ახალი ამბები

ბათუმში სასტუმრო World Palace–ი 40-მდე თანამშრომელმა დატოვა

19 ივლისი, 2012 •
ბათუმში სასტუმრო World Palace–ი  40-მდე თანამშრომელმა დატოვა

ნათია სურმანიძე – ”სასტუმროში ორი თვეა ვმუშაობთ, მთავარი მიზეზი, რის გამოც სასტუმროდან წამოვედით, ახალ მენეჯერთან შეუთავსებლობაა. მიუღებელი იყო მისი პრეტენზიები, ეს მაშინ, როცა 200 ლარს გიხდის ხელფასს”. 

 

 

ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, ახალი სერვის-მენეჯერი თენგიზ ბედინაძე სასტუმროს სერვისში ვერ ერკვევა, რის გამოც კომპეტენციების აღრევა ხდებოდა: ”მე მზარეული ვარ და მავალებდა, რომ ქუჩაში დისტრიბუტორები მომეძებნა და მასთან დამეკავშირებინა, ეს არანაირად არ შედის მზარეულის ფუნქციაში”-ამბობს, ირაკლი ზოიძე.

 

თანამშრომლები საუბრობენ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც: ”მოსვლის დღიდან გვემუქრებოდა, დაგაჯარიმებთ, სამსახურიდან გაგიშვებთ, ყველაფერზე შენიშვნას იძლეოდა. სპეციალურად ახდენდა ზეწოლას, რადგან მისი კადრების მოყვანა სურდა” – ამბობს ნანა სურმანიძე.

 

ზეწოლაზე საუბრობს ”ვორლდ პალასის” ყოფილი დირექტორი, ნანა სურმანიძეც: ”მიმტანები, დაცვა, ბარმენი მთლიანი ადმინისტრაცია წამოვიდა, რადგან ვფიქრობთ, რომ სერვის–მენეჯერის პრეტენზიები უსაფუძვლო იყო. ის მიზეზს ეძებდა. ორი თვის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, ავეჯსაც კი ჩვენ ვათრევდით, რომ გახსნისთვის ყველაფერი მოგვესწრო და წესრიგში გვქონოდა. თორმეტი საათი ვმუშაობდით დღეში, მაგრამ ერთი ადამიანის გამო ყველას სამუშაოს დატოვება მოგვიხდა”.

 

”გვითხრეს პრეტენზიები მთავრობის წარმომადგენლებს ჰქონდათო, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, ვის და რატომ. პრეზიდენტის სტუმრობისას არ შეგვინიშნავს უკმაყოფილება, სხვა სტუმრებიც მადლობას გვეუბნებოდნენ ყოველთვის”- ამბობენ ყოფილი თანამშრომლები.

 

”ჩვენ პროფესიონალები  ვართ, მე პირადად ”შერატონშიც” მიმუშაცია და თურქეთშიც, არაერთ ხუთვასრკვლავიან სასტუმროში. კვალიფიკაცია ცნობილ იტალიერ მზარეულთან მარკოსთან მაქვს გავლილი და მეუბნებიან – ”ცეზარი” ისე გამიკეთე, როგორც მე გეტყვიო”.

სასტუმრო World Palace ბათუმში
სასტუმრო World Palace ბათუმში

 

თენგიზ ბედინაძე ყოფილი თანამშრომლების პრეტენზიას უსაფუძვლოს უწოდებს: ”ნანა სურმანიძე სასტუმროს მფლობელმა გაათავისუფლა, ეს თანამშრომლები კი, რომლებმაც სამუშაო გაუფრთხილებლად მიატოვეს, ნანა სურმანიძის მეგობრები იყვნენ და თანადგომა გამოუცხადეს. სხვა არანაირი ზეწოლა მათზე არ განხორციელებულა”.

 

ყოფილ თანამშრომლებზე ზეწოლას სასტუმროს თურქი მფლობელიც უარყოფს. იგი ამბობს, რომ თანამშრომელთა უმრავლესობა ზეპირი შეთანხმებით, საცდელი ვადით ჰყავდა დასაქმებული, მაგრამ სამუშაოს გაუფრთხილებლად მიტოვების მიუხედავად, იგი გასამარჯელოს გადახდას მაინც აპირებს.



სასტუმრო World Palace -ი ერთი თვის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი