ახალი ამბები

როგორ ებრძვის სახელმწიფო სააფთიაქო ნარკომანიას

19 ოქტომბერი, 2016 • 2498
როგორ ებრძვის სახელმწიფო სააფთიაქო ნარკომანიას

თბილისის სააფთიაქო ქსელებში “ნეტგაზეთმა” დაუბრკოლებლად შეძლო იმ პრეპარატის შეძენა, რომელიც რეცეპტით გასაცემ მედიკამენტთა ჯგუფს განეკუთვნება და რომელსაც, სამედიცინო ცენტრ “ურანტის” ხელმძღვანელის, ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, ნარკომომხმარებლები აქტიურად გამოიყენებენ.

ზურაბ სიხარულიძის თქმით, მას შემდეგ, რაც აიკრძალა და ბაზრიდან “გაქრა” კოდეინის შემცველი პრეპარატები, ის ჩაანაცვლა სხვა პრეპარატმა, რომლის შეძენა ურეცეპტოდაც შეიძლება, იმის მიუხედავად, რომ რეცეპტით გასაცემ მედიკამენტთა სიაშია. ნეტგაზეთი ამ პრეპარატის სახელს შეგნებულად არ ასახელებს.

“[ის] არის ახლა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრეპარატი, რომელსაც იყენებენ როგორც პროგრამის პაციენტები, ასევე – სხვებიც. ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს ეს პრეპარატი იმიტომ, რომ ამას ინტრავენურად იყენებენ ტაბლეტთან ერთად, რომელიც ურეცეპტოდ იყიდება გადაუდებელ შემთხვევებში, თუმცა ერთმა კაცმა შეიძლება იყიდოს 30-40 აბი,”- განაცხადა მან.

ფარმაცევტული პროდუქტის კლასიფიკაციის მიხედვით, ეს წამალი მეორე ჯგუფში არის მოთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რეცეპტით გაიცემა. აქვე არის მითითება, რომ ამპულის სახით ეს მედიკამენტი გადაუდებელი დახმარებისას შეიძლება ურეცეპტოდაც გაიცეს:

“როდესაც ეს აუცილებელია პაციენტის საჭიროებისთვის და ერთჯერადი დოზის ოდენობით აფთიაქის ფარმაცევტს უფლება აქვს, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით გასცეს [მედიკამენტი] ამპულირებული საინექციო წამლის ფორმით,”- განუმარტა ნეტგაზეთს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა, ნანა შაშიაშვილმა. 

ნეტგაზეთმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რა დროსაც თბილისის ცენტრში (ორ სააფთიაქო ქსელსა და ერთ კერძო აფთიაქში) დაუბრკოლებლად შეძლო ამ დასახელების პრეპარატის შეძენა. ერთ შემთხვევაში- 50 აბი, მეორე შემთხვევაში- 20 აბი, ხოლო მესამე შემთხვევაში – 2 ამპულა ყოველგვარი კითხვის დასმის, ან რეცეპტის მოთხოვნის გარეშე მოგვყიდეს.

მას შემდეგ, რაც ეს მედიკამენტები შევიძინეთ, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე [1505] დავრეკეთ და მივაწოდეთ ინფორმაცია იმ აფთიაქების შესახებ, სადაც მედიკამენტი შევიძინეთ. სამინისტროს ცხელ ხაზზე განმცხადებლის ანონიმურობის დაცვის პირობით ჩაინიშნეს მონაცემები და განგვიცხადეს, რომ ეს ინფორმაცია მონიტორინგის ჯგუფს გადაეცემოდა.

“ურანტის” ხემძღვანელი ზურაბ სიხარულიძე განმარტავს, რომ ამ პრეპარატის მიღება მომხმარებლებმა ბოლო ნახევარი წლის მანძილზე განაახლეს. მისივე განცხადებით, ამ პრეპარატის ავადმოხმარება მომაკვდინებელია:

“ეს იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს. გარდა იმისა, რომ იწვევს დამოკიდებულებას, ასევე იწვევს უმძიმეს გართულებებს, ანემიას და ადამიანები იღუპებიან ამისგან იმიტომ, რომ მოიხმარენ ტაბლეტირებულ ფორმას ინტრავენურად. აფთიაქარები ძალიან კარგად ხვდებიან, 15, 20 და 30 წლის კაცი რომ მოდის და 10-20 ტაბლეტ [მედიკამენტს] და შპრიცს ითხოვს, რისთვის ითხოვს, და რომ ალერეგია არ სჭირს. არ შეიძლება, დღეში 10 კაცს სჭირდეს ალერგია და [მედიკამენტი] შველოდეს ამას,”- განაცხადა სიხარულიძემ.

მისივე თქმით,  თბილისში, 5-6 აფთიაქში სცადა ამ წამლის შეძენა და სადაც ვერ იცნეს, ყველგან თავისუფლად მიჰყიდეს.

კითხვაზე, იმუშავა თუ არა რეცეპტების სისტემამ და რამ გამოიწვია სააფთიაქო ნარკომანიის კვლავ გამწვავება, იგი გვპასუხობს, რომ ხშირად ერთი აკრძალული პრეპარატი მეორეთი ნაცვლდება. სიხარულიძემ აღნიშნა, რომ სარეცეპტო სისტემა იმუშავებს იმ შემთხვევაში, თუ ყველა კანონს დაემორჩილება. მისივე თქმით, ის აფთიაქები, სადაც მსგავსი მედიკამენტები ურეცეპტოდ იყიდება, უკვე დაჯარიმებული არიან:

“პრობლემა რაღაც პერიოდის განმავლობაში იყო თითქმის მოხსნილი, ახლა ისევ და ისევ წამოვიდა  ძალიან მწვავედ. არ ვიცი, რამ გაამწვავა, მე ამის ანალიზს ვერ ჩავატარებ, მაგრამ ვერ ვხედავ მომართვიანობას. იყო პერიოდი, როდესაც ამოვისუნთქეთ იმიტომ, რომ გაქრა იგივე კოდეინის შემცველი პრეპარატები, რომელიც იყიდებოდა ძალიან თავისუფლად. მაგრამ, რა არის, იცით? ერთს რომ ავკრძალავთ, მეორე ჩნდება, მეორეს რომ ავკრძალავთ, მესამე ჩნდება. აქ სისტემურ პრობლემაზე არის საუბარი, რომ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც ფარმაცევტულ ბიზნესში მუშაობენ, არ ემორჩილებიან ქვეყანაში არსებულ კანონებს. ყველა რომ დაემორჩილოს ამ კანონებს, ნამდილად არ იქნება ასეთი სიტუაცია,”- განაცხადა სიხარულიძემ.

რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო?

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი ნანა შაშიაშვილი “ნეტგაზეთის” მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ურეცეპტოდ რომ შევძელით მეორე ჯგუფის წამლის შეძენა, განმარტავს, რომ ეს კანონდარღვევაა:

“ამასთან დაკავშირებით პერმანენტულ რეჟიმში კონტროლის ღონისძიებები ტარდება. იმ შემთხვევაში, თუ ხდება გაცემის წესის დარღვევა, ეს ეხება როგორც პირველი, ასევე მეორე ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს, ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძებები. ნებისმიერი დაწესებულება, სადაც დაფიქსირდება გაცემის წესის დარღვევა, ჯარიმდება შესაბამისი ადმინისტრაციული ზომებით,”- განაცხადა მან.

კანონის თანახმად, ეს ზომები არის შემდეგი:

მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა იწვევს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობით. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების რეალიზაციის წესის დარღვევა – პირველ ჯერზე- 6 000, ხოლო მეორე ჯერზე – 12 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2016 წელს, 18 ოქტომბრამდე პერიოდში, მთლიანად ბაზარზე გამოვლენილია 428 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი. მათ შორის, 101 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის ლეგალური ბრუნვის დადგენილი წესების დარღვევას და 136 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის გაცემის წესის დარღვევას.

წელსვე, კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა გაუუქმდა 16 აფთიაქს. ნანა შაშიაშვილის განმარტებით, ეს არის აფთიაქების ის კატეგორია, რომელთაც ჰქონდათ ნებართვა, გაეცათ პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი და სამჯერ გამოვლენილი სამართალდარღვევის შემდეგ ეს ნებართვა ჩამოერთვათ.

2015 წელს ბაზარზე სამართალდარღვევის 398 ფაქტი დაფიქსირდა. 116 შემთხვევაში ეს იყო პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა, 200-მდე შემთხვევაში – მეორე ჯგუფის მედიკამენტების რეალიზაციის წესის დარღვევა. ინსპექტირების ღონისძიებების შედეგად 15 ავტორიზებულ აფთიაქს ნებართვა ჩამოერთვა.

ჯანდაცვის სამინისტრომ მეორე ჯგუფის მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაცემა 2014 წლის სექტემბრიდან აკრძალა. შაშიაშვილი განმარტავს, რომ  ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებულია მემორანდუმი და კონტროლის ღონისძიებები ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება.

“ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმ ფაქტს, რომ ადგილი აქვს გარკვეული აფთიაქების მიერ კანონის დარღვევას ამ კუთხით, კერძოდ, მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ გაცემას, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ზომები გატარებულია, კონტროლის ღონისძიებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება,”- ამბობს შაშიაშვილი.

2014 წლის მარტიდან კოდეინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტი გადავიდა ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში, ხოლო ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი საშუალებები- ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ნუსხაში. ამ ნივთიერებებზე კონტროლის გამკაცრებას შაშიაშვილი სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლის მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯად ასახელებს.

შემდეგი ცვლილებით, რომელიც 2014 წლის იანვარში განხორციელდა, მეორე ჯგუფიდან პირველ ჯგუფში გადავიდა 6 ნივთიერების: გაბაპენტინის, ბაკლოფენის, ტროპიკამიდის, ზალეპლონის, ზოპიკლონის და დექსტრომეტორფანის შემცველი სამკურნალო საშუალებები. შედეგად, ჯანდაცვის სამინისტროს 2014 წლის მონაცემებით, მათი იმპორტი, გასულ წელთან შედარებით, 70%–ით შემცირდა და, შესაბამისად, შემცირებულია მათი უკანონო არხებში გადინებაც.

“ვერც ერთ ქვეყანაში ვერ მოიძებთ ისეთ ინფორმაციას, სადაც ამ ნივთიერებებზე ისეთვე მკაცრი კონტროლია დაწესებული, როგორც საქართველოში. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მოხდა ამ ნივთიერებებზე კონტროლის გამკაცრება, რამდენადაც ჩვენ მიერ გამოვლენილმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ ტენდენცია ჰქონდა ამ ნივთიერებების შემცველი პრეპარატების არამიზნობრივ გამოყენებას. ეს არც ფსიქოტროპული და არც ნაკოტიკული ნივთიერებებია,”- ამბობს ნანა შაშიაშვილი.

გარდა ამისა, 2016 წლის აგვისტოში შევიდა ძალაში მთავრობის დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა აფთიაქის ტიპები, რომლებზეც ნებართვა აღარ გაიცემა. კერძოდ, თუ დაწესებულებას დაწესებული ჰქონდა სახდელი უნებართვო საქმიანობის კუთხით, ან პირველი ჯგუფის წამლის ურეცეპტოდ რეალიზაცია, ამ შემთხვევაში 3 წლის განმავლობაში ამ დაწესებულებას აღარ ექნება ნებართვა, განახორციელოს ფარმაცევტული საქმიანობა.

ნანა შაშიაშვილის თქმით, ასევე შეიქმნა რეესტრი, სადაც ხვდება ყველა იურიდიული და ფიზიკური, ასევე ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებული იქნება შესაბამისი მედიკამენტების ურეცეპტო გაცემასთან. შაშიაშვილის განმარტებით, პიროვნებას, რომელიც შეტანილია სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში, სამი წლის ვადით აეკრძალება განახორციელოს პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია და 1 წლის ვადით – მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია.

“დღეის მდგომარეობით, ასეთ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა რეესტრში ჩვენ მიერ შეტანილია 12 დაწესებულება, 12 ფარმაცევტულ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირი, რომელთაც, გამოვლენილი სამართალდარღვევის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილების შესაბამისად, აეკრძალათ საქმიანობა, 3 წლის ვადით პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია და 1 წლის ვადით – მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია,”- განაცხადა მან.

2016 წლის აგვისტოში ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს ასევე მოუწოდა, რომ დაერეკათ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე იმ შემთხვევაში, თუკი მედიკამენტის უკანონო რეალიზაციის ფაქტს აღმოაჩენდნენ. კონტროლს ჯანდაცვის სამინისტრო შსს-სთან თანამშრომლობით აწარმოებს.

“მოქალქეთა ჩართულობა საკმაოდ მაღალია…. ხდება როგორც გეგმიური კონტროლი, ასევე სწრაფი და დაუყოვნებლივი რეაგირება მოქალაქეებიდან მიღებულ შეტყობინებებსა და ზარებზე,”- განაცხადა მან.

გუშინ, 18 ოქტომბერს, ნეტგაზეთმაც დარეკა ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გამოვლენილი სამართალდარღვევის შესატყობინებლად. დღეს, 19 ოქტომბერს, ეს ინფორმაცია რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს პრესსამსახურში გადავამოწმეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ აფთიაქები 19 ოქტომბერს გადამოწმდება. თუკი გამოვლინდება სამართალდარღვევა, სააგენტო შეადგენს ოქმს, დაჯარიმების საკითხს კი სასამართლო გადაწყვეტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი