2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიშის პერიოდში „სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებული იქნა, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 7, მუქარისა და ზეწოლის 17 (მათ შორის, ბიზნესზე ზეწოლის – 1, მოქალაქეებზე ზეწოლის – 6 და პარტიის აქტივისტებზე ზეწოლის 10 შემთხვევა), პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების 4, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების 7, მოსყიდვის 5 შემთხვევა.
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ბოლოდროინდელი ტენდენციები უმეტესწილად მიმართულია “ქართული ოცნების” აქტივისტებისა და წევრების მიმართ.
“მე ვიტყოდი, რომ ყველა ის ტენდენცია, რაც შეეხება მოსყიდვის ფაქტებს, მიმართულია 99%–ით “ქართული ოცნების” აქტივისტებისა და წევრების მიმართ”, – აღნიშნავს ლომჯარია და აქვე დასძენს, რომ წინა პერიოდთან შედარებით უფრო მეტად დამძიმდა სიტუაცია და გახშირდა ძალადობრივი ქმედებების, ანგარიშწორების, მუქარის, ზეწოლის ფაქტების გამოყენება.

“ჩვენს პირველ ანგარიშში გაცილებით უფრო მკვეთრი ტენდენცია იყო პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა დღევანდელ შემთხვევაში გამოიკვეთა უკვე ფიზიკური დაპირისპირება, მუქარა და ზეწოლა, რაც არის ყველაზე საგანგაშო ტენდენცია”, – ამბობს “სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია.
კვლევაში პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ოთხი შემთხვევაა მოყვანილი, რომლიდან სამიც “ქართული ოცნების” აქტივისტებსა და წევრებს, ხოლო ერთი პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აქტივისტის საქმეს უკავშირდება.
ლომჯარიას შეფასებით, ამ მხრივ ყველაზე აქტიური რეგიონები კახეთი, შიდა ქართლი, ზუგდიდი და იმერეთია. თელავის შემთხვევაში კვლევაში ყურადღება გამახვილებულია „ქართული ოცნების“ წევრის, გივი პაატაშვილს შემთხვევაზე, როდესაც ის მხოლოდ იმისთვის სცემეს, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” წევრია.
წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშში ასევე მოხვდა ქარელის რაიონის სოფელ დირბში მომხდარი ინციდენტი, როდესაც აღნიშნულ სოფელში ჩასულ “ქართული ოცნების” ლიდერებთან შესახვედრად გამოსულ მოსახლეობას ქარელიდან, აგარიდან, რუისიდან, კეხიჯვრიდან და არადეთიდან ჩამოსული ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ.
აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდნენ ქარელის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული – აკაკი დოლიშვილი, გამგეობის თანამშრომელი – ლევან მჭედლიძე, სამხედრო გაწვევის თანამშრომელი – ალიკა ყველაშვილი, სოფელ დირბის გამგებელი – ჰამლეტ დავრაშელიძე და და ამავე სოფლის საკრებულოს წარმომადგენელი – სერგო მურადაშვილი, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა კოალიციის წარმომადგენლებს. ასევე, აქციის დარბევაში მონაწილეობდნენ ქარელის მკვიდრნი: ზურა ზარდიაშვილი, ზაზა ქვრივიშვილი, ლევან გიგაური, დიმიტრი ხანიშვილი, გიორგი გოხიძე, გია ზუროძე, ლევან და ზურა ხარატიშვილი.
ლომჯარიას შეფასებით, ძალადობრივ ქმედებებში ძირითადად მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმართველობების თანამშრომლები და იქ დასაქმებული პირები.
ანგარიშში არ გამორჩენიათ 26 ივნისს სოფელ მერეთში მომხდარი ინციდენტიც, რა დროსაც დაპირისპირებაში ჩაერთნენ “ქართული ოცნებისა” და მმართველი პარტიის მხარდამჭერები.
ლომჯარიას შეფასებით, აღნიშნულ შუალედურ ანგარიშში, წინა ანგარიშებისგან განსხვავებით, სიახლეს წარმოადგენს პოლიტიკური პარტიის აქტივისტების მიმართ გახშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნორმების გამოყენება, მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობები.
“ერთი მხრივ, მიგვაჩნია, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია რეგიონებში და ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, უნდა ხდებოდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება, რადგან ერთ–ერთი პრევენციული ქმედებაა, თუმცა, სამწუხაროდ, განსაკუთრებით ადმინისტრაციული პატიმრობების შეფარდების დროს ჩვენ ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც სასამართლოს მხრიდან ადგილი არ აქვს ერთგვაროვან მიდგომას და ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციულად ხდება სანქციების შეფარდება”, – აღნიშნავს ლომჯარია.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედურ ანგარიშში ასვე ყურადღება გამახვილებულია მოქალაქეებზე ზეწოლის ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მიხედვით მსგავსი ფაქტები “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მოქალაქეების მიმართ არის დაფიქსირებული. კერძოდ, საუბარია ხარაგაულის, ტყიბულის, ხონის, ჩოხატაურისა და დედოფლისწყაროს შემთხვევებზე.
მაგალითად, 2012 წლის 17 ივნისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბლაციხის რწმუნებულმა ბეჟან ხაბეიშვილმა დაბლაციხის საჯარო სკოლის პედაგოგ მარიკა ონიანს „ურჩია“, რომ არ წასულიყო კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაზე ოზურგეთში, რადგან შესაძლებელია მას პრობლემები შექმნოდა.
ტყიბულის შემთხვევაში კი კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერ სერგო ბრეგაძეს, მისივე განმარტებით, ტყიბულის საკრებულოს თანამშრომელი დავით ჭანკვეტაძე დაემუქრა და უთხრა, რომ თავი დაენებებინა „ოცნებებისთვის“, რადგან მისი „დოსიე“ აქვთ და მისთვისვე იქნებოდა უმჯობესი, გულისხმიერებით მოკიდებოდა ამ გაფრთხილებას.
ასევე ისეთი ფაქტიც დაფიქსირდა, როდესაც სოფელ ქვედა სიმონეთში მცხოვრებ ნელი გაბელაიას სოციალური დახმარება იმის გამო შეუწყდა, რომ მან ხელი მოაწერა ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას და ის დღემდე უშედეგოდ ცდილობს სტატუსის აღდგენას.
კვლევის მეორე ნაწილი კი ორიენტირებულია პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებულ შეხვედრებსა და მათ დაპირებებზე წინასაარჩევნოდ.
“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას შეფასებით, თუკი აპრილის თვეში მომზადებულ პირველ ანგარიშში გარკვეულწილად განსხვავდებოდა პოლიტიკური პარტიების მიერ მიცემული დაპირებები ერთმანეთისგან, უკვე მაისისა და ივნისის თვიდან ძალიან დაახლოვდა პარტიების მიერ გაცემული დაპირებები. ამ შემთხვევაში საუბარია ოთხ პარტიაზე: “ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობაზე”, “ნაციონალურ მოძრაობაზე”, “ქართულ ოცნებასა” და “ახალი მემარჯვენეებზე”.
“დღეს ოთხივე პარტია აქცენტს აკეთებს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, სოციალური პროგრამების მოგვარებასა და დასაქმების პრობლემებზე. ანუ ოთხივე პარტიას თუ შევადრებთ, აქვთ ძალიან ახლო და მსგავსი დაპირებები და პროგრამები.
აპრილში ნაციონალუირ მოძრაობა აქცენტს უფრო მეტად ინფრასტრუქტურაზე აკეთებდა, აქ შედიოდა გზის გაყვანა, გაზიფიცირება. თუმცა, მაისსა და ივნისში შეცვლილია აქცენტები და ის სოფლის მეურნების, დასაქმებისა და სოციალური დაზღვევის პროგრამებზეა გამახვილებული”, – ამბობს ლომჯარია.
“სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, საჯარო შეხვედრებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების/ლიდერების მხრიდან მოქალაქეებისათვის შეთავაზებულ იქნა შემდეგი ტიპის დაპირებები:
- სოციალური პრობლემების მოგვარება;
- დასაქმების პრობლემის მოგვარება;
- ახალი სოფლის პროგრამები;
- ახალი სადაზღვეო პაკეტები საქართველოს მოქლაქეებისათვის.
კოალიცია “ქართული ოცნების” დაპირებები:
- სოფლის მეურნეობის განვითარება;
- ყველა მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის ცენტრების გახსნა;
- მილიარდიანი ფონდის შექმნა, რომელიც მხოლოდ სოფლის მეურნეობას და ინფრასტრუქტურის გამართვას მოხმარდება;
- სახელფასო განაკვეთების გაზრდა პედაგოგებისათვის;
- საქართველოს ყველა მოქალაქის დაზღვევა, რომელიც აანაზღაურებს ყველა სახის ოპერაციას;
- სამუშაო ადგილების შექმნა.
პოლიტიკური გაერთიანება – “ახალი მემარჯვენეების’” დაპირებები:
- სოფლისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის 300% გაზრდა;
- „სასოფლო ბანკი“-ის შექმნა გლეხებისათვის და სოფლის მეურნეობისათვის საჭირო ტექნიკისა და პესტიციდების შეღავათიან პირობებში მიღება;
- დაზღვევის საყოველთაო ხელმისაწვდომობა სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისათვის;
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობა;
- ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა ყველა მოქალაქისათვის;
“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” დაპირებები:
- ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობები;
- გაზიფიცირების პრობლემის მოგვარება;
- ინფრასტრუქტურის გამართვა მაღალმთიანი რეგიონებისათვის;
- სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდების პრობლემის მოგვარება.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში მოიცავს 2012 წლის 4 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით პერიოდს.







