ახალი ამბები

პროკურატურა ”მაესტროს” საქმეზე განმარტებებს აკეთებს

12 ივლისი, 2012 •
პროკურატურა ”მაესტროს” საქმეზე განმარტებებს აკეთებს

”მიუხედავად დანაშაულის პრევენციის მიზნით გატარებული ამ ზომებისა, გამოძიებას აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, შპს „მაესტრომ”, პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანიების – შპს „ელიტა-ბურჯის” წარმომადგენელთა მითითებით  თვალთმაქცური გარიგებების გზით, საქართველოში შემოიტანა ათასობით სატელიტური ანტენა, რომელიც უნდა დარიგებულიყო „ქართული ოცნების” სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” მიერ უკვე აპრობირებული სქემით.

 

მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნებისათვის სატელიტური ანტენების იმპროტს თვალთმაქცური გარიგებების მეშვეობით ახორციელებს შპს მაესტრო, რომელმაც ჩაანაცვლა შპს „ელიტა ბურჯი” და სხვა კომპანიები. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, სატელიტური ანტენების რეალური მესაკუთრის დაფარვის მიზნით, შ.პ.ს. „ელიტა ბურჯი” მზად იყო, ანტენების ეტიკეტების ხელახლა დასამზადებლად და შესაფუთად გადაეხადა რამდენიმე ასეული ათასი ამერიკული დოლარი, რათა არ გამჟღავნებულიყო რეალური  მესაკუთრის („ელიტა ბურჯი”, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი”) შესახებ მონაცემები. თუმცა აღნიშნული სქემის განხორციელება სრულად ვერ მოხერხდა და ტვირთის ნაწილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტების მიხედვით მაესტროს საკუთრებაა, ეტიკეტების მიხედვით, ისევ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს” ეკუთვნის,” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

პროკურატურის ცნობით, საბაჟოსთვის მიწოდებული დოკუმენტების მიხედვით, ”მაესტროს” მიმწოდებელი არის იგივე თურქული კომპანია, რომელმაც ანტენები შ.პ.ს. „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს” მიაწოდა.

 

”გამოძიების მიხედვით ასევე დასტურდება, რომ განბაჟების პროცესს ახორციელებდა   შ.პ.ს. „ელიტა ბურჯის” რამდენიმე წარმომადგენელი და არა შ.პ.ს. „მაესტროს” შესაბამისი პირი, რაც ასევე დამატებით ადასტურებს გარიგებების თვალთმაქცობას.

 

ნათელია, რომ მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობდა არა შ.პ.ს. „მაესტრო”, არამედ შ.პ.ს. „ელიტა ბურჯი”. სწორედ ამიტომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული პროცედურის დაცვით, საქართველოს პროკურატურამ დააყადაღა სატელიტური ანტენები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე.  გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით,” – აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურატურა.

 

”მაესტროს” მიერ საქართველოში შემოტანილი სატელიტური ანტენები პროკურატურის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ დააყადაღა. საპასუხოდ ”მაესტროს” მფლობელებმა განაცხადეს, რომ გავრცელების არეალის გაფართოების მიზნით ტელეკომპანია ”მაესტრომ” 2012 წლის 3 ივლისს პიარკამპანია დაიწყო სახელწოდებით: „მაესტრო ყველა ოჯახში“, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის ზაფხულის განმავლობაში რეგიონების მასშტაბით სატელიტური თეფშების მონტაჟი იგეგმებოდა. პირველი სიმბოლური თეფში სოფელ ხანდაკში 3 ივლისს დამონტაჟდა.

 

”ტელეკომპანია ”მაესტრო” არის დამოუკიდებელი კერძო კომპანია, რომლის ერთადერთი ინტერესი განვითარება და აუდიტორიის გაზრდაა. სატელიტური თეფშების მონტაჟის გადაწყვეტილებაც ტელეკომპანიის ბიზნესგეგმაა და ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მისი შეფერხებით მთავარი პროკურატურა და სასამართლო ხელს უშლის მაესტროს, როგორც თავისუფალი მედიასაშუალების ზრდა-განვითარებას და, შესაბამისად, საზოგადოების უფლებას ზღუდავს, მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია, რაც არჩევნებამდე 2 თვით ადრე განსაკუთრებით მნიშვნელოვან პრობლემად გვესახება,” – განაცხადეს ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი