ახალი ამბები

რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული პოლიციამ რესტორანში დააკავა

16 ოქტომბერი, 2016 • 1612
რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული პოლიციამ რესტორანში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ რუსთავის საქალაქო სასამართლოდან რამდენიმე თვის წინ გაქცეული მსჯავრდებული ოთარ ვარლამიშვილი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში დააკავა.

“ძებნილი მსჯავრდებული ო.ვ. რუსთავის მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს ქურდობის, ყაჩაღობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით (საქართველოს სსკ-ს 177-ე, 179-ე და 19-177-ე მუხლებით) იხდიდა. იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასამართლოში ბადრაგირების დროს გაიქცა. სამართალდამცველებმა დაკავებისას ოქროს ძეწკვები, ჯვრები, საყურეები და ბეჭდები ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ძვირფასეულობა დაკავებულებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში განხორციელებული ჯგუფური შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გაიტაცეს”,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ძებნილ მსჯავრდებულს  ბრალი საქართველოს სსკ-ს 379-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებებისთვის წარედგინა, რაც დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას /გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის გაქცევას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობას გულისხმობს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან მსჯავრდებული ოთარ ვარლამიშვილი 31 აგვისტოს გაიქცა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, სასამართლო პროცესზე მიყვანილი დაკავებული მაშინ გაიქცა, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას უწევდნენ. სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულმა გაქცევა შემდეგ ვითარებაში მოახერხა:

“ბრალდებულმა ო.გ.-მ, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში იყო გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა. ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა”,- აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი