ახალი ამბები

ერაყმა ქალაქ მოსულში “ისლამურ სახელმწიფოს” შეუტია

17 ოქტომბერი, 2016 • 1763
ერაყმა ქალაქ მოსულში “ისლამურ სახელმწიფოს” შეუტია

დღეს, 17 ოქტომბერს, ერაყმა ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ქალაქის, მოსულის, გასათავისუფლებლად შეიარაღებული თავდასხმა დაიწყო.

“ნაინავის პროვინციაში მცხოვრებო ძვირფასო ადამიანებო, ჩამოჰკრა გამარჯვების ზარმა და დავიწყეთ გმირული ოპერაციები “ისლამური სახელმწიფოს” სისასტიკისა და ტერორიზმისაგან თქვენს გასათავისუფლებლად. უფლის ნებით ჩვენ მალე შევხვდებით მოსულის მიწაზე და ერთად ვიზეიმებთ თავისუფლებას”, – განაცხადა 17 ოქტომბრის დილას ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ-აბადიმ.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მოსულში მხოლოდ ერაყის არმია და ეროვნული პოლიცია შევა. ამასთან, BBC-ის ცნობით, სამხედრო კოალიცია, რომელსაც აშშ მეთაურობს, მხარს უჭერს ერაყის მთავრობის ნაბიჯებს – ისინი მოსულზე საჰაერო თავდასხმებში მიიღებენ მონაწილეობას. სამხედრო ოპერაცია კომპლექსურია და, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ბრძოლა, სულ ცოტა, ორ კვირას გაგრძელდება.  

სწორედ ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ნაინავის პროვინციის დედაქალაქ მოსულში გამოაცხადა “ისლამური სახელმწიფოს” მეთაურმა, აბუ ბაქარ ალ-ბაღდადიმ ხალიფატის დაარსება 2014 წელს, – სახელმწიფოსი, რომელიც ისლამური წესებით იმართება. ხალიფატის ტერიტორიას ერაყსა და სირიაში “ისლამური სახელმწიფო” (ISIS, დაეში) აკონტროლებს.

თუკი ერაყი ჩხრდილოეთ ნაინევის პროვინციის დედაქალაქ მოსულს აიღებს, ეს “ისლამური სახელმწიფოს” ეფექტური დამარაცხების ნიშანი იქნება. CNN-ის შეფასებითაც, მოსულზე კონტროლის ხელახლა მოპოვება ალ-აბადის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება იმის გათვალისწინებით, რომ მას უჭირს ქვეყნის დამაჯერებლად მართვა. მოსულის აღება დაამტკიცებს ერაყის ჯარის სიძლიერეს და დაასრულებს ტერორისტული დაჯგუფების ტერიტორიულ დომინაციას ერაყის ნავთობით მდიდარ რეგიონში.

CNN იუწყება, რომ მოსულში, სახელისუფლებო ჯარებისა და ქურთული არმიის გარდა, ISIS-ს უტევენ “სახალხო მობილიზაციის ძალები” (PMU), რომელიც უმთავრესად შიიტური საპარლამენტო ძალებისგან, ასევე, სუნიტების, ქრისტიანებისა და სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისაგან შედგება. PMU-მ ერაყის მიერ მოსულში შეტევის დაწყებიდან მალევე გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ მოსულის სამხრეთით დამანგრეველი ძალის მქონე თერმობარულ რაკეტებს მიზანში ამოღებული აქვს ISIS-ის გვირაბები და სანგრები.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ვარაუდით, როგორც კი ერაყის მხარდამჭერი ძალები ქალაქს მიუახლოვდებიან, მოსულის მცხოვრებლები მიგრაციის ახალ ტალღას შექმნიან, რაც, UNHCR-ის შეფასებით, იქნება მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიზისი უახლეს ისტორიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი