ახალი ამბები

პროტესტი ცხოველების ფორმის ნაგვის ურნების გამო, რაშიც თბილისის მერიამ 60 ათასამდე ლარი გადაიხადა

17 ოქტომბერი, 2016 • 3908
პროტესტი ცხოველების ფორმის ნაგვის ურნების გამო, რაშიც თბილისის მერიამ 60 ათასამდე ლარი გადაიხადა

საბავშო ქალაქ “შუმბა ლენდში”, რომელიც ვაკის პარკში 15 ოქტომბერს გაიხსნა, ნაგვის ურნებს ცხოველების ფორმა აქვს. მათში ნაგვის ჩაყრა ცხოველების გაღებული პირიდან არის შესაძლებელი. მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მაგალითზე ბავშვმა ნაგვის ჩაყრა შესაძლოა ცოცხალი ცხოველის შემთხვევაშიც სცადოს.

“მე შეკითხვა მაქვს ამ ურნის ავტორთან და შემსრულებელთან, რომ ოდესმე მოუვიდოდა თავში აზრად, დაეყენებინა ადამიანის ფიგურა ღია პირით და შიგ ჩაეფერფლებინა? ალბათ არა – მე ასე მგონია,”- ამბობს ნეტგაზეთთან ცხოველთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, თინათინ ჭავჭანიძე.

ჭავჭანიძის თქმით, საზღვარგარეთ მსგავსი ფორმის ნაგვის ურნები არ უნახავს:

“მოვლილი მაქვს უამრავი პარკი. ძალიან ბევრგან არის ხოლმე კიჩური ფიგურები, ცხოველების, ოღონდ ისინი ძირითადად არის, უბრალოდ, გასართობად. საფერფლე და სანაგვე – მსგავსი ფორმით ნამდვილად არ მინახავს,”- განაცხადა თინათინ ჭავჭანიძემ.

ფეისბუკის მომხმარებელთა ნაწილმა დაიწყო კამპანიაც, სადაც “შუმბა ლენდს” მოუწოდებენ, აიღოს ცხოველების ფორმის ნაგვის ურნები. მათ შორის არის “პარტიზანი მებაღე” ნატა ფერაძეც.

“მგონი, ელემენტარულია, რომ საბავშვო ნაგვის ყუთს არ უნდა ჰქონდეს საყვარელი ცხოველის ფორმა და დაფჩენილი პირი, რომელიც არის გამოტენილი ნამწვებით, ბოთლებით და პარკებით… ბავშვი არ უნდა მივაჩვიოთ, რომ ნაგავი ჩაყაროს ცხოველის პირში. პარალელურად, იგივე შეიძლება გააკეთოს ცოცხალ ძაღლზე ქუჩაში,”- განაცხადა ნატა ფერაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

“შუმბა ლენდი” თბილისის მერიის მხარდაჭერით 4 მილიონამდე ლარის ინვესტიციით შპს “ვაკის პარკმა” მოაწყო. თუმცა, როგორც შპს ვაკის პარკში, ასევე მერიაში, ნეტგაზეთს განუცხადეს, ნაგვის ურნები თბილისის მერიამ შეიძინა. როგორც მერიაში, ასევე კომპანიაში აცხადებენ, რომ არ იგეგმება ურნების ჩანაცვლება.

შპს ვაკის პარკის დამფუძნებელი და ერთ-ერთი მფლობელი ზვიად თოიძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ კამპანია ამ ურნების წინააღმდეგ ნატა ფერაძემ წამოიწყო:

“ქალი, რომელიც ტელევიზორში იმაზე მელაპარაკება, ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, ის არ არის უკულტურობა, რომელიც ბავშვებს არ უნდა ვასწავლოთ, და ამ დროს მე მელაპარაკება იმაზე და მე მასწავლის, რომ იცი, რა, მოდი, შენ ნაგვის ურნას ნუ გააკეთებ იმიტომ, რომ ბავშვმა არ იფიქროს, რომ ნაგავი შეიძლება უნდა ჩაუტენოს ცხოველს. ეს არის აბსურდი. ნებისმიერი რაღაცის იმიტაცია შეიძლება იყოს ცხოველი. კანფეტი თუ ცხოველის იმიტაციაა, გამოდის, რომ ბავშვებს ცხოველების, ძაღლების და კატებს ჭამა უნდა ვასწავლოთ? მაგასვე აჰყვნენ პარტიზანული მებაღეობის წევრები. მოდი, ურჩიონ თავიანთ ლიდერს, რომ ტელევიზორში, მილიონიანი აუდიტორიის წინაშე იმას ნუ გაიმეორებს, იმ სიტყვებს და მაგას ნუ ასწავლიან ბავშვებს, თორემ ამითი არავინ არ გაირყვნება და ძაღლებისა და კატებისთვის პირში ჩათხრას არ ისწავლიან,”- განაცხადა ზვიად თოიძემ.

თოიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ნაგვის ურნები უშუალოდ თვითონ არ შეუძენიათ, მათ არც უარყოფითი მოსაზრება გამოუთქვათ. მისივე თქმით, მსგავსი ფორმის ნაგვის ურნები საქართველოზე ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც არის.

“მე არ ვემიჯნები და არ გამომითქვამს პროტესტი. შეიძლება, პროტესტი რომ გამომეთქვა, არ ვიცი, რამდენად გამომივიდოდა. შეიძლება, წინააღმდეგობა გამეწია. იმ დღეს და მეორე დღესაც იყო ძალიან ბევრი ხალხი. არავის, ჩვეულებრივ მომხმარებელს პროტესტი არ გამოუთქვამს,”- განაცხადა ზვიად თოიძემ.

ზვიად თოიძე განმარტავს, რომ შპს “ვაკის პარკს”, საინვესტიციო ვალდებულების შესაბამისად, უნდა განეხორციელებინა 1.5 მილიონის ვალდებულება, თუმცა, მათ 3 მილიონის ოდენობით ინვესტიცია ჩადეს. მისივე თქმით, მერიამ მათ ხელი შეუწყო და კეთილმოწყობის პროექტები განახორციელა, მაგალითად, დააგო ქვაფენილი, დადგა სკამები და ნაგვის ურნები. მისივე ინფორმაციით, მერიის მიერ ჩადებული თანხა 800-900 ათასი ლარს აღწევს.

“მაქსიმუმი, რაც არის დახარჯული, ეს არის 60 ათასი ლარამდე, ამ ურნების შესყიდვისთვის…  ურნები დგას მუნიციპალურ ტერტორიაზე და, შესაბამისად, თბილსერვისჯგუფმა გააკეთა,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას შპს “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე. მან  დასძინა, რომ ზუსტი ხარჯთაღრიცხვა შეგვიძლია ოფიციალურად გამოვთხოვით მერიიდან.

კითხვაზე, რომელი ქვეყნიდან არის ჩამოტანილი ნაგვის ურნები, “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის პირველი მოადგილე ამბობს, რომ ზუსტად არ ახსოვს და შეგვიძლია ზუსტი ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვოთ.

“კონტაქტი მქონდა რამდენიმე კომპანიასთან- იყო პოლონური, იყო ბრიტანული კომპანია,”- განაცხადა დავით დოლიძემ.

დავით დოლიძის განცხადებით, ძალიან ბევრ ადამიანს მოეწონა ახალი ნაგვის ურნები და მათი აღება ან ჩანაცვლება არ განიხილება:

“რატომ უნდა განვიხილოთ? არ ვიცი, თქვენ მითხარით. ვიყიდეთ იმისთვის, რომ დავდგათ და ახლა რაღაც 10 ადამიანს თურმე არ მოეწონა, ფეისბუკზე დაწერა და ამიტომ აღარ უნდა დავდგათ? ვისაც მოსწონს, იმას რა ვუყოთ?”- განაცხადა დავით დოლიძემ.

ჩანაცვლების საკითხთან დაკავშირებით კითხვა დავუსვით შპს “ვაკის პარკის” წარმომადგენელსაც. ზვიად თოიძემ განაცხადა, რომ ურნების აღების უფლება არ აქვს:

“მერიის ქონებას ვერ ავიღებთ, ეს ერთი. მეორეც, არც მიფიქრია მსგავსი რამ, ჩემი დადებული რომ იყოს, არც მაშინ ავიღებდი იმიტომ, რომ აქ ადეკვატური ადამიანების ადეკვატურ შეფასებას ვერ ვხედავ,”- განაცხადა ზვიად თოიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი