ახალი ამბები | ეკონომიკა | , , ,

საქართველოში საწვავი გაძვირდა

17 ოქტომბერი, 2016 | | 1899
საქართველოში საწვავი  გაძვირდა

საქართველოში არსებულ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი გაძვირდა. ფასი საშუალოდ ერთ ლიტრ ბენზინზე 5-6 თეთრით გაიზარდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალიშვილ ამბობს, რომ საქართველოში არსებული კომპანიებისა და გაზგასამართი სადგურების აბსოლუტურ უმრავლესობაში საწვავის ფასის მატება დაფიქსირდა:

“საშუალოდ მომატებულია 5-6 თეთრით. ფასების მატება გაცილებით  ადრე დაიწყო არაბრენდირებულ გაზგასამართ სადგურებში, ბოლო დღეებია ფასების მატება დაფიქსირდა ბრენდირებულ გაზგასამართ სადგურებშიც,” – ამბობს მთვრალიშვილი.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის თქმით, საწვავის ფასის ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის- ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე და ლარის კურსი დოლართან მიმართებით:

“მომატებულია საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასი კლასის მიხედვით. მეორე კომპონენტი გახლავთ ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით  და აქ, მოგეხსენებათ,  ლარი არის მნიშვნელოვნად გაუფასურებული დოლართან მიმართებით. შესაბამისად, ამ ორი კომპონენტის ერთობლიობამ გამოიწვია ის, რომ ჩვენთან საწვავის ფასმა მოიმატა. სწორედ ამ ორ ფაქტორზეა ჩვენთან ფასების კორექტირება დამოკიდებული,” – ამბობს მთვრალიშვილი.

მისი თქმით, სამომავლოდ საწვავზე ფასების უფრო მეტი მატება მოსალოდნელი არაა, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ლარი გამყარდება, რაც პოზიტიურად აისახება საწვავის ფასზეც.

ბენზინგასამართ კომპანიებში არ საუბრობენ საწვავის გაძვირების მიზეზებზე.

Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, საწვავის ფასმა მსოფლიო ბაზარზე დღეს 0,55 პროცენტით მოიმატა. ფასების მატებაზე საუბრობს ნავთობის ესპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციაც (OPEC). ბოლო მონაცემებით, ერთი ბარელი ნავთობის ღირებულებამ 48,63 აშშ დოლარი შეადგინა, როცა  ორგანიზაციის მონაცემებით, წინა დღეებში ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება 48,07 აშშ დოლარი იყო.

ოფიციალური კურსის მიხედვით, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს, დღეს 1  აშშ დოლარის ღირებულება 2.3537 ლარია, თუმცა ლარის გაუფასურება კვლავაც გრძელდება.

წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” სტატია და გაიგეთ, რისი გაძვირება შეიძლება გამოიწვიოს ლარის გაუფასურებამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი