შეფასდეს:

“როდესაც ნავთობზე არის დაბალი ფასი, დოლარი არის გამყარებული. თუ ნავთობზე ფასი მიდის ზემოთ, დოლარი უფასურდება. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე, თუ ნავთობის ფასი ცოტა მაღალი იქნება, დოლარის პოზიციები მსოფლიოში შედარებით სუსტდება, რაც ჩვენს ვალუტაზეც აუცილებლად მოახდენს გავლენას. რაც შეეხება საწვავის ფასს, თუ გლობალურ ბაზრებზე ფასი გაიზრდება, ჩვენთანაც ეს რაღაც დოზით იმოქმედებს. ჯერ ამ გადასახედიდან ძალიან რთულია პროგნოზირება. ყოველ შემთხვევაში საინტერესოი ქნება ლარის და დოლარის დამოკიდებულება,” – ამბობს მთვრალიშვილი.

მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ნავთობის ფასი იზრდება, მაგრამ ლარი მყარდებოდა და ამის ხარჯზე საწვავის ფასი არ იზრდებოდა:

“თუ ლარმა დაიწყო გამყარება, პარალელურად, დოლართან მიმართებით, ეს კომპენსირებას აკეთებს და აბალანსებს” – ამბობს მთვრალიშვილი.

ნავთობის ფასის მატება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაძვირებას იწვევს. სწორედ ნავთობის ფასსა და ლარის გაცვლით კურსზეა, ნავთობპროდუქტების იმპორტიორტთა კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში საწვავის ფასი დამოკიდებული. გასულ კვირას, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირების შემდეგ, საქართელოში ბენზინის ფასი 5-6 თეთრით გაიზარდა.

ამ დროისთვის (25.10.16 11:15), Bloomberg-ის მონაცემებით, ერთი ბარელი WTI ნავთობის ფასი ნიუ იორკის სავაჭრო ბირჟაზე 50 აშშ დოლარი ღირს. BRENT-ის ნავთობი კი ICE (Intercontinental Exchange) სავაჭრო ბირჟაზე – 51 აშშ დოლარია.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი