ახალი ამბები

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად პრეზიდენტმა დავით რაქვიაშვილი დანიშნა

24 ოქტომბერი, 2016 • 2427
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად პრეზიდენტმა დავით რაქვიაშვილი დანიშნა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად გიორგი მარგველაშვილმა დავით რაქვიაშვილი დანიშნა. პრეზიდენტმა რაქვიაშვილი დღეს, 24 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეში წარადგინა.

დავით რაქვიაშვილი პროფესიით გეოლოგია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მას არასამთავრობო და საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

2008-2010 წლებში იყო რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. რაქვიაშვილი მონაილეობდა ჟენევის დისკუსიებში, ინციდენტების რეაგირების და პრევენციის მექანიზმის მუშაობაში. თანათავმჯდომარეობდა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სამუშაო ჯგუფს.

2011-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს დესპანად ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური დეპარტამენტების ზედამხედველობა და კოორდინაცია ებარა.

2000 წლიდან დღემდე არის სამთო გამყოლთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი. რაქვიაშვილი ასევე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანამდამფუძნებელი და წლების განმავლობაში ხელმძღვანელიბდა სამეთვალყურეო საბჭოს.

“პიროვნულ კონტექსტში გეტყვით, რომ არის ჩემი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ალპინისტი. ვისაც მთაში უვლია, კარგად იცნობს ბატონ დავითს. ეს სერიოზული პიროვნული მაჩვენებელია, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უშიშროების საბჭოში იმუშაო და ემსახურო ქვეყნის გაძლიერებას და თავდაცვისუნარიანობას,”- განაცხადა პრეზიდენტმა დავით რაქვიაშვილის წარდგენისას.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პრეზიდენტმა საბჭოს უკვე ყოფილი მდივანი, ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა. იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში უფლებამოსილების განხორციელებას 2 ოქტომბრიდან შეუდგა, საბჭოს მდივნის თანამდებობა კი დღემდე ვაკანტური იყო.

იმერლიშვილი საბჭოს მდივნად 2013 წლის 22 ნოემბრს დაინიშნა. მანამდე, 2010 წლიდან 2013 წლის ნოემბრამდე, მდივანი გიგა ბოკერია იყო. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნები სხვადასხვა დროს ასევე იყვნენ კოტე კემულარია, კახა ლომაია, ეკა ტყეშელაშვლი, ვანო მერაბიშვილი, თედო ჯაფარიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი