ახალი ამბები

ერაყის ქალაქ მოსულის მიმდებარე დასახლებებიდან ათასობით ადამიანი გარბის

19 ოქტომბერი, 2016 • 2492
ერაყის ქალაქ მოსულის მიმდებარე დასახლებებიდან ათასობით ადამიანი გარბის

როგორც ჰუმანიტარული ორგანიზაცია, “გადავარჩინოთ ბავშვები”, აცხადებს, ბოლო ათი დღის განმავლობაში სირიის საზღვარი ერაყის უკვე 5000-მდე მოქალაქემ გადალახა. ისინი, “ბიბისის” (BBC) ცნობით, ისინი იმყოფებიან სირიის ქალაქ ალ-ჰოლის ლტოლვილთა ბანაკში, რომელიც უკვე გადავსებულია.

“ბიბისის” ცნობითვე, გაერო ემზადება ბოლო პერიოდში უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისისათვის, რაც შეიძლება გამოიწვიოს ქალაქ მოსულში ერაყისა და პარტნიორი ჯარების ბრძოლამ ე.წ ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ერაყის არმიამ და ქურთული “პეშმერგის” ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებული ქალაქის, მოსულის, მიმართულებით სვლა ორშაბათს, 17 ოქტომბერს დაიწყეს. მათ ზურგს უმაგრებს სამხედრო საჰაერო ძალების კოალიცია, რომელსაც აშშ მეთაურობს.

როგორც “ბიბისი” იუწყება, ლტოლვილთა ბანაკები აშენებულია მოსულის სამხრეთით, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით —უახლოეს დღეებსა და კვირებში გაერო მოსულიდან 200 000-მდე ლტოლვილს ელოდება.

ერაყის მთავრობამ მოსულის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ უმჯობესია, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ქალაქში დარჩნენ. ერაყის თქმით, ამ რეკომენდაციის მიზეზი ის არის, რომ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს, სავარაუდოდ, დანაღმული აქვთ სავალი ნაწილები და ჰყავთ სნაიპერები, რომლებიც შეიძლება ქალაქის დატოვების მსურველებს გაუსწორდნენ. არსებობს საფრთხე, რომ მილიტარისტულმა დაჯგუფებამ მოსულის მოსახლეობა “ცოცხალ ფარად” გამოიყენოს, ასევე, შესაძლოა, ISIS-მა ქიმიური იარაღი გამოიყენოს.

სააგენტო “როიტერსმა” მოახერხა, ტელეფონით დაკავშირეობდა ქალაქში მყოფ ადამიანებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ISIS ცდილობს, მოსახლეობას ქალაქის დატოვების უფლება არ მისცეს. მებრძოლებმა მოქალაქეები იმ შენობების წინ დააყენეს, რომლებსაც, სავარაუდოდ,  შეიძლება ერაყის მთავრობის მხარემ დაბომბოს.

“ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებულ მოსულში 1.5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ვარაუდით, როგორც კი ერაყის მხარდამჭერი ძალები ქალაქს მიუახლოვდებიან, მოსულის მცხოვრებლები მიგრაციის ახალ ტალღას შექმნიან, რაც, UNHCR-ის შეფასებით, უახლეს ისტორიაში მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიზისი იქნება.

მოსული ყველაზე დიდი ქალაქია, რომელიც ჯერ კიდევ “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მმართველობის ქვეშაა. 2014 წელს სწორედ მოსულში გამოაცხადა “ისლამური სახელმწიფოს” მეთაურმა, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადიმ ხალიფატის დაარსება ერაყსა და სირიაში – სახელმწიფოსი, რომელიც ისლამური წესებით იმართება.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰეიდარ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ მოსულში მხოლოდ ერაყის არმია და ეროვნული პოლიცია შევლენ. ამასთან, მათთან ერთად იბრძვიან ქურთული “პეშმერგის” ძალები. BBC-ის ცნობით, სამხედრო კოალიცია, რომელსაც აშშ მეთაურობს, მხარს უჭერს ერაყის მთავრობის ნაბიჯებს – ისინი მოსულზე საჰაერო თავდასხმებში კვლავ მიიღებენ მონაწილეობას. სამხედრო ოპერაცია კომპლექსურია და, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ბრძოლა, სულ ცოტა, ორ კვირას გაგრძელდება.  

“ბიბისი” წერს, რომ კოალიციურ ჯარებს 30 ათასამდე მებრძოლი ჰყავთ მობილიზებული, მოსულში კი ISIS-ის 4 000-დან 8 000-მდე მებრძოლია დარჩენილი. თუკი ერაყი ჩხრდილოეთ ნაინევის პროვინციის დედაქალაქ მოსულს აიღებს, ეს “ისლამური სახელმწიფოს” ეფექტური დამარაცხების ნიშანი იქნება. CNN-ის შეფასებითაც, მოსულზე კონტროლის ხელახლა მოპოვება ალ-აბადის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება იმის გათვალისწინებით, რომ მას უჭირს ქვეყნის დამაჯერებლად მართვა. მოსულის აღება დაამტკიცებს ერაყის ჯარის სიძლიერეს და დაასრულებს ტერორისტული დაჯგუფების ტერიტორიულ დომინაციას ერაყის ნავთობით მდიდარ რეგიონში.

ერაყის ქალაქ ერბილში, დებაგის ლტოლვილთა ბანაკში, მოსულიდან გამოქცეული ლტოლვილები აფარებენ თავს. ბანაკში მყოფთა რაოდენობა აჭარბებს წინასწარ გათვლილ რიცხვს - აქ გაცილებით მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ეს შესაძლებელია. როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, 500 000-ზე მეტ ბავშვსა და მათ ოჯახებს საფრთხე ემუქრება მომავალ დღეებსა და კვირებში ერაყის არმიისა და ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” დაპირისპირების პარალელურად. 18.10.2016. ფოტო: EPA/JENS KALAENE

ერაყის ქალაქ ერბილში მდებარე დებაგის ლტოლვილთა ბანაკს მოსულიდან გამოქცეული ლტოლვილები აფარებენ თავს. ბანაკში მყოფთა რაოდენობა აჭარბებს წინასწარ გათვლილ რიცხვს – ბანაკს იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი აფარებს თავს, ვიდრე ეს შესაძლებელია. როგორც საერთაშორისო მედია იუწყება, ერაყის არმიისა და ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” დაპირისპირების პარალელურად, 500 000-ზე მეტ ბავშვსა და მათ ოჯახებს მომავალ დღეებსა და კვირებში საფრთხე ემუქრებათ. 18.10.2016. ფოტო: EPA/JENS KALAENE

მასალების გადაბეჭდვის წესი