ახალი ამბებიეკონომიკა

ნოემბერში თბილისში რუსი ბიზნესმენების ჯგუფის ვიზიტი იგეგმება

20 ოქტომბერი, 2016 • 1628
ნოემბერში თბილისში რუსი ბიზნესმენების ჯგუფის ვიზიტი იგეგმება

19 ოქტომბერს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდა. აბაშიძის თქმით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ერთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს და ნოემბერში თბილისში რუსი ბიზნესმენების ვიტიზი დაიგეგმა.

“სავაჭრო პალატებს შორის არსებობს ურთიერთობები და გვქონდა საუბარი იმაზე, რომ რუსი ბიზნესმენების ჯგუფი შესაძლოა ჩამოვიდეს ნოემბერში. საუბარი შეეხო ასევე 2011 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას საბაჭო მონიტორინგის შესახებ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ყველა მოსამზადებელი სამუშაო დასრულებულია და ველით მათგან მზადყოფნას პროექტის იმპლემენტაციისთვის,” – ამბობს აბაშიძე.

ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს რუსეთის საგარეო უწყება.

რუსეთი ასევე მუშაობს სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე იგეგმება სავიზო რეჟიმის გამარტივება ქართული ავიახაზების ეკიპაჟებისათვის. უწყება აღნიშნავს, რომ საქართველომ მიმდინარე წელს მილიონზე მეტი ტურისტი მიიღო რუსეთიდან.

2016 წლის დასაწყისში რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი გამარტივდა. თუ ადრე მხოლოდ უახლოეს ნათესავს შეეძლო მიეწვია საქართველოს მოქალაქე რუსეთში, ახლა ნებისმიერ რუსეთის მოქალაქეს აქვს უფლება გამოაგზავნოს მოწვევა.

“მაგრამ ეს მაინც დაკავშირებულია სირთულეებთან – დრო, დოკუმენტები და ა.შ. რაც შესაძლებელია, რომ გამარტივდეს. ამ პროცედურული საკითხების გამარტივება, ჩვენ ვთვლით, რომ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება. ჩვენ განსაკუთებულად, იმპერატიულად ამ საკითხს არ ვაყენებთ, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ. რუსეთის მოქალაქეებს 2011 წლიდან საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზა საერთოდ არ სჭირდებათ,” – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

კარასინსა და აბაშიძეს შორის შემდეგი შეხვედრა 2017 წლის დასაწყისში გაიმართება.

საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან ზურაბ აბაშიძე ევროპის სხვადასხვა ქალაქში შეხვედრებს მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი