ახალი ამბები

როგორ აფასებენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ევროპარლამენტარები(სრული თარგმანი)

6 ივლისი, 2012 • 1241
როგორ აფასებენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას ევროპარლამენტარები(სრული თარგმანი)

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სტრასბურგში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს “დედა ეტირათ” და “ბოლომდე შეჯდა ყველა”. კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლის თინა ხიდაშელის თქმით კი, ხელისუფლების აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად, შედგა დებატები საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში არსებული სიტუაციის შესახებ და ეს უკვე დიდი წარმატებაა.

დებატები საქართველოს შესახებ სტრასბურგში 4 ივლისს გაიმართა “ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსის” (ALDE) ინიციატივით, რომლის წევრია “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”.

დებატებში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტარები სხვა პარტიებიდანაც, მათ შორის, “ევროპის სახალხო პარტიიდან” (EPP), რომლის შემადგენლობაშიც დამკვირვებელი წევრის სტატუსით საქართველოდან წარმოდგენილია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

სტრასბურგში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებში ასევე მონაწილეობა მიიღეს ევროპარლამენტში წარმოდგენილი პარტიების – “მწვანეები – ევროპული თავისუფალი ალიანსის” (Greens/ALE) და “სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის” (S&D) წარმომადგენლებმა.

დებატები სტრასბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის განცხადებით გაიხსნა, რომელიც საზოგადოებას ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენელმა ანდრეას მავროიანისმა გააცნო:

“ბატონო პრეზიდენტო, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემი მოწვევისათვის, რომელზეც წილად მხვდა პატივი მესაუბრა  ამ დებატების დასაწყისისას ევროპარლამენტის მაღალი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ეშტონის სახელით. ამ პარლამენტმა და მისმა რეზოლუციამ, რომელიც გასული წლის 17 ნოემბერს  დამტკიცდა, მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს  ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, იმ პროცესს, რომელიც ევროკავშირში მის პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას უზრუნველყოფს. ის აგრეთვე აღიარებს ჟენევის პროცესის მნიშვნელობას, მან მხარი დაუჭირა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის არსებობას. ესაა, რითიც გამოვხატეთ ჩვენი პასუხისმგებლობა და მხარდაჭერა საქართველოსა და რეგიონისადმი.

ამ პარლამენტის წევრები ასევე იდგნენ ავანგარდში, რომ გაღრმავებულიყო ადამიანის უფლებებზე ზრუნვა და დემოკრატია საქართველოში. ბაქოში გამართულ ევროსაპარლამენტო ასამბლეაზე აპრილში მივიღეთ რეზოლუცია, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნულია დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების  განუყოფელი როლი დემოკრატიის განმტკიცებაში. ამ კონტექსტში აღინიშნა, რაოდენ მნიშვნელოვანია ასოცირების თავისუფლება, შეკრების  თავისუფლება,  სიტყვის თავისუფლება, მათ შორის პრესაში, მედიაში. დავსძენ, რომ რამდენიმე საპატიო წევრმა პარლამენტს კითხვით მიმართა, რომელიც პოლიტიკური ოპოზიციისადმი დამოკიდებულებას შეეხებოდა, კერძოდ, ადამიანის უფლებების პატივისცემას, შრომით ურთიერთობებსა და სხვა მსგავს საკითხებს. ყველა მათგანი უაღრესად დროულია, იმ დროისათვის, როცა ევროკავშირი აკვირდება საქართველოში არჩევნებისათვის  მზადების  პროცესებს, რადგან მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმებზე ორიენტირებულ კურსს, რომელიც კონსენსუსს ეფუძნება. პრეზიდენტი ვან რომპეი საქართველოშია, ის ახდენს ევროკავშირის უმაღლესი დონის მხარდაჭერის დემონსტრირებას, რომლის მიზანია საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავება და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში მოვლენების მშვიდობიანი განვითარება.  პრეზიდენტ ვან რომპეის მესიჯი მოვისმინეთ აქ საქართველოს მისამართით. მე არ მინდა წინასწარ  გავახმოვანო მისის მესიჯი აქ, მაგრამ დებატების დაწყებამდე  ჩემი სიგნალი იქნება ის, რომ ამ მომენტისათვის არსებული რამდენიმე კრიტიკული საკითხი წამოვჭრა.

ჩვენ წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს ასოცირების შესახებ შეთანხმების საქმეში, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების სფეროში, ასევე დავიწყებთ მუშაობას ვიზის ლიბერალიზაციის საკითხების სამოქმედო გეგმაზე, მობილობისათვის სამზადისზე, ხალხებს შორის უფრო მტკიცე კავშირების ჩამოსაყალიბებლად. ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიური სიახლეა, მაგრამ ამავე დროს საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის,  რომ ასოცირებისათვის საჭირო სულისკვეთებით იცხოვროს. ჩვენ საქართველოს აღმოვუჩენთ ყველა საჭირო მხარდაჭერას, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდი პოტენციალი არის ჩადებული ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში.

ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ბაროზომ, ევროკავშირის წარმომადგენელმა ფულემ, ისევე როგორც მაღალი რანგის წარმომადგენელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ეშტონმა, ხაზგასმით აღნიშნეს პრეზიდენტ სააკაშვილთან საუბრისას, რომ არჩევნებისას პოლიტიკურ ლეგიტიმაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. არჩევნებისას საჭიროა სერიოზული ოპოზიციის არსებობა, ისეთის, რომლის მიმართაც ნდობა არსებობს; ისეთის, რომელიც კონსტიტუციით და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით მონაწილეობს არჩევნებში. ჩვენ არა გვაქვს ისეთი წარმოდგენა, თითქოს მთავრობა ცდილობს ოპოზიციის შეზღუდვას, რომლის ლიდერია ივანიშვილი; ახდენს პარტიის დაფინანსებას, არჩევნებში ხმების ცალმხრივად გამოყენებას. ჩვენ გვინდა, რომ კანონები გამჭვირვალედ და თანასწორად მოქმედებს ორივე მხარისთვის, რაც არავითარ ეჭვს აღარ დატოვებს, რომ სათანადო პროცედურები იქნას დაცული.

მეორე მხრივ, არსებობს მოსაზრებაც, რომ ბატონი ივანიშვილი საკუთარ უპრეცედენტო ქონებას იყენებს საარჩევნო თამაშისთვის და ესეც ლეგიტიმური მიზეზია შეშფოთებისთვის. ამ შემთხვევაშიც, ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ დემოკრატიის პრინციპები დაცულია საარჩევნო მოედანზე და რომ არ მოხდება ხმების ყიდვა არჩევნებზე;  ყურადღება გავამახვილეთ ისეთ საკითხზე, როგორიცაა მედიასაშუალებების გამოყენების თანასწორი უფლებები, კარგადაა ცნობილი, რომ ორი პროსამთავრობო არხი გაცილებით მეტი მოქმედების არეალით სარგებლობს, ვიდრე კრიტიკულად განწყობილი სხვა არხები; ჩვენ must carry-ის და მის კანონებს ვუჭერთ მხარს წინასაარჩევნო პერიოდში, პრეზიდენტის მტკიცე განცხადებებით ამ საკითხის შესახებ დაცული იქნება ეს კანონები.

დაბოლოს, ბატონო პრეზიდენტო, მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირი რჩება ორგანოდ, რომელიც მონაწილეობს კონფლიქტების გადაწყვეტაში და ამ მხრივ ძალისხმევას არ იშურებს, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას, ჩვენი საკუთარ წვლილი გვაქვს ამ საქმეში რეგიონში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მივლინებით, ასევე წამყვანი როლი გვაკისრია, როგორც თანათავმჯდომარეებს, ჟენევის შეხვედრაზე ეროვნულ საკითხებზე მსჯელობისას. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი  კვლავაც დგას ჩვენს დღის წესრიგში, როგორც უმნიშვნელოვანესი, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ  კონფლიქტის გადაჭრას მივაღწიოთ. ეს აისახა 2012 წლის 27 თებერვალს დასკვნების სახით; მოუთმენლად ველოდები საპატიო წევრების თვალსაზრისს ამ ფრიად მნიშვნელოვან საკითხზე”.

ამ განცხადების შემდეგ დაიწყო ევროპარლამენტარების დებატები, რომელიც დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

თავდაპირველად სიტყვით პოლონელი ევროპარლამენტარი, “ევროპის სახალხო პარტიის” წარმომადგენელი კრჟიშტოფ ლისეკი გამოვიდა:

“ერთი წლის განმავლობაში საშუალება მომეცა, მემუშავა სანახევროდ პარლამენტში ისეთ საკითხზე, როგორიცაა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია. არაერთხელ ვეწვიე საქართველოს, ათობით შეხვედრა გავმართე ოპოზიციასთან, მთავრობასთან, ომბუდსმენთან, მედიასთან, არასამთავრობოებთან, იმათთანაც, ვინც მთავრობასთან მჭიდროდ მუშაობს და ვინც ამჟამინდელ ოპოზიციას უჭერს მხარს. შევხვდი როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციას. ასე რომ, ნება მომეცით, ჩემი თვალთახედვა გაგაცნოთ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით; მანამდე კი მინდა ორიოდე პარაგრაფი მოვიყვანო ჩვენ მიერ მიღებული რეზოლუციიდან, რომელიც პარლამენტის 90%-მა მიიღო:

“ჩვენ კმაყოფილი უნდა ვიყოთ იმ დემოკრატიული წინსვლით, რასაც ადგილი აქვს საქართველოში, განსაკუთრებით ისეთი დემოკრატიული ინსტიტუციების კონსოლიდირებით, როგორიცაა იუსტიციის რეფორმები და ეკონომიკური რეფორმები. საქართველოს უნდა მივულოცოთ, რომ დანაშაულის დონე დაბლა დასწია. მეორე მხრივ, გვინდა საქართველოს მთავრობას ვთხოვოთ, რომ კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს ოპოზიციასთან და დემოკრატიზაციას დაუჭიროს მხარი, განსაკუთრებით – სიტყვის თავისუფლებას.”

ვფიქრობ, დღეს იგივე რეზოლუციას დავუჭერდით მხარს, იგივე წინადადებებს გავიმეორებდით. საქართველოს ვაქებთ არა მხოლოდ ჩვენ, პოლიტიკოსები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, მაგალითად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და ეს დემოკრატიზაციისა და კორუფციასთან ბრძოლისათვის; ბოლო ადგილობრივი მთავრობის არჩევნები ძალზე დადებითად შეფასდა დამკვირვებლების მიერ,  ოპოზიციამაც აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტები დაცული იყო და ადგილი არ ჰქონია დაძაბულობას.

დავუბრუნდეთ დისკუსიას: რა გახდა მიზეზი, რომ დღეს ისევ საქართველოზე დაგვჭირდა საუბარი? ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა და მინისტრმა ეს-ესაა აღნიშნა, რომ გვყავს ახალი ერთეული ოპოზიციის ახალი ლიდერი, ადამიანი, რომელსაც მილიარდობით დოლარი აქვს, იმაზე დიდი ბიუჯეტი, ვიდრე საქართველოს ეროვნული ბიუჯეტია. ეს თანხები არ იხარჯება სათანადოდ, ამას გასულ თვეში მიღებული საკუთარი გამოცდილებიდან ვამბობ. უკვე რამდენიმე თვეა საქართველოდან მიღებული ინფორმაციის მოწმენი ვართ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მონსტრია, ასევე, მმართველი პარტიის საქმიანობის შესახებ, თუ როგორ თვალშისაცემად არღვევს ის კანონებს. გადავწყვიტე, თავად შემესწავლა ეს საკითხი და გავარკვიე, რომ 18 ბრიტანული, გერმანული და სხვა საზღვარგარეთული კომპანიები ჰყავს ამ პიროვნებას დაქირავებული,  რომ მასზე იმუშაონ. ერთი რამ უნდა აღვნიშნო მკაფიოდ: პოლიტიკაში ოლიგარქების არსებობა კარგად არასოდეს მთავრდება და ესაა ჩემი მესიჯი ქართული ოპოზიციისადმი.”

ლისეკის შემდეგ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ევროპარლამენტის წევრმა ჩეხეთიდან ლიბორ რუჩეკმა, “სოციალ-დემოკრატების ალიანსიდან”:

“პრეზიდენტი ვან რომპეი არის საქართველოში, გასულ კვირაში კომისარი ფულე იყო საქართველოში, ეს გვიჩვენებს, თუ რაოდენ დიდად მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა ჩვენთვის და რეგიონისთვის. ჩვენი და ასევე “სოციალ-დემოკრატების” სურვილია, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს. იყოს წარმატებული  პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მხრივ, ტერიტორიული მთლიანობის მხრივ, ასევე, ევროკავშირისა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხრივ, რომ დაჩქარებულ პროგრესს მივაღწიოთ ისეთ საკითხზე, როგორიცაა ვიზების ლიბერალიზაცია. ეს იქნება ძალზე დადებითი რამ და ასევე ვაღიარებთ, რომ გასული პერიოდის განმავლობაში ძალზე მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა საქართველოში.

თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ამ ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს, ოქტომბერში – საპარლამენტო, ხოლო 2013 წელს – საპრეზიდენტო. ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ პოლიტიკური დაძაბულობა მატულობს საქართველოში. რა ჭირდებათ ჩვენს მეგობრებს საქართველოში? როგორც სამთავრობო ბანაკში, ისე ოპოზიციაში? დამშვიდდნენ და დაამშვიდონ სიტუაცია, ქვეყანას სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასეთივე წინასაარჩევნო გარემო, რომ ყველას, მათ შორის ოპოზიციურ კოალიციებს ჰქონდეთ მედიასთან თავისუფალი წვდომა. ამ არჩევნებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორც ქვეყნისთვის, ისე მისი ევროკავშირში ასოცირების და ვიზის ლიბერალიზაციისთვის. “სოციალ-დემოკრატების” სახელით მინდა საქართველოს წარმატება ვუსურვო ამ ძალისხმევაში.”

ევროპარლამენტის რუმინელმა დეპუტატმა “ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსიდან”, ნორიკა ნიკოლაიმ განაცხადა:

“ლიბერალური ჯგუფის სახელით მინდა მხარი დავუჭირო დემოკრატიულ საქართველოს, აყვავებულ საქართველოს, რომელსაც შეუძლია ევროსტანდარტებამდე ამაღლდეს. არა მგონია, დღევანდელი დებატები მემარჯვენებისა და მემარცხენეების შესახებ უნდა იყოს, ანუ მთავრობისა და ოპოზიციის შესახებ.

როცა ხელისუფლებაში ხარ, თითქოსდა არ უნდა განაღვლებდეს ოპოზიციის საკითხი. მე დავუკავშირდი პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც ძალზე შეშფოთებულია, რომ პირველად უხდება რეალურად ხისტ ოპოზიციასთან ურთიერთობა.  ჩვენ ორივე მხრივ მოვისმინეთ ურთიერთბრალდებები, ყველა მათგანი არ დასტურდება. ჩემმა ჯგუფმა იმუშავა საქართველოში და ვიტყოდი, რომ სატელიტური არხების ომი არ გახლავთ დემოკრატიის ნაყოფი. ეს მედიის ომია. არხებს შეუძლიათ სხვადასხვა თვალსაზრისი ჰქონდეთ და გამოთქვან კიდეც იგი. აღმოსავლეთ ევროპაში ასე არ ხდება. არსებობს საფრთხე, რომ სიმართლის მონოპოლიზება მოხდეს, რაც ძალიან საშიშია, ეს შეუქმნის საფრხეს დემოკრატიას.

ამჟამად ოპოზიციას უძღვება ძალზე მდიდარი ადამიანი, ეს კანონდარღვევა არ გახლავთ, ის ეჭვებს არ გამოიწვევდა, რომ არა შეშფოთება, რომელსაც გამოთქვამენ ადამიანები. ჩვენ გვინდა დებატები მოვისმინოთ საქართველოს შესახებ იდეებზე, ხედვებზე, პროგრამებზე, ეს დებატები პოლარიზებული არ უნდა იყოს პარტიების კერძო ემოციებით. ევროკავშირის წარმომადგენელმა ფულემ განაცხადა, რომ საქართველოში სიტუაციის დაძაბვას მისი მომავლისთვის საფრთხის შექმნა შეუძლია, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ დემოკრატიის სტანდარტებით ჩატარდეს არჩევნები, მხოლოდ ამით შეძლებს საქართველო თავისუფალი მომავლის აშენებას.”

ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ავსტრიელი დეპუტატი ულრიკე ლუნაჩეკი, რომელიც ევროპარლამენტში წარმოადგენს პარტიას – “მწვანეები – ევროპული თავისუფალი ალიანსი”:

“კოლეგებო, სიტყვების ომი არ დაგვეხმარება. საჭიროა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობა, პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობამ იქნება ეს მთავრობა თუ ოპოზიცია. პირადად მხარს არ ვუჭერ ოლიგარქებს პოლიტიკაში, არჩევა იმის მიხედვით არ უნდა ხდებოდეს, თუ რამდენი ფული გაქვს. არამედ ეს უნდა იყოს ნება, რომ გააუმჯობესო  ადამიანის უფლებების დაცვა, ეკონომიკური ვითარება და დემოკრატია ქვეყანაში.

წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომ ყველა სატელიტური არხი, საკაბელო ტელევიზიები გადასცემენ წინასარჩევნო ვითარებას და ეს პოზიტივი გახლდათ. ქვეყანაში დამკვირვებლების ჭარბი რაოდენობა იქნება. პირადად მე ის მაშფოთებს, რომ ახლახან ორი პოლიტიკური აქტივისტი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისთვის, მათ 35 და 45– დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ესაა ის, რაც არ უნდა ხდებოდეს წინასაარჩევნო პერიოდში და მინდა მოვუწოდო როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას, ყველას, ვისაც სურს არჩევნებისათვის კამპანიის წარმოება, დამშვიდდნენ და  სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩაატარონ დემოკრატიულ ქვეყანაში.”

პოლონელმა დეპუტატმა ტომაშ პიოტრ პორებამ, “ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის” წარმომადგენელმა, განაცხადა:

“კოლეგებო, მე ვფიქრობდი, რასთან დაკავშირებით გვქონდა დღეს საპარლამენტო დებატები. ბატონმა ლისეკმა წარმოადგინა მოხსენება, რომელშიც ქებაა გამოთქმული საქართველოში დემოკრატიის სტანდარტების განმტკიცებასთან დაკავშირებით. ვფიქრობდი, თუ რა მოხდა მას შემდეგ და მგონია, რომ არც არაფერი მომხდარა. პირიქით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს რეფორმების გატარებას, დემოკრატიული სტანდარტების დაცვით. მათ დაამტკიცეს ახალი კანონი მედიისათვის, მოახდინეს საარჩევნო კოდექსის რეფორმირება, განაგრძობენ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და კორუფციასთან ბრძოლას.

მაშასადამე, ჩვენ ამ საკითხზე კი არ უნდა ვმართავდეთ დებატებს, არამედ ვეხმარებოდეთ და მხარს ვუჭერდეთ მისი მთავრობის ძალისხმევას, რომ ქვეყანა ევროკავშირთან დააახლოვონ, რადგან სწორედ ასეთი საქართველო გჭირდება ვიხილოთ. როგორც ევროკავშირმა, უფრო დაწვრილებით უნდა განვიხილოთ ოპოზიციის საქმიანობა, არის თუ არა მათ ინტერესებში ამაყი და სუვერენული სახელმწიფოს არსებობა, თუ მათ რუსეთის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანა ურჩევნიათ?!”

ამის შემდეგ დებატებში ჩაერთო გერმანელი დეპუტატი ელმარ ბროკი, რომელიც ევროპარლამენტში წარმოადგენს “ევროპის სახალხო პარტიას”:

“ვფიქრობ, საჭიროა ყველა იმ ქვეყანას დავეხმაროთ, რომელიც აღმოსავლეთის სამეზობლო პოლიტიკას ახორციელებს, იცავენ სათანადო წესებსა და კანონებს, კონსტიტუციურ უფლებებს. ეს ჩვენი სამეზობლო პოლიტიკის ნაწილია. ეს დახმარება ჩვენ ევროსაბჭოს ფარგლებში შეგვიძლია განვახორციელოთ. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობამ არჩევნებზე დაკვირვებისათვის უნდა მიგვიწვიოს, რათა მონიტორინგი გავუწიოთ კანონმდებლობის დაცვას საარჩევნო პროცედურებისას.

წარსულში ხულიგნობისათვის 45– დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს რამდენიმე პირს, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არჩევნების პერიოდში მედიის გამჭვირვალობა მეტად მნიშვნელოვანია. ვხედავთ, რომ არსებობს სხვადასხვა სატელევიზიო სადგურები. ივნისში დამტკიცდა Must Carry-ის შესახებ კანონი, ამ მხრივ უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის თვით ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც ვგულისხმობ. როგორც შევიტყე, ტელევიზიები გადანაწილდა პარტიის დაფინანსების ფარგლებში, კერძო ფულით, დაიხარჯა 6 მილიონი ევრო, რაც კონკრეტულ კითხვებს ბადებს, მოხდა თუ არა ეს  კანონის დაცვით?

აშკარაა, რომ ოპოზიციას 20-ჯერ მეტი ფულადი რესურსი აქვს ხელთ, ვიდრე სამთავრობო ორგანიზაციებს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ფაქტების გულდასმით გადამოწმება. მე ვფიქრობ, 18 ამერიკული ლობისტური კომპანიის გამოყენებით არ უნდა ხდებოდეს ზეგავლენა, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა.”

ბულგარელმა დეპუტატმა და სოციალ-დემოკრატების ფრაქციის წევრმა, კრისტიან ვიგენინმა განაცხადა:

“ძვირფასო კოლეგებო, არა მგონია, მსგავსი დებატები რომელიმე ქვეყნის მიმართ  უნდობლობას გამოხატავდეს. ამდენად, ვფიქრობ, დებატები საჭიროა. არავინ დავობს იმ საკითხზე, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია ბევრ სფეროში, ეს გამამხნევებელი და სამაგალითო პროგრესი იყო. საქართველოს წარმომადგენლები ძალიან ნაყოფიერად მონაწილეობენ ევრონესტის ასამბლეებზე. მაგრამ არაერთხელ გავხდი მოწმე, რომ აღმოსალეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის ნამდვილი ტესტია არჩევნები. არჩევნები გვიჩვენებს ქვეყნის დემოკრატიულ სიმწიფეს და მისი სისტემის სიმტკიცეს.

მოგიწოდებთ, ნურც გადააჭარბებთ და ნურც არასათანადოდ შეაფასებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკური ომი მიმდინარეობს. ორივე მხარე იყენებს საკუთარ განკარგულებაში არსებულ არსენალს. მმართველი პარტია ადმინისტრაციულ და საკანონმდებლო რესურსებს მიმართავს, მეორე მხარეს კი ფინანსური არსენალია. თუ ორივე მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გაეცნობით საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, ისეთი წარმოდგენა შეგექმნებათ, თითქოს საქმე ეხება ორ სრულიად სხვადასხვა ქვეყანას. ეს ქმნის პრობლემებს. ეს სიტუაცია უნდა შეჩერდეს და პოლიტიკური ვითარება ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს. ევროკავშირს აქვს ძალაუფლება, საკუთარი როლი შეასრულოს ამ საქმეში და მის ხელთ არსებული რესურსები აამოქმედოს. მხოლოდ,  აამოქმედეთ სწორედ ახლა. რადგან თუ გსურთ, რომ საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ამის დრო ახლაა და არა არჩევნების დღეს.”

პოლონელმა დეპუტატმა და “ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების” ფრაქციის წევრმა, ადამ ბილანმა განაცხადა:

“კრემლის პოლიტიკას თუ მივადევნებთ თვალს საქართველოსთან მიმართებაში, დავინახავთ, რომ თუ გვსურს საქართველოში რეფორმების მიმდინარეობა  გაგრძელდეს, ასევე, ეკონომიკის წინსვლა და მშვიდობიანი თანაარსებობა, მას მხარი უნდა დავუჭიროთ. საქართველოს მთავრობამ განახორციელა საკონსტიტუციო და საარჩევნო საკანონმდებლო ცვლილებები.

რამდენიმე ხნის წინ მივიღეთ რეზოლუცია, რომელიც ბრიუსელს მოუწოდებდა თავისუფალი ვაჭრობის არეალი შეექმნა და დაეჩქარებინა ასოცირების პროცესი. ეს მცდელობა უნდა გაგრძელდეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ვიზების ლიბერალიზაციის საკითხიც უნდა მოვაგვაროთ.

ის, რაც პრობლემად რჩება, გახლავთ რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპირება. მეტიც, ამ რეგიონებში რუსები სამხედრო წვრთნებს გეგმავენ სექტემბერ-ოქტომბერში, მაშინ, როცა ამ ქვეყანაში არჩევნები უნდა ჩატარდეს. აქ უკვე დიპლომატიურად უნდა ჩავერიოთ და უზრუნველვყოთ და ყველაფერი ვიღონოთ, რომ რუსები ოკუპირებული ტერიტორიიდან გავიდნენ.”

ლიტველმა დეპუტატმა ვიტაუტას ლანდსბერგისმა, რომელიც ევროპარლამენტში წარმოადგენს “ევროპის სახალხო პარტიას”, განაცხადა:

“შეშფოთებული ვარ საქართველოში წინასაარჩევნო ვითარებით: სამი ფაქტორია, რაც იქცევს ყურადღებას იმ ფონზე, რომ არსებობს  ახალი სისხლისმღვრელი  ინტერვენციის საფრთხე.

პირველი ფაქტორია რუსული ფულის ინტერვენცია, რათა მოქრთამონ პოლიტიკოსები და გაჭირვებული ხალხი და საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის პოლიტიკა შეცვალონ და პრორუსული პოლიტიკა დააბრუნონ. ეს სრულიად გაყალბებული საარჩევნო კამპანია უნდა შეიცვალოს ისე, როგორც ოლიგარქიული და კრემლის კავშირის პროპაგანდა, თითქოს არ არსებობს ქეყანაში თავისუფლება.   

რეალურად კი მიმდინარეობს ნაცისტური შეტევა არაქართველი, არაქრისტიანი, პრო-უმცირესობის მხარეს მყოფი მთავრობის წინააღმდეგ. ასეთი პოლიტიკა სურთ ლიბერალებს? დაე, რუსულმა ფულმა მოიგოს არჩევნები?

მეორე ფაქტორია სამხედრო წვრთნები, სწორედ საქართველოს საზღვრებთან, რომლის შემადგენლობა ბევრად აღემატება რაოდენობით ქვეყანაში არსებულ ძალებს. ეს განზრახ საარჩევნო პერიოდისთვის დაიგეგმა. შესაძლოა მათი მიზანია, ქუჩაში რაიმე შეხლა– შემოხლა მოხდეს.

მესამე და სრულებით ახალი საფრთხეა რუსეთის ამჟამინდელი ფინანსური ვარდნა და სოციალური კრიზისი, რომლის დროსაც მთავრობას ხალხის ყურადღება გადააქვს გარე მტრებზე, რათა აწარმოოს მოგების მომტანი კავკასიური ომი. ახლა საჭიროა გამბედაობა.”

ბრიტანელმა დეპუტატმა რიჩარდ ჰოუიტმა “სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსიდან” განაცხადა:

“წინასაარჩევნო პერიოდი ყოველთვის დებატების საგანია და ამ საკითხის წინასწარ წამოჭრა უმჯობესია. დაისვა საკითხები დაპატიმრებების, მედიასთან წვდომის პრობლემების შესახებ, სატელევიზიო პაკეტების გადანაწილების, ოპოზიციური სატელევიზიო არხების, რაც ჩვენს დიდ შეშფოთებას იწვევს. ასევე, გვაქვს ფაქტები ჰომოფობიის შესახებ, გეიაღლუმის დარბევის შესახებ, რაც მაისის დასაწყისში მოხდა. მიუხედავად ამისა, საქართველო მიესალმება მრავალპარტიულობას, არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების არსებობას.

ევროკავშირმა დაიწყო მედიამონიტორინგის განხორციელება, ყველამ, ვინც არჩევნებში მონაწილეობს, უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ფხიზლად ვაკვირდებით მოვლენებს. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ მიერ, EPP-ის მიერ ამ კვირას დაიბლოკა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესახებ მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ UNICEF-ის მონაცემებით 2000-ზე მეტი ბავშვი იძულებულია აქ იმუშაობს ქუჩებში. ევროპის სახალხო აპრტია აპირებს ბათუმში ღონისძიების ჩატარებას, რაც, შესაძლოა, განხილულ იქნას, როგორც EPP-ის მხრიდან სააკაშვილის პარტიის დახმარების მცდელობა, მაგრამ ჩვენი საპარლამენტო ვალია დემოკრატიის დაცვა, ჩვენ კი ამ მხრივ ყველა ღონეს არ ვხმარობთ. გამოდის, რომ მხოლოდ ერთ პარტიას განვიხილავთ წინასაარჩევნოდ, სხვადასხვა სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ.”

ფრანგმა დეპუტატმა არნო დანჟანმა და “ევროპის სახალხო პარტიის” წარმომადგენელმა ევროპარლამენტში, განაცხადა:

“ძალიან გაოცებული ვარ, რომ საქართველო დგას დღის წესრიგში. აშკარაა, რომ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში ფრიად თვალსაჩინო ფიგურები მონაწილეობენ.

ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დადებული შეთანხმება დაარღვია, რომ რუსეთის სამხედრო წვრთნები დაიგეგმა ოქტომბრისთვის, როცა საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუმცა აქ საუბარია იმაზე, რომ არჩევნებში ოლიგარქი მიიღებს მონაწილეობას.

თქვენ გაიხსენეთ რამდენიმე რეზოლუცია, რომელშიც დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების შექმნას ვუჭერთ მხარს, ასევე, ძლიერ და ნდობით აღჭურვილ ოპოზიციას. მას კი ნდობას ვერ მოუპოვებს ოლიგარქის მილიონობით დოლარი. ეს არც სამოქალაქო საზოგადოებას მოუტანს დამოუკიდებლობას. რა თქმა უნდა, ამით ბატონ სააკაშვილს არ ვაძლევთ კარტ ბლანშს, მაგრამ ოლიგარქისათვის კარტ ბლანშის მიცემა მე პირადად კიდევ უფრო საშიშად მეჩვენება.”

ესტონელმა დეპუტატმა კრისტინა ოულანდმა, რომელიც ევროპარლამენტში წარმოადგენს “ევროპის ლიბერალ-დემოკრატების ალიანსს”, განაცხადა:

“არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანისათვის დიდი გამოწვევაა. მინდა მაინც გავიზიარო ჩემი კოლეგების კითხვა, რატომ ვმართავთ ამ დებატებს ახლა აქ, მაგრამ არჩევნებისას პატიოსანი კონკურენცია მნიშვნელოვანია. თავი უნდა ავარიდოთ სიძულვილის ენაზე ლაპარაკს.

მტკიცედ გვჯერა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოში თავს აარიდებს პოლიტიკის ქუჩაში გადატანას, რასაც თან შეიძლება მძაფრი შეტაკებები მოჰყვეს. ამავე დროს, რუსეთი სამხედრო წვრთნებისთვის საკუთარ ძალებს საქართველოს საზღვართან მოუყრის თავს და ნუ დაგვავიწყდება, რომ მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.

საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, მხარი უნდა დავუჭიროთ მის მისწრაფებას ევრო და ტრანსატლანტიკურ ინსტიტუციებში ინტეგრაციისადმი, მთავრობას უნდა დავეხმაროთ, განაგრძონ რეფორმების გატარება. მხარი უნდა დავუჭიროთ მის კონსოლიდირებას ევროპასთან პარტნიორობისათვის.”

ბრიტანელმა დეპუტატმა ჩარლზ ტანოკმა და “ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ფრაქციის” წევრმა განაცხადა:

“სააკაშვილი უკვე ორი ვადით იყო არჩეული და წარმატებით გაართვა თავი საპრეზიდენტო მოვალეობას. მიუხედავად 2008 წლის ომისა, მან მოლაპარაკებების და შეთანხმებების საფუძველზე მოახერხა ქვეყნის ევროკავშირთან და ასევე ნატოსთან დაახლოება. რეკორდს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლასა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებაში; ბრძნული ნაბიჯი იყო ვანო მერაბიშვილის პრემიერ მინისტრის პოსტზე დანიშვნა, მან ამჟამინდელი ადმინისტრაციის რეფორმირებაც უნდა მოახდინოს.

მათ კონკურენციას გაუწევს ბიძინა ივანიშვილი, პარტია „ქართული ოცნების“  ლიდერი და სხვა ოპოზიციური ძალები მოახლოებულ ოქტომბრის არჩევნებზე. ვიმედოვნებთ, კავკასიის ეს მცირე ქვეყანა მოახლოებულ არჩევანზე დემოკრატიას დაიცავს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის დარჩება. ვიმედოვნებთ, ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია არჩევნებზე სათანადოდ იმუშავებს, რომ ამ ლამაზ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.”

“ევროპის სახალხო პარტიის” წარმომადგენელმა და ესტონელმა დეპუტატმა ტუნნე ქელამმა განაცხადა:

“ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, რა თქმა უნდა, ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიული პროგრესისათვის. ის, აგრეთვე, ტესტი იქნება ევროკავშირის პოლიტიკისათვის საქართველოს მიმართ. ახლა, როცა საქართველო მართლაც ახლოა ევროკავშირთან, გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, თითქოს არავითარ გარე ზემოქმედებას არ აქვს ადგილი, რომ საქართვლო უკან დააბრუნონ და  ევროპისკენ მიმავალ კურსს ააცილონ.

ქვეყანაში არნახული ქონებისა და ფინანსების გამოჩენა ლეგიტიმური შეშფოთების მიზეზია. ლიდერი ივანიშვილი სრულებით შემთხვევით ყოფილა ისეთი დიდი კომპანიების მეწილე, როგორიცაა “ლუკოილი” და “გაზპრომი”. მე ვფიქრობ, მეტი მაგალითების მოყვანა აღარაა საჭირო, რომ მივხვდეთ, ვის მხარესაა იგი.

რაც ევროკავშირს შეუძლია გააკეთოს, ისაა, რომ დაჟინებით მოითხოვოს მოსკოვში მიღწეული შეთანხმების დაცვა, ხოლო მონიტორებს მიეცეთ საშულება ოკუპირებულ ტერიტორიებზეც შევიდნენ სადამკვირვებლო მისიით; უნდა მივაღწიოთ იმას, რომ  ევროკავშირისადმი ნდობა შენარჩუნდეს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი