17 ოქტომბერს მსოფლიო სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. გაეროს სიღარიბის მრავალგანზომილებიანი კვლევის ინდექსის თანახმად, 2016 წელს მსოფლიოში 1.6 მილიარდი ადამიანი ღარიბად მიიჩნევა. საქართველოში 2015 წლის მონაცემებით დაახლოებით 400 ათასამდე ადამიანი, ანუ მოსახლეობის 10.1%-ია უკიდურესად ღარიბი. როგორ უნდა დაძლიოს საქართველომ სიღარიბე? – ამ თემაზე ნეტგაზეთი არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის” დირექტორს, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს გია კაკაჩიას ესაუბრა:
საარსებო მინიმუმი, საშუალო სიღარიბე, ერთი დოლარი ან დოლარ-ნახევარი დღეში – რას გვაძლევს ამ მონაცემების ცოდნა? რაში ვიყენებთ? რისთვის არის გამიზნული სოციალური შემწეობის პროგრამა? უნდა განვსაზღვროთ ყველა ეს საკითხი კონკრეტულად და შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ქვეყანაში სიღარიბის დონესა და მასთან ბრძოლის საშუალებებზე. სანამ არ იქნება ზუსტი სურათი, ვინ იღებს დღეს სოციალურ დახმარებას და რამდენს სჭირდება ის რეალურად, სხვა საკითხები დღის წესრიგში ვერ დადგება. – გია კაკაჩია
არის თუ არა სახელმწიფოს მხრიდან გაცემული სოციალური დახმარება სიღარიბის შემცირების ერთ-ერთი საშუალება? რა შედეგები მოუტანა ამ დროის მანძილზე სახელმწიფოს შემწეობის მოქმედმა პროგრამამ?
მთელი უბედურება, რაც ამ პროექტის წამოწყების დღიდან არსებობას, არის ის, რომ არ განსაზღვრულა ამ პროგრამის მიზანი. პროექტის შექმნისას, 2005 წელს, ამ პროგრამის მიზანს, ერთი შეხედვით, წარმოადგენდა, რომ მოქალაქეები შიმშილით არ დახოცილიყვნენ და ვინც რეალურად შიმშილის ზღვარზე იყო, მხოლოდ იმ ადამიანებს მიეღოთ დახმარება. პროექტის დაწყებიდან გავიდა 10 წელი და ახალ მიზნებსა და შედეგებზე აღარავის უსაუბრია. აქედან გამომდინარე, ძნელია ვთქვათ, რამდენად ეფექტურია ეს პროგრამა, ან რას საჭიროებს დღეს.
ძალიან ბევრი ადამიანი თავს მიიჩნევს ღარიბად – 1 200 000-მდე ადამიანმა მიმართა პროგრამას, რომ გამხდარიიყო მისი ბენეფიციარი. ამ ადამიანებმა ზუსტად არ იციან, რა ეკუთვნით მათ სახელმწიფოსაგან, ვგულისხმობ იმას, რომ პროგრამის მიზნები ახლაც არ არის განსაზღვრული. ბევრი ამ ადამიანებს შორის არის თვითდასაქმებული, მაგრამ შეჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ამიტომ სჭირდებათ დახმარება.
არც ერთ კანონში, არც დადგენილებაში არ არის განსაზღვრული, რას ემსახურება პროგრამა და მხოლოდ ვიცით, რომ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც არიან 65 000 ქულას მიღმა, იღებენ შემწეობას, მაგრამ რა არის 65 000 ქულა? ეს არის უბრალო სარეიტინგო ქულა, რომელსაც პროგრამა ანგარიშობს. არის ეს სიღარიბის ზღვარი? შიმშილის ზღვარი? ან იქნებ საარსებო მინიმუმს მიღმა ბარიერი? შესაბამისად, ძნელია განსაზღვრო ის ქვეკომპონენტები, რომლებიც ამ პროგრამას თან უნდა ახლდეს. მეორე მხრივ, ჩვენ არ ვართ მდიდარი სახელმწიფო და ჩვენი რესურსები არის ლიმიტირებული. ცალსახად რომ ვთქვათ, ეს პროგრამა სიღარიბის დონის დაძლევას არ ემსახურება.
ასევე, ხშირად ისმის ბრალდებები, რომ ბენეფიციარები ბაზაში ადგილს უსამართლოდ კარგავენ…
“ერთი გოჭი გამიჩნდა და დახმარება მომეხსნა” – გადაჭარბებული შედარებებია, თუმცა ბაზაში მოხვედრისა და დახმარების მოხსნის მექანიზმები დასახვეწია.
არაფორმალური შემოსავლები ამ ქვეყანაში იძლევა იმის საშუალებას, რომ შენ მოხვდე სოციალურად დაუცველთა ბაზაში. ორი ოჯახიდან, რომელთაგანაც ერთის წევრი წასულია საზღვარგარეთ, იქ მუშაობს და აგზავნის ოჯახში ფულს, და მეორე, რომლის წევრიც აქ მუშაობს ტაქსის მძღოლად, აქედან დიდი შანსი აქვს პირველ ოჯახს, რომ მიიღებს დახმარებას და მეორე, რომელსაც დეკლარირებული აქვს შემოსავლები, ვერა.
ტექნიკური ბარიერები უნდა დაიხვეწოს. ეს ბაზები არ ასახავს სიღარიბის იმ დონეს, რაც არის და გარკვეულწილად უსამართლოა. პროგრამის მეთოდოლოგიაში რჩება მრავალი ხარვეზი.
მე პირადად ამ პროგრამიდან პენსიონერებს ამოვიღებდი, რომლებმაც შეიძლება სიღარიბის დონიდან გამომდინარე რაღაც დანამატი მიიღონ. იგივე შეიძლება ითქვას შშმ პირებზე, რომლებიც ასევე უფრო დახვეწილი და ადეკვატური დახმარებით უნდა სარგებლობდნენ.
არის თუ არა სიღარიბე მხოლოდ შემოსავლების რაოდენობაზე დამოკიდებული და რა წილი აქვს მასში განათლებასა და სხვა კომპონენტებს?
ბევრს საუბრობენ დასაქმების, პროფესიული განათლების პროგრამებზე, მაგრამ თუ ჯერ პროგრამის მიზანი არ დავადგინეთ, ვერანაირ შემდგომ პროგრამას ვერ დავგეგმავთ. ადამიანი შეიძლება იყოს დასაქმებული, მაგრამ თავს მიიჩნევდეს ღარიბად იმიტომ, რომ მისი ოჯახი კიდევ უფრო მეტს მოითხოვს.
კომპელქსური მიდგომები არის საჭირო. ოჯახს როდესაც აძლევ დახმარებას, პარალელურად უნდა იზრუნო მის სოციალურ განვითარებაზე. როდესაც ბავშვებისათვის დანიშნული შემწეობით ოჯახი ცხოვრობს და ამავდროულად ეს ბავშვი სკოლაში არ დაჰყავთ, ართმევენ მას კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, ასეთ დონეზე სხვა ჩართულობაა საჭირო.
თუ არსებული პროგრამა ვერ გამოდგება ქვეყნისათვის სიღარიბის დონის კონტროლისა და გადაჭრის მეთოდების მოფიქრებაში, როგორია წარმატებული პრაქტიკა? რით ხელმძღავნელობდნენ სხვა ქვეყნები, რომლებმაც შეძლეს და სიღატაკის მაღალი დონე დაძლიეს?
იდეალური მოდელი არ არსებობს. თუ ავიღებთ ევროპის ქვეყნებს, იქ ცხოვრების დონე, ყველა ფენაში, მათ შორის სოციალურად დაუცველთა ფენაშიც კი, არის საკმაოდ მაღალი.
მათი ბიუჯეტები სხვანაირად იგეგმება და დღეს უკვე ევროპულმა ქვყენებმაც კი დაიწყეს სოციალური დახმარების პოლიტიკის გადახედვა.
დამოუკიდებლად უნდა შეიმუშავოს მექანიზმი ყველა ქვეყანამ. არსებობს რეკომენდაციები, რომლების გათვალისწინება შესაძლებელია.
ამ ეტაპზე რა ამოცანების გადაჭრაა აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველოში სიღარიბის დონე შემცირდეს?
სიღარიბის დონის შემცირებისა და სიღატაკის დამარცხების საშუალება არის თითოეული ოჯახის გაძლიერება სხვადასხვა ინსტრუმენტებით. ინსტრუმენტებში მოიაზრება როგორც განათლება, ასევე სამუშაო ადგილის შექმნა. სანამ ოჯახში არ მოხდება შემოსავლის ფორმირება, გამორიცხულია სიღარიბის დაძლევა. როდესაც, ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ საარსებო მინიმუმი არის 160 ლარი და 30 000 ქულაზე დაბლა მყოფ ადამიანს ამდენსაც არ აძლევ, მაშინ როგორ ვგეგმავთ ამ ადამიანების სიღარიბიდან ამოყვანას? სოციალური დახმარება არის გათვლილი იმისათვის, რომ ადამიანი შიმშილით არ მოკვდეს. ამოცანა უნდა დაიწეროს სწორად.
უნდა ვიზრუნოთ ეკონომიკურ წინსვლასა და დასაქმების ხელშეწყობაზე. წინა ხელისუფლების დროს დასაქმების ყველა კომპონენტი გაუქმდა: დასაქმების კანონიდან დაწყებული შრომის ინსპექციით დამთავრებული. აცხადებნენ, რომ ბაზარი ყველაფერს თავად დაარეგულირებდა, რაც იყო შეცდომა.
დასაქამების სახელმწიფო სამსახურმა, ერთი მხრივ, უნდა შეაგროვოს ინფორმაცია სამუშაოს მაძიებელზე და, მეორე მხრივ, შეაფასოს მისი უნარები, გადაამზადოს და შესთავაზოს დამსაქმებელს კვალიფიციური კადრი. ის თუ ასე არ მოიქცევა, მაშინ მისი როლი არაფრით განსახვავდება “ჯობს.გე”-სგან.
პროფესიული გადამზადების კურსების ჩანასახები გაჩნდა, მაგრამ ისინი არ არიან პირდაპირ კავშირში შრომის ბაზართან. შრომის ბაზრის კვლევას კი სჭირდება მუდმივი მონიტორინგი.
ამიტომ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პარტნიორი უნდა იყვნენ პროფკავშირები და დამსაქმებელი ორგანიზაციების გაერთიანებები. რეალურად მათი ჩართულობით უნდა ხდებოდეს ამის განსაზღვრა, მაგრამ ისინი ბაზარზე რეალურ სურათს არ ქმნიან.
რამდენად რეალისტურია ის გეგმები, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას სიღარიბის დასრულებისათვის აქვს, მიიღწევა თუ არა ეს 2030 წლისათვის?
შესაძლებელი ყველაფერია, მაგრამ რამდენად რეალისტურია ეს გეგმები ამ გადმოსახედიდან, ეს მეორე საკითხია. ბევრ ქვეყანაში სიღატაკე უკიდურეს ფორმებშია და ასევე შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმი არსებობს. 14 წლის განმავლობაში რა სახის კრიზისები ან პოლიტიკური მოვლენები იქნება, ამისი პროგნოზირება ძნელია.
მიზანი მიღწევადია, მაგრამ იარსებებს ფაქტორები, რაც მის განხორციელებას ხელს შეუშლის. როგორც აღვნიშნე, სიღარიბის დაძლევა არის კომპლექსური საკითხი, რომელიც მრავალ დონეზე საჭიროებს ხელშეწყობას – იქნება ეს დასაქმება, განათლების დონის ამაღლება, თუ სოციალური განვითარება.