საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 2012 წლის 10 ივლისს შევიდა და მას ხელს ხუთი ადამიანი აწერს, მოპასუხე მხარე კი საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.
ორგანიზაცია ”იდენტობის” ცნობით, სადავო ნორმებს წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ და 2007 წლის 27 სექტემბრის „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებები, რომელთა მიხედვითაც „ჰომოსექსუალიზმი“ სისხლის დონორობისათვის წინააღდეგ ჩვენებაა.
”საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ხელს აწერენ სარჩელს, ჰომოსექსუალებად ახდენენ თვითიდენტიფიკაციას და მიაჩნიათ, რომ მათ მიერ გასაჩივრებული ნორმებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი, კერძოდ კი, მე-14, მე-16 და მე-20 მუხლი, რომელთა მიხედვითაც, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა; ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება და ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე, ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია,” – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაცია „იდენტობის“ იურისტები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული ნორმები დისკრიმინაციულია. კერძოდ, განსხვავებულ მოპყრობას აქვს ადგილი ორი სხვადასხვა ჯგუფის – ჰომოსექსუალების და ჰეტეროსექსუალების მიმართ. ასევე, მოსარჩელეთა მიერ გასაჩივრებულ ნორმათა ტექსტის ფორმულირება, მისი ბუნდოვანებიდან გამომდინარე, სცდება დონორების მიერ გაღებული სისხლის ხარისხის უზრუნველყოფისა და სისხლის ბენეფიციართა უსაფრთხოების მიზანს, რადგან ბრძანებათა ტექსტი სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობას არა სარისკო სექსუალური ქცევის საფუძველზე, არამედ პიროვნების სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე კრძალავს.
გარდა ამისა, კონსტიტუციის მე-16 მუხლი ქცევის საყოველთაო თავისუფლებას არსებითად განამტკიცებს და ითვალისწინებს პირის უფლებას, ჩააბაროს სისხლი და გახდეს სისხლისა და/ან მისი კომპონენტების დონორი.
თავისუფალი განვითარების უფლება ასევე იცავს ადამიანის პირადი და ინტიმური ცხოვრების სფეროებს. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე, ადამიანი დამოუკიდებელია საკუთარი სექსუალური ორიენტაციის განსაზღვრაში, სქესობრივი პრაქტიკისა და სექსუალური ქცევის არჩევაში.
თავისუფალი განვითარების უფლება ასევე იცავს ადამიანის პირადი და ინტიმური ცხოვრების სფეროებს. შესაბამისად, კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე, ადამიანი დამოუკიდებელია საკუთარი სექსუალური ორიენტაციის განსაზღვრაში, სქესობრივი პრაქტიკისა და სექსუალური ქცევის არჩევაში.
სარჩელის განხილვა სასამართლოს მიერ მაქსიმუმ 9 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს. „იდენტობის“ იურისტები იმედოვნებენ, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება და ზემოაღნიშნული ბრძანებების დისკრიმინაციული პუნქტები ანტიკონსტუტუციურად იქნება ცნობილი.