ახალი ამბები

კობახიძე: მომავალი პარლამენტი ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას მიიღებს

13 ოქტომბერი, 2016 • 2065
კობახიძე: მომავალი პარლამენტი ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას მიიღებს

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მომავალი პარლამენტი იმსჯელებს, ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება იქნება.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “ინტერVIEW” განაცხადა.

“ამ ინიციატივასთან დაკავშრებით ჩვენი პოზიცია თავის დროზე გაჟღერდა, პრემიერმა გააკეთა შესაბამისი განცხადება და ჩვენს დღის წესრიგში დგას ამ კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა და, შეაბამისად, შემდეგ მიღება. ეს იქნება ერთ-ერთი კონსტიტუციური ცვლილება, რომელზეც იმსჯელებს შემდეგი პარლამენტი,”- განაცხადა მან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილების მაინცდამაინც ახლა მიღება, კობახიძეს აქვს იგივე არგუმენტი, რა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს – ამ საკითხზე სპეკულაციების გამორიცხვასთან დაკავშრებით.

“ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ  სპეკულაციის საგანი გახდა, სამწუხაროდ, ეს კონკრეტული სამართლებრივი ასპექტი. იმისათვის, რომ არავის მივცეთ სპეკულირების საშუალება, შესაძლებელია, რომ კონსტიტუციით განმტკიცდეს ის ჩანაწერი, რომელიც გვაქვს სამოქალაქო კოდექსში. ეს თემა იყო მუდმივი სპეკულირების საგანი… ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ჩვენს კანონმდებლობას უკვე აქვს გამოხატული თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ქორწინება არის განმტკიცებული, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. აქ საუბარია მხოლოდ დამატებით კონსტიტუციაში განმტკიცებაზე იმ ჩანაწერისა, რომელიც უკვე არის ჩადებული სამოქალქო კოდექსში,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინიციატივით, რომ ოჯახი განსაზღვრულიყო, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, 2014 წელს პრემიერი ღარიბაშვილი გამოვიდა. 2016 წელს საინიციატივო ჯგუფმა 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერის მქონე მოთხოვნით მიმართა პრეზიდენტს, გამართულიყო რეფერენდუმი შეკითხვით: თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“. პრეზიდენტმა ამ რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი განაცხადა. პრეზიდენტის უარს არ დაეთანხმა საქართველოს მთავრობა და პრემიერმა განაცხადა, რომ ამ ცვლილებას კონსტიტუციაში ახალი პარლამენტი შეიტანდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი