ახალი ამბებისამართალი

ე.წ. კაბელების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 3 ნოემბერს განახლდება

20 ოქტომბერი, 2016 • 2169
ე.წ. კაბელების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 3 ნოემბერს განახლდება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმის განხილვა 3 ნომებერს განახლდება. დღეს სასამართლომ მხოლოდ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი მოისმინა, ხოლო მომდევნო სხდომაზე საიას იურისტი და ბრალდების მხარე წაიკითხავენ თავიანთ სიტყვას.

საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლოში თავისუფალი დემოკრატების ყოფილი და მოქმედი ლიდერებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც პირველი შესვენების გამოცხადების შემდეგ დატოვეს დარბაზი, სადაც პროცესის ბოლომდე მხოლოდ ბრალდებულთა ახლობლები დარჩნენ.

ირაკლი ალასანიას გუნდის წევრები თავდაცვის სამინსიტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მათი ციხეში ყოფნა არის ტრაგედია. თავისუფალი დემოკრატების ყოფილი და მოქმედი წევრები იმედოვნებენ, რომ სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის დასკვნებს და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს. მათ ასევე აქვთ იმედი, რომ პრეზიდენტი გადახედავს ამ საქმეს და ბრალდებულებს შეიწყალებს.

საქმეში არსებული სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის გამო დაცვის მხარე თავის სიტყვას დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დახურულ დარბაზში კითხულობდა. შემდეგ ისევ საჯაროდ გაგრძელდა განხილვა, თუმცა პროკურორმა ბრალდებულების ადვოკატს მალევე შეწაყვეტინა სიტყვა და განაცხადა, რომ დაცვის მხარემ საქმეში არსებული საიდუმლო ინფორმაციის კითხვა ღია პროცესზეც განაგრძო, რასაც ადვოკატი სოსო ბარათაშვილი არ დაეთანხმა. მისი თქმით, “დელტაკომის” ფინანსური ხელმძღვანელის, დავით ხუბულურის ჩვენება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ მოწმის სახით დაკითხა, უკვე გასაჯაროებულია და აღარ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას. მიუხედავად ამისა, მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ ურჩია დაცვის მხარეს, რომ ეს ნაწილი საჯაროდ არ წაეკითხათ.

“ჩვენი საჩივარი არის ძალიან ვრცელი, რომელიც 15 ნაწილისაგან შედგება. არის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს იმაში, რომ ამ ადამიანებმა კანონის შესაბამისად იმოქმედეს და არაფერი დაურღვევიათ – კი არ გაფლანგეს, არამედ დაზოგეს მილიონობით ლარი სახელმწიფოს სასარგებლოდ. საქმეში ძალიან ბევრი დეტალია და ყველა დეტალს აქვს დიდი მნიშნელობა, ხოლო ამ ყველაფერზე გვაქვს ყურადღება გამახვილებული სააპელაციო საჩივარში. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, მიმაჩნია, რომ ეს ცალკე შესწავლის საგანია, ვინაიდან ეს თემა არის საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანიც და იქ მიმდინარეობს პროცესი. ჩვენ ვასაბუთებთ, რომ არც დანაშაულის სუბიექტური მხარე არსებობს, რის გარეშეც საერთოდ დანაშაული არ არსებობს, ასევე, საერთოდ არ არსებობს წინასწარ შეთანხმებული ჯგუფი და არა მხოლოდ ფაქტობრივად არის ეს დაუსაბუთებელი, არამედ ამ ბრალდებისა და განაჩენის ჩამოყალიბებული ფორმულირება საერთოდ არ ესადაგება ამ მუხლს,” – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბრისას ბრალდებულთა ადვოკატი სოსო ბარათაშვილი.

პროკურორი ნინო აღლემაშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მიერ მომზადებულ სიტყვა ეყრდნობა მხოლოდ მტკიცებულბებს, სადაც დაცვის მხარის პოზიცია დეტალურად არის გაბათილებული. ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს.

მომდევნო განხილვას, რომელიც 3 ნომებერს არის ჩანიშნული სააპელაციო სასამართლოში, ბრალდების მხარე გახსნის თავისი შესაგებელი სიტყვით, თუმცა სასამართლო ასევე მოუსმენს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელ ლევან ვეფხვაძეს, რომელიც ერთ–ერთი ბრალდებულის, გიორგი ლობჟანიძის ადვოკატია.

2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ გაფლანგვის ბრალდებით პრკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი: გიზო ღლონტი, ნუგზარ კაიშაური, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე და დავით წიფურია დააკავა.

თანაგუნდელების დაკავებამ “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი ლიდერის, თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ ორი მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა.

ე.წ. კაბელების საქმის დეტალები ვრცლად იხილეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი